გადაწყვეტილბა №25892/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25892/2/2025
17 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -----ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 24.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25892/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9932 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2025 წლის №028-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახური 3.09.2025 წლის №19430 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 190 120.05 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 110 538.32
დღგ - 25 921. 58
მოგების გადასახადი - 25 068. 74
საშემოსავლო გადასახადი - 58 405
ქონების გადასახადი - 1 143
ჯარიმა - 55 427.21
საურავი - 24 154.52
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვები. კომპანიას საკუთრებაში აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2003 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები და ვერ დადასტურდა მასთან ისეთი სააღრიცხვო დოკუმენტაციის არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის ხარჯვა. ასევე, არ არის წარდგენილი კომპანიის სახელზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური პასპორტები/მახასიათებლები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემებით გაირკვა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის გავლილი გზის სიგრძე კმ-ში, ასევე, საწყის ადგილამდე ცარიელი კონტეინერით გავლილი მანძილის რაოდენობა კმ-ში.
კომპანიის სახელზე რიცხული ავტომანქანების ოფიციალური ტექნიკური მახასიათებლების, კერძოდ: მანქანის საწვავის ხარჯვის ნორმის შესახებ ინფორმაციის (29 ლ, 40ლ, 45 ლ - 100 კმ-ზე), გზის სირთულის, ტვირთის მოცულობის, საშუალო წვის ნორმაზე მოქმედი სხვა მახასიათებლების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგინდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის რაოდენობა და ღირებულება.
საწვავის შეძენაზე გაწეული სხვა ხარჯები, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, დაიბეგრა მოგების გადასახადით. გარდა ამისა, შემცირდა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 მარტის №6032 ბრძანება და ამავე თარიღის №028-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9932 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საწვავის ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის, აღნიშნული საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვის და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების ნაწილში, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემების მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9932 ბრძანების აღსრულების შედეგებზე განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2025 წლის №028-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ხსენებული აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.09.2025 წლის №19430 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლზე და დადგენილ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება განხორციელდა, (საწვავის მოხმარების ნორმები განისაზღვრა) სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედი კომპანიების აუდირებული მონაცემების საფუძველზე. გათვალისწინებული იქნა საწვავის მოხმარება როგორც დატვირთულ, ასევე, ცარიელ მდგომარეობაში 100 კმ-ის მანძილზე. შედეგად, აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, შემცირდა საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №9932 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 მაისის №9932 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
მომჩივნის არგუმენტაცია
არცოდნის გამო გადასახადი არ გადაიხადა. არც ბუღალტერს უთქვამს გადასახადის შესახებ. ითხოვს დაკისრებული სანქციის და გადასახადის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9932 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საწვავის ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის, აღნიშნული საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვის და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების ნაწილში, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემების მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9932 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის დასკვნა, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა საწვავის მოხმარების ნორმები განსაზღვრა სატვირთო გადაზიდვების სფეროში მოქმედი კომპანიების აუდირებული მონაცემების საფუძველზე. გათვალისწინებული იქნა საწვავის მოხმარება, როგორც დატვირთულ, ასევე ცარიელ მდგომარეობაში 100 კმ. მანძილზე. ამდენად, მომჩივანს შეუმცირდა სულ 17 148.99 ლარი, მათ შორის: გადასახადი 11 597.2 ლარი და ჯარიმა 5 551.79 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და ითხოვს სანქციების და გადასახადის გაუქმებას, თუმცა საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9932 ბრძანების აღსრულების საკითხი, რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9932 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №9932 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №2003 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში,შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №6032 ბრძანება და №028-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №9932 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საწვავის ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის, აღნიშნული საფუძვლით მოგების გადასახადის დარიცხვის და ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმების ნაწილში, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯი განსაზღვროს ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემების მიხედვით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის №9932 ბრძანების აღსრულების შედეგებზე განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №028-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ხსენებული აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №19430 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №9932 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);