გადაწყვეტილება №24058/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24058/2/2024
19 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------ი“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----ის“ 6.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24058/2/2024).
დავის საგანი:
1. მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის მართლზომიერება;
2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2024 წლის №081-157 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2024 წლის № 081-189 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21255 ბრძანება.
2.07.2024 წლის №081-157 საგადასახადო მოთხოვნა
დარიცხული თანხა: 239 123,77 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 141 825
მოგების გადასახადი - 510
საშემოსავლო გადასახადი - 141 315
ჯარიმა - 74 814
საურავი - 22 484,77
16.08.2024 წლის №081-189 საგადასახადო მოთხოვნა
დარიცხული თანხა: 242 312,44 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 141 825
მოგების გადასახადი - 510
საშემოსავლო გადასახადი - 141 315
ჯარიმა - 74 814
საურავი - 25 673,44
პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ხორცით და ხორც-პროდუქტებით. გადამხდელად რეგისტრირებულია 7.06.2020 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის №1644 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2024 წლის 2 ივლისს გამოიცა №15510 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №081-157 საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანების აღსრულების მიზნით 14.08.2024 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №18961 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №081-189 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.09.2024 წლის №21255 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 6.10.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
1. მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 ივლისის №15510 ბრძანება და №081-157 საგადასახადო მოთხოვნა, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც 6.10.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №96476-21-04 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანების ელექტრონულად გაცნობის ფაქტი დაფიქსირებულია 8.08.2024 წელს, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა ამოიწურა 29.08.2024 წელს, საჩივარი დავების განხილვის საბჭოსთვის წარმოდგენილია 6.10.2024 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ გასაჩივრების ვადის განმავლობაში მოქმედებდა ისეთი დაუძლეველი ძალა, რაც საჩივრის შეტანას შეუძლებელს ხდიდა ან არსებობდა სხვა საპატიო მიზეზი, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 იანვრის №1644 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2024 წლის 2 ივლისს გამოიცა №15510 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №081-157 საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, მომჩივანი არ ეთანხმებოდა არაპირდაპირ მეთოდს და მისი გამოყენებით გაანგარიშებული დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავდა, რომ აუდიტორის მითითება თითქოს ვერ ხერხდებოდა საბალანსო ანგარიშზე 7210-ზე ჩამოწერილი საქონლის გაშიფვრა არ შეესაბამებოდა სიმართლეს. რაც ჩამოიწერა 7210-დან, პროგრამა ავტომატურად აღრიცხავდა 6110-ზე და ეს ყოველივე აღრიცხული იყო დასახელებებისა და რაოდენობების ჭრილში. განმარტავდა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იყო გათვალისწინებული საქონლის დამუშავების შედეგად მიღებული დანაკარგი, რომელიც 25%-ზე მეტი (ძვალი, გამოუყენებელი ცხიმი და შრობადობა) იყო. ასევე, მომჩივანი აცხადებდა, რომ აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებით 203%-იანი მოგებით ჰქონდა რეალიზებული ხორცი, რაც აცდენილი იყო რეალობას. მტკიცებულებებად წარდგენილი ჰქონდა ბრუნვითი უწყისები.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „საქონლის სუკის“ ჯგუფის ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაეთვალისწინებინა შესაბამის პერიოდში რადიკალურად მაღალი ფასი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანების აღსრულების მიზნით 14.08.2024 წელს შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმადაც შემოწმების დროს არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების ანგარიშგების შედგენისას ფასნამატის გამოყენება არ მომხდარა, შემოწმებით შედგენილ იქნა სასაქონლო ჯგუფები, საზოგადოებისვე დოკუმენტური რეალიზაციებიდან დადგენილ იქნა აღნიშნული ჯგუფების სარეალიზაციო ფასები თვის ჭრილში და აღნიშნული ფასები გავრცელებულ იქნა გადამხდელის პროგრამიდანვე საცალო რეალიზაციისთვის ჩამოწერილი საქონლის რაოდენობებზე ასევე თვის ჭრილში „საქონლის სუკის“ ჯგუფის სახელით სულ შემოწმების დროს დამატებით გაყიდული იყო რაოდენობრივად 1200 კგ, იმავე თვეში გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული „საქონლის სუკის“ ფასად. აღნიშნული მიწოდებისას საქონლის სუკის რადიკალურად მაღალი ფასი არ ფიქსირდებოდა, საკითხის შესწავლისას საგადასახადო ვალდებულების კორექტირების (შემცირება) საფუძველი არ დამდგარა.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2024 წლის №18961 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №081-189 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.09.2024 წლის №21255 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სადავო საკითხი, თუმცა ვინაიდან „საქონლის სუკის“ მიწოდებისას არ ფიქსირდებოდა რადიკალურად მაღალი ფასი, საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი არ დადგა. ამასთან, გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო ხორცის უდიდეს ნაწილს ყიდულობს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტის მეშვეობით. გადამხდელი აწარმოებს აღრიცხვას ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ მეშვეობით, სადაც აღრიცხვა ნაწარმოებია შემდეგნაირად: შპს „--------ს“ აქვს, როგორც დოკუმენტური, ასევე, დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია. დოკუმენტური რეალიზაციის ნაწილში შესაძლებელია საქონლის იდენტიფიცირება, როგორც 6 110 -ზე თუ რა საქონელი გაყიდა, ასევე, 7 210-ზე, თუ რა საქონელი ჩამოწერა კონკრეტული დოკუმენტით რეალიზაციაზე. ხოლო საცალო რეალიზაციის ნაწილში პროგრამაში 7 210 ანგარიშზე ფიქსირდება რა საქონელი ჩამოიწერა, მაგრამ შემოსავალი აღნიშნული დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან 6 110 ანგარიშზე არ იშიფრება საქონლის ჭრილში და აღრიცხულია მხოლოდ ღირებულებით ფორმაში. აღნიშნული აღრიცხვით დოკუმენტის გარეშე რეალიზაციაზე შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, კერძოდ სმფ-ების ნაშთები, ასევე, სმფ-ების ჩამოწერა/რეალიზაცია არ არის აღრიცხული საქონლის სახეობებისა და რაოდენობის ჭრილში. ასევე, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. შემოწმებით გაანალიზდა საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები და მასთან დაკავშირებული ჩამოწერები და აღმოჩნდა რომ გადამხდელი მთელ შესამოწმებელ პერიოდში ზარალით ყიდდა საქონელს ამ ნაწილში. შემოწმებამ შეადგინა სასაქონლო ჯგუფები, მისივე დოკუმენტური რეალიზაციებიდან დადგინდა აღნიშნული ჯგუფების სარეალიზაციო ფასები თვის ჭრილში და აღნიშნული ფასები გავრცელდა გადამხდელის პროგრამიდანვე საცალო რეალიზაციისთვის ჩამოწერილ საქონლის რაოდენობებზე თვის ჭრილში. აღნიშნული ანგარიშით დამატებით დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 483 244 ლარი. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მთელი საჩივარი ეხებოდა სწორედ ამ საკითხს. მთელი ბრუნვითი უწყისები, საბალანსო ანგარიშები იმიტომ კი არ დაერთო საჩივარს, რომ ნახატად განეხილა ვინმეს, შესასწავლად დაერთო, აუდიტორსაც რამდენჯერ ეთხოვა, რომ საცალო ბრუნვა გაერკვია ამისთვის საკმარისი იყო ერთ ღილაკზე ჩაეწკაპებინა პროგრამაში და ჩაშლილად გამოუჩნდებოდა საცალო რეალიზაციები!
საზოგადოებას აქვს საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც აღრიცხულია საზოგადოების საქმიანობა აბსოლუტურად სწორად. აუდიტორი ბრძანებს, რომ თითქოს ვერ ხერხდება საბალანსო ანგარიშ 7210 -ზე ჩამოწერილი საქონლის გაშიფრვა 6110 საბალანსოზე რეალიზებულად აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. რაც ჩამოიწერა 7210-დან, პროგრამა ავტომატურად აღრიცხავს 6110 -ზე, ანუ რეალიზაციას, თან ეს ყველაფერი აღრიცხულია დასახელებების და რაოდენობების ჭრილში, რაღაცას არასწორად უყურებს აუდიტორი პროგრამაში, ან მონიშვნას არ აძლევს დასახელებასა და რაოდენობაში, რომ უჩვენოს, როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვები.
2022 წელს შეძენა ადგილობრივი ბაზრიდან 345 357 ლარი, რეალიზაცია 281 139, 43 642 ლარი დანაკარგი, რაც ახლავს საქონლის დანაწევრებას, საქონლის ფილედ გაყიდვას, დანაკარგი თითქმის 25 % მეტია, ძვალი, გამოუყენებელი ცხიმი და შრობადობა, რაც გათვალისწინებული არაა აქტში საერთოდ, ეს საკითხი შესაძლებელია შეფასდეს ნებისმიერ საქმის სპეციალისტთან და ექსპერტთან და გაირკვევა თუ რა დანაკარგია მსგავს შემთხვევაში. აღნიშნული აუდიტის სურვილის, თუ არ სურვილის მიუხედავად რეალიზაციად ვერ ჩაითვლება. ამავე 2022 წელს საბოლოო სასაქონლო მატერიალური მარაგი საზოგადოებას ჰქონდა 31 250 ლარი. აღნიშნულ წელს აუდიტი ბიუჯეტის სასარგებლოდ არიცხავს საშემოსავლო გადასახადს 35 363 ლარს ანუ სულ 345 357 ლარის საქონელი შეიძინა, აქედან 31 250 ლარის ნაშთად დარჩა, 314 107 ლარი მთლიანად უდანაკარგოდაც რომ გაყიდულიყო რა ფასნამატით ან მოგებით გაიყიდა ამ წელს ეს საქონელი, რომ 176 815 ლარი მოგება დარჩენილიყო და დაბეგრილიყო 35 363? უფრო მეტად გაუგებარია 2023 წელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული 3 362 ლარი, მაშინ როცა 2023 წელს ყველაზე მაღალი შეძენა-რეალიზაცია აქვს. 1 377 741 ლარი რეალიზაცია, 1 626 924 ლარი შეძენა ადგილობრივი ბაზრიდან, საბოლოო მარაგი 78 507 ლარი, დანაკარგი (ე.წ. ატხოდი) 201 927 ლარი, 2024 წელი შეძენა 158 555 ლარი, რეალიზაცია 148 316 ლარი, დანაკარგი 14 315 ლარი, საბოლოო მარაგი 33 372 ლარი და ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული 102 590 ლარი. 512 950 ლარია აგროსილი და რა ჩაიდინა საზოგადოებამ 2024 წელს სამი თვე ასე რომ "დაისაჯა"? მოკლედ გაანგარიშებები არის სრულად აცდენილი პროგრამას, რეალობას, ხორცის საბაზრო ფასს, დანაკარგის და შრობადობის გაუთვალისწინებლობა ზედ დამატებული და შეკერილია ის აქტი, რაც შეიკერა. რაც შეეხება იჯარას, რომელიც თურმე ბუღალტრული პროგრამითაა გამოვლენილი, სწორადაა გადასახადი დარიცხული აუდიტის მხრიდან, მაგრამ ჩნდება კითხვა 3110 თუ მოხდება დაყრდნობა ბუღალტრულ პროგრამაზე 1610, 6110, 7210 საბალანსო ანგარიშებიც ასევე ზუსტადაა შესული და დამუშავებული პროგრამულად და რატომღაც ვერ ხდება ბუღალტრული მონაცემებით ხელმძღვანელობა. საგამოძიებო სამსახური ამ საქონლის "სუკებს" კი ყიდულობს ინტენსიურად, მაგრამ საქონლის ე.წ. სუკი რომ მიღონ რა დანაკარგი უნდა ჰქონდეს საქონელს ეს სადაა გაანგარიშებული? და შეიძლება არაპირდაპირი მეთოდით სუკის ფასში გაყიდონ მთელი საქონელი, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ დასარიცხი თანხა როგორც შეიძლება მაღალ ნიშნულზე აიყვანონ? ძალიან მარტივი გასარკვევია საბაზრო ფასები ხორცის და ასევე მარტივი მათი ბუღალტრული პროგრამიდან ფასნამატის გამოყვანაც და ფულის ნაშთის გამოყვანაც, რომელიც ---- -------ის "ხელფასად იქნა განხილული. მთელი საქმიანობის პერიოდში სულ 2 130 836 ლარის ხორცი აქვს საზოგადოებას შეძენილი და 706 584 ლარი დასაბეგრი ფული (იგივე მოგება) საიდან მოიტანა ამ ხორცმა იქნებ ვინმემ გაიანგარიშოს. 203 % მოგება მიუღა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ხორციდან, ძალიან ხომ არ არის აღნიშნული აცდენილი რეალობას?
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2024 წლის №18332 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა „საქონლის სუკის“ ჯგუფის ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაეთვალისწინებინა შესაბამის პერიოდში რადიკალურად მაღალი ფასი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 14.08.2024 წლის დასკვნის თანახმად შემოწმების დროს არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების ანგარიშგების შედგენისას ფასნამატის გამოყენება არ მომხდარა, შემმოწმებელთა მიერ შედგენილ იქნა სასაქონლო ჯგუფები, საზოგადოებისვე დოკუმენტური რეალიზაციებიდან დადგენილ იქნა აღნიშნული ჯგუფების სარეალიზაციო ფასები თვის ჭრილში და აღნიშნული ფასები გავრცელებულ იქნა გადამხდელის პროგრამიდანვე საცალო რეალიზაციისთვის ჩამოწერილი საქონლის რაოდენობებზე, ასევე თვის ჭრილში „საქონლის სუკის“ ჯგუფის სახელით სულ შემოწმების დროს დამატებით გაყიდული აღმოჩნდა რაოდენობრივად 1200 კგ საქონელი, იმავე თვეში გადამხდელს დოკუმენტურად რეალიზებული „საქონლის სუკის“ ფასად, აღნიშნული მიწოდებისას საქონლის სუკის რადიკალურად მაღალი ფასი არ დაფიქსირებულა, საკითხის შესწავლისას საგადასახადო ვალდებულების კორექტირების (შემცირება) საფუძველი არ დამდგარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 2024 წლის 14 აგვისტოს დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18332 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის მართლზომიერება;
2. შემოსავლების სამსახურის №18332 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №1644 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15510 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №081-157 საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №18332 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №18332 ბრძანების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის №18961 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №081-189 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.09.2024 წლის №21255 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მოგების და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
ხოლო,აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის №18332 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(10); 301( „ე“); 304(21); 305(1);