ბრძანება N 14399
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14399
22.06.2023
სს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ----) 2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა სს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 24 იანვრის №78463/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №081-326 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას ქონების შეფასების ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების თაობაზე. მომჩივნის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად კომპანიას 2018 წლის 27 ივლისს შეერწყა სს „---“. შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა სს „---ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე შეფასების დასკვნა, რომელიც შედგენილია ---- კომპანიის მიერ, თურქულ ენაზე. შემოწმების მიერ აღნიშნული დასკვნის სანდოობა გადამოწმებული არ ყოფილა და აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული ქონების ღირებულების მიხედვით განისაზღვრა როგორც სს „---ს“, ასევე სს „---ის“ საკუთრებაში არსებული ქონებების ღირებულებები, რასაც კომპანია არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ შემმოწმებლის მიერ არამართლზომიერად იქნა გამოყენებული სს ---ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე --- კომპანიის მიერ გამოცემული შეფასების დასკვნა. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სს „---ის“ ქონების შეფასებისას გამოყენებულ იქნა სს „---ის“ ქონების შეფასების დასკვნა, კვადრატული მეტრის ღირებულება გავრცელებულ იქნა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების სრულ მოცულობაზე (20 064 მ 2 ). ამასთან, არამართებულად იქნა განსაზღვრული დასაბეგრი ქონების ღირებულება, კერძოდ, უძრავი ქონება შეფასებულია საბაზრო ღირებულებით, დღგ-ის ჩათვლით. ქონების ღირებულებაში არ უნდა იქნას გათვალისწინებული დღგ და გადასახადის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ქონების ღირებულებაზე დღგ-ის გარეშე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №8831 და 17 ივნისის №15457 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა სს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33236 ბრძანება და ამავე თარიღის №081-326 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 5 264 979 ლარი ქონების გადასახადი მიმდინარე გადასახდელის სახით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №40564 ბრძანების საფუძველზე 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩატარდა თემატური საგადასახადო შემოწმება, როგორც უშუალოდ სს „---გან“ (დამფუძნებელი კომპანიისგან) მიღებული, ასევე, სს „---გან“ (რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია და უძრავი ქონება მიღებული აქვს სს „---გან“) მიღებული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) რეალური ღირებულების მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით. 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2018 წელს საწარმოში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც შერწყმული აქვს სს „---“. 2018 წლის მდგომარეობით საწარმო ფლობდა, როგორც დედა კომპანიისგან მიღებულ 20064.14მ2 ფართობის შენობა-ნაგებობას, ასევე, სს „---გან“ რეორგანიზაციის დროს მიღებულ უძრავ ქონებას. საწარმო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იყენებს თვითღირებულების მეთოდს და გადასახადის გაანგარიშებას ახდენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისგან. შემოწმებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 1მ2 ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული იქნა სს „---გან“ რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული უძრავი ქონების 1მ2 ღირებულება (ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე პირს დასაბეგრი ქონების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. საგადასახადო შემოწმების შედეგების მიუხედავად, გადამხდელი 2019, 2020 და 2021 წლებში კვლავ იყენებს თვითღირებულების მეთოდს. მიმდინარე შემოწმება დაეყრდნო 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო აქტის შედეგებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმების შედეგად, გადამხდელს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“– „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა.
ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996-ის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 -ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობების დაცვით, დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასსა და დადგენილი წესით განსაზღვრულ საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობაზე ქონების გადასახადის ძირითადი თანხის დარიცხვის შემთხვევაში:
ა) დარიცხული ქონების გადასახადის ძირითადი თანხა პირისათვის გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირს აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან;
გ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისგან. ამსთან, საწარმო არ იყენებს გადაფასების მეთოდს. შესაბამისად, მას არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ შემოწმებისას ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 1მ2 ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული იქნა სს „---გან“ რეორგანიზაციის ფარგლებში მიღებული უძრავი ქონების 1მ2 ღირებულება (ქონების შეფასების დასკვნის მიხედვით).
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე წარმოებული საგადასახადო დავის ეტაპზე ანალოგიურ საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ 2022 წლის 21 აპრილის №10242 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით, ის ფაქტი, რომ რეორგანიზაცია განხორციელდა 2018 წელს, რის საფუძველზეც სს „---ს“ შეერწყა სს „---“, არ ცვლის ოპერაციის შინაარს და არ ათავისუფლებს უფლებამონაცვლეს საგადასახადო ვალდებულების შესრულებისაგან, რეორგანიზაციის დროს კი უძრავი ქონების მიღება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც აქტივების შეძენა.
შემოსავლების სამსახურის ამავე ბრძანებით, 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, მიუხედავად საგადასახადო შემოწმების და დავის შედეგებისა, გადასახადის გადამხდელი 2019-2021 წლებში კვლავ იყენებს თვითღირებულების მეთოდს. ხოლო საგადასახადო შემოწმება დაეყრდნო 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო აქტის შედეგებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე პირს დასაბეგრი ქონების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 ( 6); 201 (1,ა); 202 (1,2, 41, ა, 2)
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996-ის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 -ე მუხლი.