ბრძანება N 1265
📄 სრული ტექსტი
N 1265
26 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ ------ )
მის: ---------
2024 წლის 3 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ ----) №86456/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №AL049991 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, 2023 წლის 22 დეკემბერს ძლიერი ქარისა და მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო ტირ პარკში შეწყდა ინტერნეტისა და ელექტროენერგიის მიწოდება. აღნიშნული ხარვეზის წარმოქმნამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით: ------ რიგის მართვის პროგრამის პირველ ათეულში იყო გადართული. ტირ პარკში მომუშავე პირმა მიიღო გადაწყვეტილება დროულად გაეშვა ავტომანქანა, რადგან არსებობდა მალფუჭებადი, პრიორიტეტული ტვირთის გაფუჭების საფრთხე. აღნიშული ავტოსატრანსპორტო საშუალება საზღვრიდან მოაბრუნეს, კვლავ გაიარა რეგისტრაცია, მიენიჭა ახალი რიგის ნომერი და მხოლოდ ამის შემდგომ გავიდა ტირ პარკიდან.
მომჩივნის მოსაზრებით, აღნიშნული ქმედება არ მოიცავს რაიმე სახის ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს პერსონალის გარკვეულ განზრახ ქმედებაზე. შეიქმნა ფორსმაჟორული მდგომარეობა, რაზეც პირმა იმოქმედა დაუძლეველი ძალის მოქმედების ფარგლებში რათა თავიდან აერიდებინა მომხმარებლისთვის მძიმე მატერიალური ზიანი.
სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №258/№73-ის მე-16 მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რაც ოპერატიული სამსახურისთვის დროულად შეუტყობინებლობის მხრივ ნამვილად შეესაბამება მომხდარს, თუმცა თავად შეტყობინების მიზანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმება) სრულად შესრულდა და მანქანამ თავიდან გაიარა განმეორებითი რეგისტრაცია. შესაბამისად, გატარდა აღნიშნული ბრძანების მე-16 მუხლის მე-18 პუნქტის დ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 23 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული (რიგის ნომერი -----; 22/12/2023 15:50) №------ სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შპს „------ს“ (ს/ნ -----) ავტოსადგომიდან გამოვიდა ურიგოდ, რის შესახებაც ავტოსადგომის ადმინისტრაციამ არ აცნობა საბაჟო დეპარტამენტს.
საბაჟო ორგანომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში რიგის ნომრის თავიდან მინიჭების მიზნით გააბრუნა უკან – შპს „------ს“ (ს/ნ -----) ავტოსადგომზე.
ვინაიდან შპს „-----ს“ (ს/ნ ----) მიერ ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები დაირღვა განმეორებით და 2023 წლის 16 ივნისს შედგენილი იყო №AL045165 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა №AL049991 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------ს“ (ს/ნ ----) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შესახებ ავტოსადგომს უნდა ეცნობებინა საბაჟო ორგანოსთვის და ემოქმედა საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ, რაც შპს „------ს“ მიერ არ შესრულებულა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
ამავე მუხლის მე-18 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ავტოსადგომსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტზე შექმნილი ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების შეუფერხებლად გაშვების მიზნით, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შემთხვევაში იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის 32 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 3 2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით საგულისხმოა, რომ ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებული იყო ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შესახებ ეცნობებინა საბაჟო ორგანოსთვის და ემოქმედა საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ, რაც შპს „------ს“ მიერ არ შესრულებულა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2023 წლის 25 დეკემბრის №AL049991 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში (მის.: მარნეული, ნარიმანოვის ქ. №4) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №AL049991 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 23 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან გამოცხადდა რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მომჩივნის ავტოსადგომიდან გამოვიდა ურიგოდ, რის შესახებაც ავტოსადგომის ადმინისტრაციამ არ აცნობა საბაჟო დეპარტამენტს. საბაჟო ორგანომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში რიგის ნომრის თავიდან მინიჭების მიზნით გააბრუნა უკან – მომჩივნის ავტოსადგომზე. ვინაიდან მომჩივნის მიერ ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები დაირღვა განმეორებით და 2023 წლის 16 ივნისს შედგენილი იყო №AL045165 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა №AL049991 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შესახებ ავტოსადგომს უნდა ეცნობებინა საბაჟო ორგანოსთვის და ემოქმედა საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულებულა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1271(32);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.08.2019 წლის N258/N73 ერთობლივი ბრძანება.