ბრძანება N 33870
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33870
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 3 და 7 ნოემბრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 3 ნოემბრის №84648/1/2023 და 7 ნოემბრის №84759/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №085-18 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ აუდიტის და მომსახურების დეპარტამენტების გადაწყვეტილების საფუძველზე, განხორციელდა შემოწმებულ პერიოდზე არასწორად მიბმული დღგ-ის დეკლარაციებიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნა. აღნიშნულის საფუძველზე გადამხდელს მიეცა უფლება მოეხდინა შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტება. აცხადებს, რომ დღგ-ის ნაწილში საწარმოს არ გააჩნია დავალიანება, რაც მიუთითებს მის კეთილსინდისიერებაზე ჩადენილი სამმართალდარღვევის მიმართ.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ ოთხ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მასალაზე სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფლობს დოკუმენტებს. აცხადებს, რომ აღნიშნული მასალების შესყიდვა ფიქსირდება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ებში, რაც ექსპერტიზითაც დასტურდება. მიუთითებს, რომ ეს თანხები ბუღალტერიაში აისახებოდა როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები მხოლოდ თანხობრივად შესყიდული მასალების გარეშე. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხები, რითაც განხორციელდა მასალების შესყიდვა და რაზეც არ ფლობს დოკუმენტებს დაბეგრა დივიდენდად და გადაიხადა შესაბამისი გადასახადი. გადამხდელი ითხოვს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მეთოდური მითითება №6 (სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ) მიხედვით, დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს იმ ხარჯებთან მიმართებით, რომლის ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა დასტურდება და ამ ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ არის სადავო და რომელთა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი კომპანიას არ გააჩნია, მაგრამ ეს მასალები ასახულია გადასახადის გადამხდელის სამუშაოების გაწევის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში ფორმა 2-ებში და მათი ნამდვილობა ექსპერტიზით და მიღება-ჩაბარებით დასტურდება, დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად გადამხდელის მიერ გაცხადებული ხარჯის 75% და აღნიშნულის შესაბამისად შემცირდეს გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად დარიცხული დივიდენდის თანხები, ასევე შემცირდეს 25%-ზე მეტი დაბეგრილი უსაბუთო ხარჯებზე გადახდილი მოგების 15% და ძველი პერიოდის დაზუსტებით დარიცხული საურავები.
3. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა ის თანხები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მაისის №9464 ბრძანების საფუძველზე შპს „-------“-ს (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №24989 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 10 ოქტომბრის №085-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 405 700 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 150 302 ლარი, ჯარიმა 132 035 ლარი და საურავი 123 363 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. 2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში პირს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას. 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, ასევე ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, შემოწმების მიერ, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სატენდერო ხელშკერულებების პერიოდებების მიხედვით, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ ავანსის გაცემას და ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსები უკავშირდება კომპანიის მიერ შემდგომ პერიოდებში გაწეულ მომსახურებებს წინასწარ განსაზღვრული პროპორციის მიხედვით. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება და პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტში ინფორმაცია არ არის მოცემული.
3. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ გაცემული სახელფასო განაცემები განსხვავდება მის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული განაცემებისგან. პირის მიერ წარმოდგენილი სახელფასო უწყისების მიხედვით, დასაქმებულებზე გასცემს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათს, რომლის მიხედვითაც რიგ შემთხვევაში ზოგიერთ პირზე დარიცხული ხელფასი აღემატება 1500 ლარს, შესაბამისად არ აკმაყოფილებს შეღავათით სარგებლობის პირობებს. ამასთან შემოწმების მიერ, იმ პირებზე გაცემული საშეღავათო თანხა, ვინც აკმაყოფილებს შეღავათით სარგებლობის პირობებს, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების საფუძველზე, შემოწმების მიერ აღნიშნულ საკითხში განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებულ მასალებზე და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე და განმარტავს, რომ იმ შესყიდული მასალების ღირებულების გადასახებით დაბეგვრა/დეკლარირება, რომელზეც კომპანიაას არ გააჩნდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები მართებულია, შესაბამისად საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, სახელფასო უწყისების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დასაქმებულებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი გამოყენებული აქვს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დარიცხული ხელფასი აღემატება 1500 ლარს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება და ითხოვს
1. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
2. დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად მის მიერ გაცხადებული ხარჯის 75% და აღნიშნულის შესაბამისად შემცირდეს დარიცხული დივიდენდის თანხები და შემცირდეს 25%-ზე მეტი დაბეგრილი უსაბუთო ხარჯებზე გადახდილი მოგების 15% და ძველი პერიოდის დაზუსტებით დარიცხული საურავები.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. პირს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება და პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
2. კომპანიას არ გააჩნდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები; მასალების შესყიდვა ფიქსირდება მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ებში, თანხები ბუღალტერიაში აისახებოდა როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები მხოლოდ თანხობრივად შესყიდული მასალების გარეშე.
3. 2020 წლის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ გაცემული სახელფასო განაცემები განსხვავდება მის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული განაცემებისგან. პირის მიერ წარმოდგენილი სახელფასო უწყისების მიხედვით, დასაქმებულებზე გასცემს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათს, რომლის მიხედვითაც რიგ შემთხვევაში ზოგიერთ პირზე დარიცხული ხელფასი აღემატება 1500 ლარს, შესაბამისად არ აკმაყოფილებს შეღავათით სარგებლობის პირობებს.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 982(1-ა); 101; 130; 154; 269(7); 309(112);