ბრძანება N 3891

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.03.2023
№ დოკუმენტი 3891
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3891

01.03.2023

შპს „------------“ (ს/ნ -------------)

(მის.: ქ.-----------------------------)

2022 წლის 21 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა შპს „------------“ (ს/ნ -------------)№75657/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 სექტემბრის №022-19 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ გარდა შემოწმების მიერ დაფიქსირებული სამივლინებო და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯისა, საწარმოს წარდგენილი ჰქონდა საწვავის ხარჯის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება და ითხოვდა აღნიშნული კალკულაციით დადგენილი საწვავის ხარჯის 75%-ის ხარჯად აღიარებას, რის შედეგადაც უნდა გაზრდილიყო გამოსაქვითი ხარჯი და შემცირებულიყო დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების პერიოდში გადამხდელმა წარადგინა საქართველოში და საზღვარგარეთ შეძენილი საწვავის დამადასტურებელი დოკუმენტები, რის შედეგადაც გამოსაქვითმა ხარჯმა შეადგინა 303 171 ლარი, თუმცა ვინაიდან ვერ მოიძია ყველა დოკუმენტი, გადამხდელმა მოამზადა გავლილი მანძილის კილომეტრაჟის ცხრილი თითოეული ინვოისის მიხედვით, მიუსადაგა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშუალო წვა და საქართველოში არსებული საწვავის ფასების ისტორია დღგ-ის გარეშე. აღნიშნული კალკულაციით დადგინდა, რომ საწვავის ფაქტობრივმა ხარჯმა შეადგინა 418 522 ლარი. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული გაანგარიშებულია საწვავის მინიმალური ფასით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 თებერვლის №4789 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №022-70 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „------------“ (ს/ნ -------------) 2022 წლის 17 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1.შპს „------------“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2..სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილებით, შეისწავლოს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს."

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 თებერვლის №4789 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 6 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 99 965 ლარით, მათ შორის, გადასახადი 66 643 ლარი და ჯარიმა 33 322 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 23 სექტემბრის №022-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისთვის გაწეული სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯები. კერძოდ, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული სამივლინებო ხარჯი. შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 თებერვლის №4789 ბრძანების შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას უფიქსირდებოდა სხვადასხვა გაუშიფრავი დოკუმენტური ხარჯი, რაც გადამხდელისა და შემოწმების მიერ ვერ იქნა დეტალურად გაშიფრული. მიუხედავად ამისა, შემოწმების მიერ სრულად იქნა გათვალისწინებულ ასეთი დანახარჯები. კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე (ტვირთის გადაზიდვის მომსახურება) აღნიშნული სახის ხარჯი შემოწმების მიერ ჩაითვალა ტრანსპორტირების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯად, კერძოდ, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საბურავები, ავტონაწილები, მანქანების შეკეთების მომსახურების ხარჯი, აგრეთვე ტრანსპორტირებისთვის საჭირო საწვავის დარჩენილი ღირებულება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „------------“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. ითხოვს, კალკულაციით დადგენილი საწვავის ხარჯის აღიარებას.

 

ფაქტობრივი გარემოება

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს დაქირავებულისთვის გაწეული სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯები. კერძოდ, თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაწეული სამივლინებო ხარჯი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლის საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21)