გადაწყვეტილება N18599/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.03.2023
№ დოკუმენტი 18599/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18599/2/2023

2.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------" (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 4.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18599/2/2023).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2022 წლის №261-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31469 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 246 567,02 ლარი.

მათ შორის

გადასახადი - 150 944

დღგ - 76 219

მოგების გადასახადი - 74 725

ჯარიმა - 75 472

საურავი - 20 151,02

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ „საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.12.2019 წლის №42190 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, მომჩივანს გამოუვლინდა 566 708 ლარის დანაკლისი, რაზეც 25.11.2021 წლის №CB1231040 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.02.2022 წლის №3920 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, დაევალა ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისად მიჩნეული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმ ნაწილზე, რომელზეც ფიქსირდება დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი, პირველად საგადასახადო დოკუმენტებში ასახული ფასნამატის გათვალისწინება და აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ფულადი ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

საკითხის დამატებით შესწავლის შემდგომ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობა (566 708.91 ლარი) შემცირდა 67 048.85 ლარით და შეადგინა 499 660 ლარი (საბაზრო ღირებულებით). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელს აღნიშნული დანაკლისის დამატებული ღირებულების გადასახადის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში ასახვა არ განუხორციელებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე) გადამხდელს გაეზარდა დღგ-ის და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა/ბაზა. მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2022 წლის №261-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31469 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი გათავისუფლდა საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.

შემოსავლების სამსახურის 14.12.2022 წლის №31469 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე,275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2022 წლის №261-16 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება დეკლარაციის დაკორექტირების, რაც თავიდან აარიდებს საფრთხეს და ნაშთის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით გადაიხდის არსებულ დავალიანებას. მომჩივნის მიერ დადეკლარირების შემთხვევაში თავიდან აირიდებს აუდიტის დარიცხულ ჯარიმებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით ითხოვდა სანქციებისგან გათავისუფლებას. შემოსავლების სამსახურმა 14.12.2022 წლის №31469 გასაჩივრებული ბრძანებით მიიჩნია, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში და გაათავისუფლა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2022 წლის №261-16 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.

გადასახდის გადამხდელი ითხოვს, რომ მიეცეს დეკლარაციის დაზუსტების საშუალება. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს იმ საკითხზე, რაც სცდება შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსზე და მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.