ბრძანება N 12637

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.05.2024
№ დოკუმენტი 12637
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12637

30 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“-ის (ს/ნ „------“)

(ფაქტ. მის.: „------“)

2024 წლის 23 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) 2024 წლის 23 მაისის №85029/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №081-80 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გადაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათები, კერძოდ ფიზიკურ პირებზე 1 500 ლარამდე დარიცხული ხელფასის შემთხვევაში გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი თითოეულ ფიზიკურ პირზე 150 ლარის ოდენობით. ასევე, სრულყოფილად არ არის ასახული და გათვალისწინებული მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები და მომუშავე ფიზიკური პირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები (6 000 ლარამდე), ფაქტობრივად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ აღნიშნული კატეგორიის ფიზიკურ პირებზე სულ გაცემულია 35 700 ლარი, გადაანგარიშებაში გათვალისწინებულია მხოლოდ 22 500 ლარი, დარჩენილი 13200 ლარი ექვემდებარება დამატებით გათვალისწინებას. ხელფასების გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გასაცემი ხელფასები ბანკიდან მიღებულ თანხებთან ერთად გამოყენებულია კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. სალაროში არსებული ნაღდი ფული რომელიც გამოყენებული იქნა ხელფასების გაცემაზე შემმოწმებლის მიერ არ არის შემცირებული აღნიშნული თანხა (37 258 ლარი) სალაროს ნაშთის შემცირებაში, შედეგად აღნიშნული თანხა ზედმეტად მოხვდა ანგარიშვალდებულ პირზე არსებული თანხების ნაშთში შემოწმების ბოლოსათვის და შესაბამისად არამართლზომიერად დაიბეგრა იგი საშემოსავლო გადასახადით. ასევე, შემმოწმებელმა არამართლზომიერად არ გაითვალისწინა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით შეძენილი ბარდიულები. ასევე, არ არის გათვალისწინებული შპს „N1“-ზე 2020 წლის 4 მარტს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი 6 600 ლარი. გარდა ამისა, არ არის გათვალისწინებული დამფუძნებლის მიერ 2018-2019 წლებში დამფუძნებლის მიერ კომპანიის საბრუნავი საშუალებების შესავსებად განხორციელებული დროებითი შენატანები. მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. „შპს „-------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 28 971 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 259 ლარი და ჯარიმა 9 712 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 აპრილის №081-80 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინა მტკიცებულებები, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გაანგარიშებები. წარმოდგენილია როგორც ფიზიკური პირისგან შესყიდვის აქტები, ასევე დამატებით გაანგარიშებები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი შემოწმების მიმდინარეობისას. გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლისას, წარმოდგენილია ისეთი ზედნადებები, რომელზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც მითითებულია საქონელი, თუმცა რეალურად წარმოადგენს გარკვეული მასალის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას (მონტაჟი), რომელზეც არ არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. ასევე, საკითხის გადამხდელთან ერთად შესწავლისას, გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასების ნაწილის სალაროდან გაცემულად ჩათვლა. შედეგად დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა მტკიცებულებები, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გაანგარიშებები. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით წარმოდგენილი მასალები შესწავლიალია გადამხდელთან ერთად და შემცირდა დარიცხული თანხები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინა მტკიცებულებები, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გაანგარიშებები. წარმოდგენილია როგორც ფიზიკური პირისგან შესყიდვის აქტები, ასევე დამატებით გაანგარიშებები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი შემოწმების მიმდინარეობისას. გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლისას, წარმოდგენილია ისეთი ზედნადებები, რომელზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც მითითებულია საქონელი, თუმცა რეალურად წარმოადგენს გარკვეული მასალის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას,რომელზეც არ არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. ასევე, საკითხის გადამხდელთან ერთად შესწავლისას, გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასების ნაწილის სალაროდან გაცემულად ჩათვლა. შედეგად დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21)