ბრძანება N 20238

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.08.2023
№ დოკუმენტი 20238
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20238

16 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------’’-ის (ს/ნ "------" )

(ფაქტ. მის.:"------" )

2022 წლის 9 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის და 31 ივლისის სხდომებზე (ოქმები №70 და №80) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის №18701/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------’’-ის (ს/ნ "------") №67906/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №006-1066 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 აპრილის №11368 და 21 აპრილის №12052 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------’’-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 29 დეკემბრის №41734 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1066 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 196 694 ლარი, მათ შორის: გადასახადი 665 010 ლარი, ჯარიმა 334 961 ლარი, საურავი 196 723 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და 2022 წლის 27 დეკემბრის №32991 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32991 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2023 წლის 7 აპრილის №18701/2/2022 გადაწყვეტილებით, საჩივარი მე-4 სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის №18701/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია:

,,მომჩივანს მიაჩნია, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენდა საბაზრო პროცენტს, ხოლო როდესაც ოპერაციები მიმდინარეობს საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, რაც დაშვებულია საგადასახადო კოდექსით, ამ შემთხვევაში მოგების გადასახადის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს.

მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას დამატებით აღნიშნა, რომ კომპანიას აღებული აქვს სესხი ფიზიკური პირებისგან, სესხის თანხასთან ერთად გადაიხადა სესხის პროცენტი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის ხარჯს და იგი მოგების გადასახადით არ უნდა დაიბეგროს.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხარჯებში არ შეიტანება ამ კოდექსის 981 და 983 მუხლებით გათვალისწინებული განაცემების (მათ შორის, განაცემებისა, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება), აგრეთვე გადახდის წყაროსთან დაბეგრილი განაცემის განსახორციელებლად გაწეული ხარჯი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ ფიზიკურ პირებზე დარიცხული და გაცემული საპროცენტო სარგებელის მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერების საკითხი, მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.’’

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით: შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახოციელებს ფიზიკურ პირებზე საპროცენტო სარგებლის გადახდას. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირებისგან აღებულ სესხზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი აღემატება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ წლიურ საპროცენტო განაკვეთს. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, ფიზიკური პირებისთვის გადახდილი პროცენტები დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხარჯებში არ შეიტანება ამ კოდექსის 981 და 983 მუხლებით გათვალისწინებული განაცემების (მათ შორის, განაცემისა, რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება), აგრეთვე გადახდის წყაროსთან დაბეგრილი განაცემის განსახორციელებლად გაწეული ხარჯი.

“საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის კრედიტზე (სესხზე) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით;

ბ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში არა უმეტეს წლიური 24 პროცენტისა, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით ჩაითვალა ხარჯად, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი, შემოწმების შედეგად მიეკუთვნა ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და დაიბეგრა მოგების გადასახადით, აღნიშნული თანხის პროცენტად განხილვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად დაბეგვრა არამართლზომიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ სესხისთვის გადახდილ თანხაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------’’-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ სესხისთვის გადახდილ თანხაზე საქართველოს საგადასახდაო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას; 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს მიაჩნია, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენდა საბაზრო პროცენტს, ხოლო როდესაც ოპერაციები მიმდინარეობს საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, რაც დაშვებულია საგადასახადო კოდექსით, ამ შემთხვევაში მოგების გადასახადის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახოციელებს ფიზიკურ პირებზე საპროცენტო სარგებლის გადახდას. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირებისგან აღებულ სესხზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი აღემატება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ წლიურ საპროცენტო განაკვეთს.ფიზიკური პირებისთვის გადახდილი პროცენტები დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ სესხისთვის გადახდილ თანხაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73,982,131

“საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანების მე-3 მუხლი.