გადაწყვეტილება №19442/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19442/2/2023
09 ივნისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------- (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 18.04.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19442/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა;
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №042-25 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7529 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 277 418,02 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 185 625,79
დღგ - 39 996
მიწის გადასახადი (სასოფლო) – (-42,96)
საშემოსავლო გადასახადი - 145 451,75
ქონების გადასახადი - 221
ჯარიმა - 68 496,3
საურავი - 23 295,93
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №042- 25 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7529 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 640 844 ლარს. მეწარმის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში დღგით დასაბეგრი ოპერაციების გაანგარიშება ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატის ან საბანკო ტერმინალის მაჩვენებლებით, ასევე პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით (ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში)
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე (სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები), პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები, მიღება-ჩაბარების აქტები) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს ჯამურად 1 863 058 ლარს. შემოწმებით დადგენილი სხვაობით (222 212 ლარი) გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების დროს აუდიტორი დაეყრდნო ბუღალტრულ ჩანაწერებს, თუმცა, გამოყვანილი შედეგი ბუღალტრულ ჩანაწერებით არ დასტურდება. მომჩივანი ითხოვს დამატებით მიეცეს საშუალება აუდიტორთან ერთად გაიაროს დეტალურად აღნიშნული საკითხი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭო მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 640 844 ლარს. ხოლო შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს ჯამურად 1863058 ლარს. შემოწმების შედეგად, დადგენილი სხვაობით (222 212 ლარი) გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება.
საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი დავის წარმოების ეტაპზე ვერ წარმოადგენს მისი არგუმენტაციის შესაბამის დოკუმენტურ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელი პერიოდის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ების ხარჯი შეადგენს 423 221 ლარს (მეწარმეს 2021 წელზე წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე (ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები), პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები, მიღება-ჩაბარებები) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ების ხარჯი შეადგენს 1 225 087 ლარს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105- ე მუხლის გათვალისწინებით, 801 866 ლარით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ხარჯი.
შესამოწმებელი პერიოდის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯების ღირებულება შეადგენს ჯამურად 60 ლარს (მეწარმეს 2021 წელზე წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით). შემოწმების შედეგად პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (იჯარის ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები, მიღება-ჩაბარების აქტები) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯების ღირებულება შეადგენს 36 740 ლარს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, 36680 ლარით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯების ღირებულება
შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი 2021 წლის ნოემბრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის მიხედვით დეკლარირებული ხელფასი და სხვა განაცემები შეადგენს ჯამურად 300 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). მეწარმეს აღნიშნულ დეკლარაციაში საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის დანართში უფიქსირდება გაცემული ხელფასი 85 000 ლარი, რომელზეც მონიშნულია 0%- იანი განაკვეთი.
პირველად დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ხელფასი და სხვა განაცემები შეადგენს ჯამურად 110 300 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). მეწარმეს არ აქვს დეკლარირებული ი/მ ---------- გადახდილი თანხა 85 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). გადამხდელის განმარტებით თანხის გადახდა განხორციელდა მუშა ჯგუფის უფროსზე როგორც გაწეული მომსახურების ანაზღაურება, შესაბამისად თანხის დაბეგვრა არ განხორციელდა. შემოწმების მიმდინარეობისას გამოიკითხა ი/მ ----------, რომლის განმარტებით იგი წარმოადგენდა სხვა ხელოსნებთან ერთად გადამხდელის დაქირავებულ თანამშრომელს, ხოლო ყველა დაქირავებული ხელოსნის თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მის საბანკო ანგარიშზე და მან მოახდინა თანხების განაწილება. ასევე, გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული არამეწარმე ფიზიკურ პირზე სამშენებლო მომსახურებისთვის გადახდილი თანხა 3 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საგადასახადო კოდექსის 81-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, ი/მ ---------- და არამეწარმე ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა 88 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შესამოწმებელი პერიოდის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული გაცემული ხელფასის ხარჯი ჯამურად შეადგენს 2 592 ლარს (მეწარმეს 2021 წელზე წარმოდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით). შემოწმების შედეგად, პირველად დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასის ხარჯი ჯამურად შეადგენს 181 663 ლარს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, მიღებული სხვაობით 179 071 ლარის ოდენობით გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასის ხარჯი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას 2022 წლის მიმდინარე გადასახდელის შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ების ხარჯის 801 866 ლარით გაზრდას. მიუთითებს, რომ შემოწმებას საბუღალტრო პროგრამაში ასახული ხარჯები სრულად არ აქვს გათვალისწინებული, კერძოდ, 2021 წელს გამოსაქვით ხარჯებში არ არის გათვალისწინებული საკუთარი წარმოებისთვის (შენობა-ნაგებობა, ფერმისთვის შეძენილი ძირითადი საშუალებები) გაწეული ხარჯები/შეძენილი მომსახურება, რომელიც შეადგენს 163 084 ლარს. კერძოდ: მომსახურების ანაზღაურება 3 575 ლარი; საკუთარი წარმოებისთვის (დაუმთავრებელი მშენებლობა) გაწეული ხარჯი 51 619 ლარის ოდენობით; ფერმის მოსაწყობად განკუთვნილი ძირითადი საშუალების ღირებულება 107 890 ლარის ოდენობით. ასევე არ არის გათვალისწინებული ბანკის საკომისიო 1 511 ლარის ოდენობით, საიჯარო ქირა 2 400 ლარის ოდენობით, მომსახურების ხარჯი 20 765 ლარის ოდენობით. აცხადებს, რომ ბუღალტრული ჩანაწერებით და პირველადი დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2021 წელს მიღებული მომსახურების ხარჯი შეადგენს 50 138 ლარს, 29 373 ლარი არ მონაწილეობს გამოქვითვებში, კერძოდ: ჭაბურღილის მოწყობა - 20 000 ლარი, საკუთარი წარმოებისთვის ბეტონის შეძენა - 7 700 ლარი, ექსპერტიზისთვის გადახდილი თანხები, რომელიც ეკუთვნოდა სატენდერო სამუშაოებს - 1677 ლარი, სხვა საერთო გამოქვითვები 5774 ლარი. აცხადებს, რომ ბუღალტრული ჩანაწერებით და პირველადი დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2021 წელს მიღებული სხვა საერთო ხარჯები შეადგენს 20 905 ლარს, 15 131 ლარი არ მონაწილეობს გამოქვითვებში. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული ხარჯები დასტურდება დოკუმენტურად.
მომჩივანი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯების 36 680 ლარით გაზრდას. მიუთითებს, რომ შემოწმებას არ აქვს გათვალისწინებული მთელი რიგი ხარჯები, კერძოდ: ბანკის საკომისიო 1 511 ლარის ოდენობით, საიჯარო ქირა 2 400 ლარის ოდენობით, მომსახურების ხარჯი 29 373 ლარის ოდენობით, ასევე ჭაბურღილის მოწყობის, ბეტონის შეძენის, ექსპერტიზისთვის გადახდილი თანხები და სხვა საერთო ხარჯები
მომჩივანი ასევე ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არ დაერიცხოს 2022 წლის მიმდინარე გადასახადი, რადგან 2021 წელთან შედარებით 2022 წლის შემოსავლები 90%-ით შემცირებულია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
3. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავის წარმოების ეტაპზე საჩივარზე დართულია მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. კერძოდ, ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებით მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას 2022 წლის მიმდინარე გადასახდელის შემცირებასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები.
3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2022 წლის №042-25 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 68 496,3 ლარი და საურავი - 23 295,93 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 291-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას და სანქციებისაგან გათავისუფლებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სახელფასო განაცემების და არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაუკავებლობის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ქონების გადასახადის ნაწილში, ერთობლივი შემოსავლის გაზრდის შედეგად საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, სახელფასო ხარჯის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7529 ბრძანება;
3. მე-2 დავის საგანთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება:
1.დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერებას.
2.ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას;
3.სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე. შემოწმებით დადგენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით, შესამოწმებელი პერიოდშის დაფიქსირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები; 2021 წლის ნოემბრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის მიხედვით მეწარმეს საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის დანართში უფიქსირდება გაცემული ხელფასი, რომელზეც მონიშნულია 0%-იანი განაკვეთი. შესაბამისად, თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა დავის წარმოების ეტაპზე ვერ წარმოადგიანა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებით მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 105; 154; 275; 291; 269(7); 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოექს- 161