გადაწყვეტილება №17171/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17171/2/2022
11.11.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 11.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ 15.07.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17171/2/2022).
დავის საგანი:
1. ვულკანური წიდის საბაზრო ღირებულებით რეალიზაციაში ჩართვა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №002-467 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16692 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 70 124 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 38 715
დღგ - 5 523
მოგების გადასახადი - 32 070
საშემოსავლო გადასახადი - 1 122
ჯარიმა - 19 064
საურავი - 12 345
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა პემზის მოპოვება და მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება.შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2021 წლის №41914 ბრძანება და №002-467 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2022 წლის №16692 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ვულკანური წიდის საბაზრო ღირებულებით რეალიზაციაში ჩართვა და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ფლობდა ორ ლიცენზიას - №--------- და №--------- და ერთ სამშენებლო ობიექტს. ლიცენზია №--------- გასხვისდა 2019 წლის 9 აგვისტოს. შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა ორისი, საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, ფორმა 2-ები საწვავის ჩამოწერები და სხვა დოკუმენტაცია).
დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წიაღისეულის მოპოვება აჭარბებს ბუნებრივი რესურსების ლიცენზიით განსაზღვრულ გეგმას და გადამხდელი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გაანგარიშებას წარადგენს ფაქტობრივი მოპოვების მიხედვით. მოპოვებული, შეძენილი და რეალიზებული წიაღისეულის მოცულობის ანალიზით დადგინდა, რომ სააღრიცხვო მონაცემებში არ ჩანს 1 586 მ 3 -ის წიაღისეულის მიღება/რეალიზაცია.
ვულკანური წიდის აღნიშნული მოცულობა დოკუმენტური სარეალიზაციო ღირებულებით (30 683 ლარი), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2021 წლის თებერვალი) ჩაირთო რეალიზაციაში და საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით.
საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადამხდელს ასევე დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 983 მუხლის მე-2 ნაწილით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მომჩივნის არგუმენტაცია ვულკანური წიდის მოპოვება და რეალიზაცია ხდება შესაბამისი სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შედგენის საფუძველზე. ბუნებრივი რესურსის მოპოვება და რეალიზაცია შეუძლებელია შესაბამისი დოკუმენტის გარეშე, რადგანაც უსაბუთოდ ტრანსპორტირების შემთხვევაში შეუძლებელია, რომ არ დაფიქსირდეს შემოსავლების სამსახურის და გარემოს დაცვის სამსახურების მიერ. რაც შეეხება სხვობას, იგი გამოწვეულია გადამუშავების დროს გაბნევით. რაც ადვილად შეიძლება დადგინდეს მუშა პროცესის დროს დაკვირვებით. გარდა ამისა ვულკანური წიდის ფასი დადგენილია არასწორად, რადგანაც წიდის ღირებულება არის ხუთი ლარი (გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები), ხოლო მას შემდეგ ემატება ტრანსპორტირების და გადამუშავების ხარჯები. რაც რეალიზებული აქვს შედგენილია შესაბამისი გადაზიდვის დოკუმენტაცია. თუ დამატებით ბუნებაში გაბნეული წიდა ითვლება რეალიზაციაში, რატომ ამატებს ტრანსპორტირების ხარჯს. ამასთან გაუგებარია შემოსავლების სამსახურის მსჯელობა „შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საჩივარს თან ერთვოდა სასაქონლო ზედნადებები, რომლითაც დასტურდება წიდის ღირებულება, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული, როგორც აუდიტის დეპარტამენტის, ისე შემოსავლების სამსახურის მიერ. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო, როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.
საგადასახადო ორგანომ მოპოვებული, შეძენილი და რეალიზებული წიაღისეულის ანალიზით დაადგინა, რომ სააღრიცხვო მონაცემებში არ ჩანს 1586 მ 3 მოცულობის წიაღისეულის მიღება/რეალიზაცია. ვულკანური წიდის აღნიშნული მოცულობა დოკუმენტური სარეალიზაციო ღირებულებით, ჩაირთო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს რეალიზაციაში და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, გამოვლენილი ვულკანური წიდის სადავო მოცულობის გადამუშავების დროს გაბნევა არ დასტურდება, ხოლო აღნიშნული საქონელი რეალიზაციაში ჩაირთო მომჩივნის მიერ პირველად საგადასახადო დოკუმენტებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ღირებულებით.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელს სააღრიცხვო მონაცემებში არ ჰქონდა დაფიქსირებული ვულკანური წიდის მოცულობის (1 586 მ 3 ) მიღება/რეალიზაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია აღნიშნული საქონლის დანაკლისის მიწოდებად ჩათვლა, შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრა და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №002-467 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას განესაზღვრა ჯარიმა - 19 064 ლარი და საურავი - 12 345 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით, 275-ე მუხლით და 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 272-ე მუხლით, მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, და აღნიშნა, რომ მომჩივანი ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს მიაჩნია, რომ საგადასახადო სანქციები გამოწვეულია შეცდომით და არ ცოდნით, მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმა-საურავებისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
იანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.