ბრძანება N 19382
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19382
08 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------”-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 21 ივლისის და 31 ივლისის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) №124546/21 და №82737/1/2023 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის №CB1485254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის და 4 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები №79 და №82).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და განმარტავს, რომ შპს „----------’’-ში სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შიდა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 2022 წლის ყველა თვის მიხედვით იქნა დაბეგრილი და გადახდილი კომპანიის მიერ 2023 წლის 25 იანვარს წარდგენილი დეკლარაციებით.
შემოწმებით გამოვლენილი დანაკლისი კომპანიის მიერ უკვე დარიცხული იქნა დაზუსტებული დეკლარაციებით, 2023 წლის 3 ივლისს №CB1485254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ დაზუსტებული დეკლარაციებით დარიცხული დანაკლისი უნდა გათვალისწინებულიყო ინვენტარიზაციის პერიოდში, ვინაიდან ორჯერ დაბეგვრას ადგილი არ ჰქონოდა, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის №353 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებისას შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) დირექტორმა ---------- (პ/ნ ----------) დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მანვე განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით და იყენებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ობიექტში ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 333668.46 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.
გადასახადის გადამხდელმა დაგვიანებით (27.01.2023 - მე-11 დღეს) და არასწორად წარმოადგინა დანართი N19 მისი დანართითურთ, კერძოდ გადასახადის გადამხდელმა დანართი N19 I ცხრილის მე-8 და მე-10 სვეტში მიუთითა ინვენტარიზაციის დაწყების შემდგომ პერიოდში (2023 წლის 26 იანვარს) დაზუსტებული დღგ-ს დეკლარაციის ბრუნვები.
საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის მარტის თვის მოგების დეკლარაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისმა ნაშთმა შეადგინა 106831.06 ლარი.
ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზედნადებებითა და საბაჟო დოკუმენტაციით მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 3 177 847.65 ლარი.
2022 წლის 11 თვის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების (დღგ–ს გარეშე) ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ის შესაბამისი თვეების დეკლარაციებში მითითებული დასაბეგრი ბრუნვები, რომელმაც სულ შეადგინა 2 115 376.49 ლარი.
ხანძრის შედეგად ჩამოწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შსს-ის ---------- პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის №MIA ---------- წერილის საფუძველზე - სულ შეადგინა 308008.47 ლარის ღირებულებით (დღგ–ს გარეშე).
2022 წლის 1 – 31 დეკემბრისა და 2023 წლის 1-16 იანვრის განმავლობაში რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულებად (დღგ–ს გარეშე) აღებულ იქნა საკონტროლო–სალარო აპარატის მონაცემები, რომელმაც შეადგინა 30182.2 ლარი. ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორება (კორექტირებული დღგ–ს კოეფიციენტით) - 67296,61 ლარი. საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 8.37%.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 16 იანვარი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 958579.24 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 624910.78 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ-სა და 8.37%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) 799136.78 ლარი.
2023 წლის 20 ივნისს შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ელექტრონულად ჩაბარდა შეტყობინება მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგების გადაწყვეტილების პროექტი. გადასახადის გადამხდელმა 5 სამუშაო დღის განმავლობაში არ გაასაჩივრა აღნიშნული პროექტის შედეგები შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოში.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 799136.78 ლარი. აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 79913.68 ლარით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 3 ივლისს შედგენილ იქნა №CB1485254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს/საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვრის №353 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებისას კომპანიის დირექტორმა დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მანვე განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით და იყენებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.
ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 16 იანვარი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 958579.24 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 624910.78 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (დღგ-სა და 8.37%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) 799136.78 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 799136.78 ლარი. აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 79913.68 ლარით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9).