ბრძანება N 18391
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 18391
07/06/2019
სს -----
(მის: ქ.---------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 04 აპრილისა და 16 მაისის სხდომებზე (ოქმები N20 და N31) განიხილა სს ----- საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის N094-327 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
საჩივარში აღნიშნული სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას და განმარტავს, რომ აღნიშნული ქონება არ წარმოადგენს არც ძირითად საშუალებას და არც საინვესტიციო ქონებას და მიეკუთვნება სხვა უძრავ ქონებას“, რომელიც დასაკუთრებულია ბანკის მიერ მსესხებლისათვის ვადაში დაუფარავი დავალიანების დაფარვის მიზნით და არის არაჯანსაღი აქტივი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N23707 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 31 დეკემბრის N39715 ბრძანება და ამავე თარიღის N094-327 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 27706.21 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 17178 ლარი, ჯარიმა 8981 ლარი, საურავი 1547.21 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ 2012 წლის 18 მაისს ვალის სანაცვლოდ საზოგადოების სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით დგინდება, რომ სავალო დავალიანება შეადგენდა 302 295 ლარს. უძრავი ქონების გადაცემა არის სასყიდლიანი გარიგება სს ----- უარს აცხადებს საკრედიტო დავალიანების მოთხოვნაზე, რაც ჩაითვალა უძრავი ქონების ნასყიდობის ფასში.
სსკ-ის 202-ე მუხლის მიხედვით ქონების გადასახადის გადამხდელია: რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის (40) შესაბამისად საზოგადოებას დაერიცხა ქონების გადასახადის ძირითადი თანხა 3 023 ლარის ოდენობით და დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის 40-ის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობა, ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა: ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. საინვესტიციო ქონება აქტივად უნდა აღიარდეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც: ა) მოსალოდნელია, რომ საწარმო მიიღებს ამ ქონებასთან დაკავშირებულ მომავალ ეკონომიკურ სარგებელს; ბ) შესაძლებელია საინვესტიციო ქონების თვითღირებულების საიმედოდ შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სესხის სანაცვლოდ დასაკუთრებული უძრავი ქონება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის თანახმად ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განხორცეილდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა და გადამხდელის მოთხოვნა ქონების გასახადის დარიცხვის საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო სანქციებთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹-ე ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“
სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით:
„2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:
„2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2² საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.
ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ- ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
3 ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5.აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ 2012 წელს ვალის სანაცვლოდ საზოგადოების სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება. უძრავი ქონების გადაცემა არის სასყიდლიანი გარიგება მხარე უარს აცხადებს საკრედიტო დავალიანების მოთხოვნაზე, რაც ჩაითვალა უძრავი ქონების ნასყიდობის ფასში.
სსკ-ის 202-ე მუხლის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის (40) შესაბამისად საზოგადოებას დაერიცხა ქონების გადასახადის ძირითადი თანხა და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სესხის სანაცვლოდ დასაკუთრებული უძრავი ქონება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განხორციელდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა. გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთნ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სსკ- ის 272-ე და 275-ე მუხლებში N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1,,ა“); 202; 269(21)
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის (40)