ბრძანება N 19450
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19450
27 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 23 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2024 წლის 23 აგვისტოს №91608/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ივლისის №044-12 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას. აცხადებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1982 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1982 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 26 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 7 228 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 811 ლარი, ჯარიმა 2 417 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 29 ივლისის №044-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საწვავის ხარჯების არაპირდაპირ განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ მოხმარებული საწვავის მოცულობა და ღირებულება. შესწავლისას გამოყენებულ იქნა: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა სატვირთო ავტომობილის საწვავის წვის ნორმის შესახებ, საწვავის ფასების სტატისტიკა რუბლში ელექტრონული მისამართის ---------- - ის მეშვეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსების სტატისტიკა. ტრანსპორტირების მანძილის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტრანსპორტირების დაწყების ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო დასრულების მისამართი აღებულ იქნა იმპორტირებული საქონლის საბოლოო მომხმარებლის მისამართამდე ტრანსპორტირების ადგილი. ელექტრონული მისამართის ---------- - მეშვეობით განისაზღვრა პუნქტებს შორის მანძილი და გადაადგილების ორმხრივი მიმართულების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გავლილი მანძილი, მასთან ერთად მოხმარებული საწვავის მოცულობა და ღირებულება ლარში (25 705 ლარი). „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტისათვის არ იყო წარდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და საწვავის ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, დაკორექტირდა გამოსაქვითი ხარჯის ანგარიში და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად ჩაითვალა არაპირდაპირ გაანგარიშებული საწვავის ხარჯის 75%. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში და შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხა. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადი შემცირდა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას. აცხადებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხა. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადი შემცირდა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).