ბრძანება N 812
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 812
29 იანვარი 2025
ბრძანება
შპს „------“ (ს/ნ „------“)
(მის.:„------“)
2024 წლის 27 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) №24536/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 დეკემბრის №007-288 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ნაწილობრივ არის გათვალისწინებული, კერძოდ, პროცენტული დანაკარგი არასწორად არის დაკავშირებული შესყიდულ საქონელზე. ასევე, საერთოდ არ არის გათვალისწინებული აირ-შედუღების ჟანგბადით საჭრელი აპარატით ჭრისას ამონაღვენთი წიდა, ბურღვისას წარმოშობილი ბურბუშელას 3%-იანი დანაკარგი. აცხადებს, რომ რეალიზაციაში ჩართულია ლითონის მასალებით მოწყობილი ე.წ. „სტელაჟები“ და არ არის გათვალისწინებული ყოველწლიური სასაქონლო ნაშთები, რომელიც წარმოდგენილია პროგრამა ორისში. ფულის ნაშთთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ არც ერთ მეწარმეს საქონლის შესაძენი თანხა არ აქვს ბაზრობის ტერიტორიაზე, ყველა თანხას ინახავს სახლში. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8047 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის №007-194 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----- -ს “ (ს/ნ „-------“ ) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი, გაითვალისწინოს შპს „--------“ საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული დანაკარგები (მ.შ. ლითონის ფურცლოვანას დანაკარგზე 12-15%) და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8047 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 5 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 72 148 ლარი, მათ შორის გადასახადი 48 143 ლარი, ჯარიმა 24 005 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 10 დეკემბრის №007-288 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, შპს „------- - ის“ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებამ შეისწავლა წარმოების პროცესში არსებული დანაკარგები. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად მისაღები შემოსავლების განსაზღვრისას მოხდა შესაბამისი ნედლეულის მიხედვით პროცენტული დანაკარგების გათვალისწინება. გადაანგარიშების პროცესში მონაწილეობდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი, ასევე, წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება დანაკარგების ჯართის სახით რეალიზაციის შესახებ. გადაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებამ შეისწავლა წარმოების პროცესში არსებული დანაკარგები და კომპანიის მისაღები შემოსავლების განსაზღვრისას გაითვალისწინა შესაბამისი ნედლეულის მიხედვით პროცენტული დანაკარგების მაჩვენებლები. აღნიშნულის შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები, კერძოდ, შემცირდა როგორც დღგით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:
●ჟანგბადით საჭრელი აპარატით ჭრის და ბურღვისას წარმოშობილი დანაკარგის გათვალისწინებასთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის ანალიზის შედეგად გამოყენებულ იქნა წარმოების პროცესში დანაკარგების ყველაზე ოპტიმალური მაჩვენებლები 13.5% და 35%. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ შპს „------- -ის“ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულია მეორადი ლითონის ნაკეთობებიდან ფურცლოვანი ლითონის მიღებისას ტექნოლოგიური ნარჩენის მოცულობა 30-40%. ხოლო, შემოწმების მიერ შეძენილი ლითონის მასალის გასაყიდ პროდუქტად (ლითონის ფურცლოვანად) დამუშავების შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯამური დანაკარგების საშუალო მაჩვენებელი 35%, რაც მთლიანად მოიცავს ყველა ტიპის დანაკარგს წარმოების პროცესში. ამავე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალი და მეორადი ფურცლოვანი ლითონისგან დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ნახაზით ლითონის ნაწილების დამზადებისას წარმოიშობოდა ნარჩენები 12%-15%-ის ოდენობით. შესაბამისად, შემოწმების მიერ შეძენილი ლითონის ფურცლოვანას დამუშავების საწარმოო პროცესში გამოყენებულ იქნა ექსპერტიზის დასკვნის მაჩვენებლის საშუალო 13.5%-იანი დანაკარგი. შემოწმების მიერ, შეძენილ საქონელზე მისადაგებულ იქნა შესაბამისი დანაკარგების ნორმა. აგრეთვე, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის რეალიზაციის 70%-ს წარმოადგენდა დამუშავებული ლითონის ფურცლოვანა და არა რაიმე დამზადებული რკინის ნაკეთობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით რაიმე ტიპის დანაკარგების გათვალისწინება შემოწმების მიერ არ არის მიზანშეწონილი.
● შემოწმების მიერ შეძენა-რეალიზაციის და საწყისი/საბოლოო სასაქონლო ნაშთების განსაზღვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ დეტალურად იქნა გავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი. შემოწმება შეძენისა და რეალიზაციის რაოდენობის და თანხობრივი მაჩვენებლების გაანგარიშებისას დაეყრდნო პირველად საგადასახადო დოკუმენტებს და არა კომპანიის ბუღალტრულ ჩანაწერებს. რაც შეეხება სასაქონლო ნაშთებს, ნაშთების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ და ის შესაბამისობაში იყო შეძენა-რეალიზაციის მაჩვენებლებთან და ბუღალტრულ ჩანაწერებთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ს “ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ,ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებამ შეისწავლა წარმოების პროცესში არსებული დანაკარგები. შემოწმებით, გადამხდელის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად მისაღები შემოსავლების განსაზღვრისას მოხდა შესაბამისი ნედლეულის მიხედვით პროცენტული დანაკარგების გათვალისწინება. გადაანგარიშების პროცესში მონაწილეობდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი, ასევე, წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება დანაკარგების ჯართის სახით რეალიზაციის შესახებ. გადაანგარიშების შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).