ბრძანება N 8181
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8181
12.02.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 16 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №79711/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №CB1448163 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 მარტის სხდომაზე (ოქმი №33).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 20 თებერვალს №0723005429 სასაქონლო ზედნადებით გადაჰქონდა აუქციონის წესით შეძენილი 3.1მ³ ცაცხვის ჯიშის ფიცარი, რომელიც რამდენიმეჯერ გადაამუშავა საკუთარ სახერხ საამქროში. მიუხედავად იმისა, რომ საქონლის ტრანსპორტირებას ახდენდა კანონმდებლობის შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მაინც მოხდა მისი დაჯარიმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის პირველი მარტის №DES 23 00014987 წერილის (შემოსვლის №----/21-12) საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნა ------- ს/ნ ------- მართვის ქვეშ მყოფი „-------“ მარკის ავტომანქანის (სახ. ნომრით -------) ძარაზე არსებული, ი/მ ------- (ს/ნ -------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 3.1მ³ დახერხილი ფოთლოვანი ჯიშის ხის მასალა. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე 2023 წლის 20 თებერვალს 3.1მ³ დახერხილი ფოთლოვანი ჯიშის ხის მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. 2023 წლის 20 თებერვალს გადამოწმების მომენტში ატვირთულ №------- ხეტყის სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ცნობები. მის ნაცვლად მითითებული იყო მორის ფირნიშის ნომრები; ხე- ტყის წარმოშობის დოკუმენტების მიხედვით (------- და -------) ხე-ტყე არის ცაცხვის და ალვის სახეობები, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მხოლოდ დახერხილი ფოთლოვანი ცაცხვის ჯიში.
№-----/03/23 ექპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ დახერხილი, ფოთლოვანი ჯიშის ცაცხვის ხის მასალის მოცულობამ შეადგინა 3.1 მ3.
აღნიშნული ფოთლოვანი ჯიშის ცაცხვის დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი) შეფასებისას ექსპერტის მიერ გათვალისწინებულ იქნა ნაწარმის სახეობა, ხარისხი და ბაზარზე მსგავსი საქონლის მიმართ მოთხოვნა. მოპოვებული ინფორმაციის (ინტერნეტი. ქ. -------, ე.წ. „-------“ ბაზრობა) საფუძველზე, ექტპერტიზაზე წარმოდგენილი 1მ3 ფოთლოვანი ჯიშის ცაცხვი დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი) ღირებულება მერყეობს 1800-1900 ლარის ფარგლებში დღგ-ის ჩათვლით. ადგილზე ტრანსპორტირების გარეშე. ვინაიდან ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოთლოვანი ჯიშის ცაცხვის დახერხილი ხე-მასალის სიგრძეა 1.30-2.50 მეტრი და გააჩნია გარკვეული ხარვეზები, შესაბამისად ღირებულება განისაზღვრა 1500 ლარით, დღგ-ის ჩათვლით.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1448163 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ავტომანქანის ძარაზე არსებული, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი დახერხილი ფოთლოვანი ჯიშის ხის მასალის გადამოწმებისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე დახერხილი ფოთლოვანი ჯიშის ხის მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. გადამოწმების მომენტში ატვირთულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში არ იყო მითითებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ცნობები, მის ნაცვლად მითითებული იყო მორის ფირნიშის ნომრები. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების მიხედვით ხე-ტყე არის ცაცხვის და ალვის სახეობები, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია მხოლოდ დახერხილი ფოთლოვანი ცაცხვის ჯიში. ექსპერტიზის დასკვნით საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 286 (12);
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება, მუხლი 72