ბრზანება N 18784
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18784
19 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 21 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 13 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №73) განიხილა შპს „----“ (ს/ნ ----) 2026 წლის 21 ივლისის №103563/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №----- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის დაბეგვრას მოგების გადასახადით. აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ ნამდვილად არის გადარიცხული ავანსი მიმდინარე წლის იანვრის თვეში და აღნიშნული გადარიცხვის შესაბამისი საქონელიც მიღებულია მარტში, შესაბამისად დაფარულია ხსენებული ავანსი. ინფორმაცია მიწოდებულ იქნა შემმოწმებლებზე, თუმცა შემოწმების ბრძანება არ ითვალისწინებდა მარტის თვის საანგარიშო პერიოდის შემოწმებას. განმარტავს, რომ საბაჟო დეკლარაციებში მომწოდებელი უმეტესად მოხსენიებულია როგორც ჩინეთის რეზიდენტი და საბანკო გადარიცხვებშიც ფიგურირებს ჩინეთი, ბოლო დეკლარაციაში კი ნახსენები იყო -----, რაც გაურკვევლობის საბაბი გახდა, თუმცა იმ მოტივით, რომ საქონელი კომპანიას უნდა მიეღო მოკლე დროის პერიოდში, აგრეთვე არ ხდებოდა რაიმე ფარული განზრახვით ოფშორში თანხების გადარიცხვა (ყველა გადახდა უკავშირდება საქონლის შეძენას, რომელიც შემდგომში ბაჟდება საქართველოში კანონმდებლობის შესაბამისად), ხსენებული ავანსი არ აისახა მოგების გადასახადის დეკლარაციაში. ამასთან, შემოწმების შემდეგ პერიოდებზე ყველა საავანსო გადარიცხვა ხსენებულ კონტრაგენტთან ასახულია და დაბეგრილია კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 აპრილის №7612 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი სექტემბრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივლისის №14948 ბრძანება და ამავე თარიღის №006-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 237 391 ლარი, მათ შორის გადასახადი 112 794 ლარი, ჯარიმა 112 794 ლარი და საურავი 11 803 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტრო სქროლების (ელექტრო სკუტერების) გაქირავება. კომპანია იყენებს შპს „-----“ აპლიკაციას. შპს ,-----“ და შპს „-----“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „-----“ უზრუნველყოფს პარტნიორისთვის საშუამავლო მომსახურების გაწევას, რაც გამოიხატება აპლიკაციის ლიცენზიის გაცემაში. აპლიკაცია - შპს „-----“ მობილური აპი (ან მობილური აპლიკაცია) არის პროგრამა, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად მომხმარებლისთვის, რათა უზრუნველყონ თვითგორიით დროებითი სარგებლობა (ქირაობა) შესაბამისი ტარიფის საფუძველზე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს „-----“ მიერ შუამავალი რგოლის მეშვეობით პარტნიორის სერვისის ხელშეწყობა და აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელი მომსახურების მიწოდება მომხმარებლის სასარგებლოდ. ანგარიშსწორება ხორციელდება შემდეგი წესის მიხედვით: მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხების აკუმულირება მოხდება შპს „-----“ საბანკო ანგარიშზე, რომელიც როგორც ანგარიშსწორების შუამავალი, კომპანია თავის მხრივ უზრუნველყოფს ჩარიცხული თანხიდან 7%-ის დაკავებას, ხოლო დარჩენილი გამომუშავებული თანხის პარტნიორისთვის გადაცემას. გადამხდელი სრულად აღრიცხავს მიღებულ შემოსავალს, შემოსავლის 7%-ის ოდენობით, როგორც საკომისიო მომსახურების საფასური, შპს „------“ გასცემს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადამხდელი ამცირებს დასაბეგრ ბრუნვას ანგარიშ-ფაქტურაში ასახული თანხის ოდენობით. შპს „------ს“ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის 14 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2023 წლის 30 აპრილს. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საქონლის იმპორტს. საქონლის შესაძენად ოფშორულ ქვეყანაში, კერძოდ, ------ საბანკო ანგარიშსწორების გზით გადარიცხული აქვს ავანსი. შესამოწმებელ პერიოდში ოფშორში გადახდილი ავანსის დარჩენილი ნაწილი არ არის დაფარული საქონლის მიწოდებით/იმპორტით, გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული ოფშორში გადახდილი ავანსები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა.
ამავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების თანახმად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები, რომლის/რომელთა საგადასახადო კანონმდებლობით: ა) იურიდიული პირი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან;
ბ) იურიდიული პირის მიერ მიღებულ ან/და განაწილებულ მოგებაზე დაწესებული არ არის მოგების გადასახადი ან მოგების გადასახადის განაკვეთი საქართველოში არსებული მოგების გადასახადის განაკვეთის 1/3-ს არ აღემატება.
ხოლო, თუ, უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის ცალკეული ტერიტორიების საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიმე იურიდიული პირის მიმართ ადგილი აქვს ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევას, აღნიშნული ქვეყანა ან/და ქვეყნის ცალკეული ტერიტორიები ამ ნაწილში ითვლება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, იმ ქვეყნების ან/და ქვეყნების ცალკეული ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად ითვლება, ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
„შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული ჩამონათვლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანად განიხილება -----.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს საქონლის შესაძენად ოფშორულ ქვეყანაში, კერძოდ, ----- საბანკო ანგარიშსწორების გზით გადარიცხული აქვს ავანსი. შესამოწმებელ პერიოდიში ოფშორში გადახდილი ავანსის დარჩენილი ნაწილი არ არის დაფარული საქონლის მიწოდებით/იმპორტით, საბანკო ამონაწერშიც ფიქსირდება, რომ თანხის მიმღები არის ---- რეგისტრირებული კომპანია (------)). გადარიცხული ავანსის თანხის შესაბამისი რაოდენობის საქონელი გადამხდელს მიღებული აქვს მარტის თვეში, თუმცა შესამოწმებელი პერიოდი მარტის თვეს არ მოიცავდა. გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული ოფშორში გადახდილი ავანსები. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ არ ჰქონია გადასახადების დამალვის მიზანი და წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, ხოლო სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციას, რომ გადასახადის გადამხდელს ----- საბანკო ანგარიშსწორების გზით გადარიცხული აქვს ავანსი. შესამოწმებელ პერიოდიში ოფშორში გადახდილი ავანსის დარჩენილი ნაწილი არ არის დაფარული საქონლის მიწოდებით/იმპორტით, საბანკო ამონაწერშიც ფიქსირდება, რომ თანხის მიმღები არის ----- რეგისტრირებული კომპანია (----)). გადარიცხული ავანსის თანხის შესაბამისი რაოდენობის საქონელი გადამხდელს მიღებული აქვს მარტის თვეში, თუმცა შესამოწმებელი პერიოდი მარტის თვეს არ მოიცავდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, შპს „------“ (ს/ნ ------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №----- საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „-----“ (ს/ნ ----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №006-292 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადახდილი ავანსის დაბეგვრას მოგების გადასახადით.
2.გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმა/საურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტრო სკუტერების გაქირავება, რომელსაც ახორციელებს მობილური აპლიკაციის მეშვეობით შუამავალი კომპანიის საშუამავლო მომსახურებით. ხელშეკრულების საფუძველზე მომხმარებლის მიერ ჩარიცხული თანხები აკუმულირდება შუამავალი კომპანიის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შუამავალი იკავებს მიღებული თანხის 7%-ს საკომისიო მომსახურების სახით და გასცემს შესაბამის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, ხოლო დარჩენილ ნაწილს გადასცემს გადამხდელს. გადამხდელი სრულად ითვალისწინებს მიღებულ შემოსავალს და მიღებული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ამცირებს დასაბეგრ ბრუნვას საკომისიოს ოდენობით. გადამხდელი ახორციელებს საქონლის იმპორტს და საქონლის შესაძენად ოფშორულ ქვეყანაში საბანკო ანგარიშსწორების გზით გადარიცხული აქვს ავანსი. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ოფშორში გადახდილი ავანსის დარჩენილი ნაწილი არ არის დაფარული შესაბამისი საქონლის მიწოდებით/იმპორტით, ხოლო გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული ოფშორში გადახდილი ავანსები. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:97;982;275;