გადაწყვეტილება №19630/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19630/2/2023
18 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 8.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19630/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.10.2022 წლის №021-102 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7323 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 074 909 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 537 782
დღგ - 127 919
მოგების გადასახადი - 303 976
საშემოსავლო გადასახადი - 105 887
ჯარიმა - 293 162
საურავი - 243 965
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 17.07.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა რომ:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული ინფორმაციის ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს რიგ მიღება-ჩაბარების აქტებზე არ აქვს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მიღებული აქვს, როგორც საკომპენსაციო თანხები, ასევე გაფორმებული აქვს მიღება-ჩაბარების აქტები. შემოწმების პროცესში გაანალიზდა კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზაში არსებული მონაცემები, ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე გაანგარიშდა მომჩივნის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გამოვლინდა სხვაობა და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და საბანკო ამონაწერების მიხედვით, მომჩივანს უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე გადარიცხვები/გადახდები, რომელთა შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით არ ფიქსირდება არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და არც შემოწმების პროცესში წარუდგენია გადასახადის გადამხდელს. საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 982 და 72-ე მუხლებზე დაყრდნობით, გაანგარიშდა მოგების გადასახადი და კომპანიას დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 მარტის №21-14/33528 წერილით გადასახადის გადამხდელისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. გადამხდელმა წარადგინა საბანკო ანგარიშების ამონაწერები და შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით არასრული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები. იმავე დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გატანილი თანხების ნაწილობრივ უკან დაბრუნება იმავე საბანკო ანგარიშზე ფიქსირდება, თუმცა ძირითადად არ არსებობს შესაბამისი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ან სხვა ანგარიშზე შეტანის ფაქტები. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციისა და საბანკო ამონაწერების მონაცემის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა ფულის მოძრაობა (გონივრული საკასო ხარჯის 10%-ის გათვალისწინებით). შემოსავლების სამსახური 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3-ის მიხედვით, გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარუდგენლობის შემთხვევაში, სალაროს ნაშთი (გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით) ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან (გონივრული ვადის გათვალისწინებით) მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თარიღის ჩათვლით) საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 982 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით მომჩივანს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 17.12.2021 წლის №39046 ბრძანება და ამავე თარიღის №021- 190 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანება 5.05.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.07.2022 წლის №16526/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 68 840 ლარი, მათ შორის გადასახადი 45 426 ლარი (მოგების გადასახადი 42 434 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 2 992 ლარი) და ჯარიმა 23 414 ლარი.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2022 წლის №26706 ბრძანება და 21.10.2022 წლის №021-102 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 6.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2023 წლის №7323 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად/გადახდად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია მხოლოდ ფიზიკური პირების ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ვინაიდან, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა, ხოლო სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა კრედიტორებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები და ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც შემცირდა დარიცხული თანხები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ბრძანებით დადგენილ ვადაში მოხდა ნაწილობრივ დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო დანარჩენთან დაკავშირებით შემმოწმებელ ორგანოს განემარტა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა დოკუმენტაციის სრულად წარდგენა და მომხდარიყო მათი გათვალისწინება. წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად (არასრულად) მოხდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება და 8.11.2022 წელს ჩაბარდა სადავო აქტები, რომლის მიხედვითაც კომპანიას ჯამში შეუმცირდა 68 840 ლარი.
კომპანია სრულად ეთანხმება გადაანგარიშებას თუმცა, დარჩენილ დარიცხვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ საჩივარში იყო წარდგენილი. ასევე, გადაანგარიშებით ვერ ახერხეს იმის დადგენას წარდგენილი დოკუმენტაციიდან რომელი დოკუმენტების გათვალისწინება მოხდა და რომლის არა. კომპანიის მიერ დღესაც მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიება კერძოდ იმ პირებთან დაკავშირება, რომლებიც მეწარმეები არიან და მათზე გაცემული თანხები საშემოსავლო გადასახადითაა დაბეგრილი, ასევე კომპანიის მიერ ხელზე გაცემული თანხების ხარჯის დასადასტურებლად ხდება იმ მცირე მეწარმეებთან დაკავშირება, რომელთათვისაც თანხებია გადახდილი. ზემოთ ხსენებულ პირებთან დაკავშირებას ართულებს ის გარემოება, რომ საქმიანი ურთიერთობების შემდეგ გასულია დიდი პერიოდი, ასევე ნაწილს დატოვებული აქვს ქვეყანა და დროდადრო ახდენენ ქვეყანაში შემოსვლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს ნება დამატებით წარადგინოს ყველა იმ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარებები და მეწარმეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აღნიშნულის წარდგენის შემდეგ ითხოვს მოხდეს გადასახადებისა და მასზე გაანგარიშებული საჯარიმო სანქციებისა და საურავების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანებით პირველ, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის დასკვნაში მითითებულია შემდეგი:
პირველი დავის საგანი - დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესწავლის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
მე-4 დავის საგანი - ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად/გადახდად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია მხოლოდ ფიზიკური პირების ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. რამდენადაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
მე-5 დავის საგანი - სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა კრედიტორებთან ურთიერთშედარების აქტები და ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, შემცირდა შემოწმებით საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებული თანხები.
მომჩივნის განმარტებით, კომპანია სრულად ეთანხმება გადაანგარიშებას თუმცა, დარჩენილ დარიცხვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ საჩივარში იყო წარდგენილი. ასევე, ვერ ახერხეს იმის დადგენას წარდგენილი დოკუმენტაციიდან რომელი დოკუმენტების გათვალისწინება მოხდა და რომლის არა. კომპანიის მიერ დღესაც მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოძიება იმ პირებთან დაკავშირება, რომლებიც მეწარმეები არიან და მათზე გაცემული თანხები საშემოსავლო გადასახადითაა დაბეგრილი, ასევე კომპანიის მიერ ხელზე გაცემული თანხების ხარჯის დასადასტურებლად ხდება იმ მცირე მეწარმეებთან დაკავშირება, რომელთათვისაც თანხებია გადახდილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს ნება დამატებით წარადგინოს ყველა იმ პირებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარებები და მეწარმეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აღნიშნულის წარდგენის შემდეგ ითხოვს მოხდეს გადასახადებისა და მასზე გაანგარიშებული საჯარიმო სანქციებისა და საურავების შემცირება.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს საკმარისი დრო ჰქონდა დოკუმენტაციის წარსადგენად (შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანებას გაეცნო 15.04.2022 წელს) და აღნიშნულ პერიოდში მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი და გათვალისწინებულია, ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 17.07.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 17.12.2021 წლის №39046 ბრძანება და ამავე თარიღის №021- 190 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.01.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანება 5.05.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.07.2022 წლის №16526/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 68 840 ლარი, მათ შორის გადასახადი 45 426 ლარი (მოგების გადასახადი 42 434 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 2 992 ლარი) და ჯარიმა 23 414 ლარი. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2022 წლის №26706 ბრძანება და 21.10.2022 წლის №021-102 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 6.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2023 წლის №7323 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9117 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").