გადაწყვეტილება №18897/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18897/2/2023
23.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------------“ (ს/ნ------------ )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 10.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18897/2/2023).
დავის საგანი:
დავის განახლება ახლად გამოვლენილი გარემოების/მტკიცებულების გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.04.2022 წლის №CB1318079 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16761 ბრძანება. დარიცხული თანხა: ჯარიმა (დანაკლისი) - 145 840 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 28 ივლისის №24855 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გამოვლინდა 1 458 400 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით, რაზეც გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 28.04.2022 წლის №CB1318079 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 145 840 (1 458 400*10%) ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16761 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.11.2022 წლის №17185/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 10.02.2023 წელს წარმოადგინა №18897/2/2023 საჩივარი და მოითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის 1 აპრილს შპს „----------“ (ს/ნ --------) დირექტორმა - -----------მა (პ/ნ ----------------) მიმართა შპს „--------ს“ (ს/ნ --------------) (მომჩივანი) წინადადებით, რომ მას გააჩნდა ლიცენზია კარიერზე (ქ. ------------), სადაც ხდებოდა ტეშენიტის ქვის მოპოვება და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მისი შემდგომი რეალიზაცია. რადგანაც შპს „--------------“ სურდა ფინანსური სარგებლის მიღება, მან შპს „------------“ (მომჩივანი) შესთავაზა, შესულიყო საკუთარი ტექნიკით შპს „-------------“ კარიერზე და მოეპოვებინა 20 000 მ.კუბი ტეშენიტის ქვა, ხოლო მოგება განაწილდებოდა ხელშეკრულების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, 2021 წლის 1 აპრილს შპს „----------“ (ს/ნ -------- და შპს „--------ს“ (ს/ნ --------------) (მომჩივანი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება და განისაზღვრა ვადა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, შპს „----------“ (ს/ნ --------) გამოწერა სასაქონლო ზედნადები. შპს „--------ს“ (ს/ნ --------------) (მომჩივანი) დაუყოვნებლივ მოსთხოვა შპს „----------ს“ წარედგინა შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, რათა მის მიერ ტეშენიტის ქვის მოპოვება განხორციელებულიყო კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. მიუხედავად მხარეთა შორის მორიგებისა და შპს „-----ს“ მიერ უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულებისა მან ვერ წარუდგინა შპს „--------ს“ (მომჩივანი) აღნიშნული ლიცენზია. შესაბამისად, შპს „--------ის“ (მომჩივანი) მიერ არ მომხდარა 20 000 მ. კუბი ტეშენიტის ქვის მოპოვება და ვერც მოხდებოდა, რადგან შპს „--------ს“ (ს/ნ --------------) (მომჩივანი) ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა.
მომჩივანი წარმოადგენს -------- საქალაქო სასამართლოს 8.12.2022 წლის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, მიაჩნია, რომ აღნიშნული განაჩენით პირდაპირ დგინდება მომჩივნის მიერ აღნიშნული ქვის მოუპოვებლობა, ამასთან, განსაზღვრულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესულ განაჩენის საფუძველზე მომჩივანი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე დავის განახლებას და სადავო აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის გაცნობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელთან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლინდა დანაკლისი, რაზეც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შეეფარდა ჯარიმა. საბჭომ 11.11.2022 წლის №17185/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაგრამ განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ ახალი გარემოებების გამოვლენის/დადგენის შემთხვევაში, მომჩივანი უფლებამოსილია განაახლოს დავა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ წარმოადგენს ------- საქალაქო სასამართლოს 8.12.2022 წლის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს (საქმე №1-1305-22წ.), სადაც პირდაპირ დგინდება მომჩივნის მიერ აღნიშნული ქვის მოუპოვებლობა. ამასთან, განსაზღვრულია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირიც, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილი დანაკლისისათვის დაკისრებული ჯარიმის და სადავო აქტების გაუქმება.
------ საქალაქო სასამართლოს 8.12.2022 წლის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენის (საქმე №1- 1305-22წ.) მიხედვით, შპს ----- (ს/ნ --------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 4 ნოემბერს. საწარმოს ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი არის ქალაქ --------ში მცხოვრები ----------ი. საწარმოს საქმიანობაა მშენებლობა. ----------მა მის ნათესავს ----------, თხოვნის საფუძველზე, 2021 წლის დასაწყისში გადასცა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე შპს -------ის ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემები. ისარგებლა რა ამ გარემოებით, 1.04.2021 წელს, --------ემ ბუღალტერ -----------ეს (ამ უკანასკნელმა არ იცოდა ოპერაციის სიყალბე და მხოლოდ ტექნიკური სამუშაო შეასრულა) კომპიუტერიდან, ქალაქ --------ში, ელექტრონულად გამოაწერინა და ამ გზით, -----------ემ შპს --------------ის სახელით გამოყენებისა და გასაღების მიზნით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტი - ფიქტიური №ელ------------- სასაქონლო ზედნადები, შპს ----------ის მიერ შპს -----------თვის 20 00 კუბური მეტრის ტეშენიტის ბლოკის 20 000 ლარად ტრანსპორტირების გარეშე თითქოსდა რეალიზაციის შესახებ, ------ რაიონის სოფელ ----------------ში. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე -------------სთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი იქნა განაჩენი.
ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები წარმოადგენენ ობიექტური სინამდვილის იურიდიულ ფაქტებს და არა მომჩივნის დასკვნებს ან არგუმენტებს. ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები მიმდინარე მოვლენები, მოქმედებები, პროცესებია, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა პირისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (--------- საქალაქო სასამართლოს 8.12.2022 წლის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენის (საქმე №1-1305-22წ.)) დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას და შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა გასაჩივრებულ აქტებზე დავის განახლების საფუძველი, უნდა გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.11.2022 წლის №17185/2/2022 გადაწყვეტილება და საჩივარი განხილულ უნდა იქნეს ხელახლა.
საბჭო, გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში იღებს -------- საქალაქო სასამართლოს 8.12.2022 წლის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენით (საქმე №1-1305-22წ.) დადგენილ გარემოებას, რომ შპს ---------ის (ს/ნ --------) მიერ შპს --------თვის (ს/ნ ------------) 20 000 კუბური მეტრის ტეშენიტის ბლოკის 20 000 ლარად ტრანსპორტირების გარეშე რეალიზაცია არ მომხდარა და აღნიშნულ სასაქონლო ოპერაციაზე გამოწერილია ყალბი საგადასახადო დოკუმენტი - ფიქტიური №ელ---------- სასაქონლო ზედნადები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა გასაჩივრებულ აქტებზე დავის განახლების საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (------ საქალაქო სასამართლოს 8.12.2022 წლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი (საქმე №1-1305-22წ.)) შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო სანქციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი ახლად გამოვლენილი გარემოების/მტკიცებულების გამო დავის განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.11.2022 წლის №17185/2/2022 გადაწყვეტილება;
3. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16761 ბრძანება;
4. 18.07.2022 წლის №18897/2/2023 საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული საგადასახადო სანქციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.