გადაწყვეტილება №20413/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20413/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20413/2/2023

26 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- --------- (ს/ნ ------------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- --------- 28.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20413/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2022 წლის №001-200 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის №001-3184 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16466 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 175 226,68 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 121 873

ჯარიმა - 33 854

საურავი - 19 499,68

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 25.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 31.10.2022 წლის №27412 ბრძანება და ამავე თარიღის №001-200 საგადასახადო მოთხოვნა.

ამასთან საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 8.02.2023 წლის №001-3184 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება.

აღნიშნული აქტები 2023 წელს 18 მაისს და 14 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.07.2023 წლის №16466 ბრძანებით საჩივარები 31.10.2022 წლის №001-200 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16466 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-10 და მე-11 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 და მე-10 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტსა და იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, და ამასთან წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაგზავნილი სადავო აქტები ადრესატს ვერ ჩაბარდა, მიიჩნევს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 239-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, და აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 8.02.2023 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 8.02.2023 წლის №001-3184 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

18.05.2023 წელს როგორც კი შეიტყო, რომ გადასახადის გადამხდელი რუსეთის მოქალაქის მიმართ საგადასახადო ორგანოებს გააჩნიათ გარკვეული საგადასახადო პრეტენზია, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ბოლომდე არ ესმის რატომ წამოიჭრა ეს პრეტენზია და დღემდე ოფიციალურად არ ჩაბარებია აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2022 წლის №011-200 საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც შემოსავლების სამსახური ეყრდნობა თავის 7.07.2023 წლის №16466 ბრძანებაში. საჩივრის დაკმაყოფილების და საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მიზეზების განმარტების სანაცვლოდ შემოსავლების სამსახურმა 7.07.2023 წლის №16466 ბრძანებით დაუშვებლად ცნო საჩივარი მხოლოდ იმ მოტივით, რომ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. რამეთუ ბრძანება №27412 და საგადასახადო მოთხოვნა 31.10.2022 წლის №001-200 ადრესატის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მისამართზე (კომერციული ფართი) ორჯერ იქნა გაგზავნილი და ჩაუბარებლობის გამო საჯაროდ გავრცელდა 22.12.2022 წელს ჩაითვალა ჩაბარებულად.

ეს იმ ფონზე როდესაც გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება რომელ მისამართზეც შემოსავლების სამსახურმა ორჯერ გაგზავნა საგადასახდო მოთხოვნა იყო მშენებარე კომერციული ფართი, არასაცხოვრებელი და შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ საფოსტო გზავნილი არ ჩაბარდა ადრესატს.

მომჩივანი ბოლოს საქართველოში იმყოფებოდა 2015 წლის აგვისტოში.

გადასახადის გადამხდელს არასდროს გაუხსნია შემოსავლების სამსახურში rs.ge პორტალი, არ უსარგებლია მისით და დღემდე არ იცის არც სახელი მომხმარებლის და არც პაროლი.

ხოლო როგორც კი სრულიად შემთხვევით კომერციული ფართის გასხვისების შემდგომ შეიტყო ახალი მესაკუთრისგან, რომ უკვე მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გავრცელდა საგადასახდო გირავნობა/იპოთეკა, მაშინვე საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. თუმცა არა იმ მოტივით, რომ კატეგორიული წინააღმდეგია ან ცდილობს თავი აარიდოს გადასახადებს, არამედ აინტერესებს რატომ წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება და რამდენად სამართლიანია ის!?

მიუხედავად აღნიშნულისა საჩივარი დარჩა განუხილველი საჩივრის წარდგენის ვადაგადაცილების გამო, თუმცა არ ესმის როგორ უნდა წარმოადგინოს საჩივარი ვადაში თუ არ ჩაბარებია არც ბრძანება და არც მოთხოვნა.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვს მიღებულ იქნას საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არ დაკმაყოფილდება ითხოვს განემარტოს, თუ რატომ წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება იმ ფონზე როდესაც 25.09.2019 წელს უძრავი ქონების ნასყიდობის №-------- ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინეს უძრავი ქონება თბილისში (ს/კ -------------), რომელიც 29.11.2021 წელს გაასხვისეს.

აღნიშნული უძრავი ქონება 25.09.2019 წელს შეიძინა შპს -------სგან, რომელიც იყო და რჩება ე.წ დღგ-ს გადამხდელად. შესაბამისად აღნიშნული ნასყიდობის შედეგად ის დაიბეგრა დღგს ნაწილში. მომჩივანი არც მაშინ და არც ახლა არასდროს საქართველოში დღგ-ის გადამხდელად არ დარეგისტრირებულა და რაც მთავარია თუ დღგ-ის ნაწილში იბეგრება ფიზიკური პირი, რომელიც არასდროს დარეგისტრირებულა დღგ-ის გადამხდელად, რის საფუძველზე იბეგრება და რატომ არ ხდება დღგ-ის ურთიერთ ჩათვლა როდესაც აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დღგ უკვე გადახდილი აქვს პირველ გამყიდველს ვისგანაც მომჩივანმა ის შეიძინა 25.09.2019 წელს.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების შესაბამისად:

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 9.08.2023 წლის №79357-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანი არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) ავტორიზებულ მომხმარებელს, ამიტომ მის მიმართ შედგენილი 25.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 31.10.2022 წლის №27412 ბრძანება და 31.10.2022 წლის №001-200 საგადასახადო მოთხოვნა პირს გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, თუმცა მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა. (გაეგზავნა 2-ჯერ (1.11.2022 და 8.11.2022 წელს) მისამართზე - თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, -------- ქ. №1. და თბილისი, გლდანი, ---------- ქ. №1. გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს „არასრულია“, „მითითებული ნომერი ვერ მოიძებნა“) საფუძვლით.

შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2.12.2022 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 22.12.2022 წელს.

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით).

ამგვარად, სადავო აქტების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტების ჩაბარებულად ჩათვლის დღიდან (22.12.2022 წელი). შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 11.01.2023 წელი.

საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2023 წელის 18 მაისს და 14 ივნისს გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

საბჭოს აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16466 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

რაც შეეხება საკითხს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

ვალის მართვის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №77170-21-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე, 7.02.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება, გადასახადი 121 873 ლარი, ჯარიმა 33 854 ლარი, საურავი 25 532,39.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 25.10.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 31.10.2022 წლის №27412 ბრძანება და ამავე თარიღის №001-200 საგადასახადო მოთხოვნა.

ამასთან საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 8.02.2023 წლის №001-3184 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება.

აღნიშნული აქტები 2023 წელს 18 მაისს და 14 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.07.2023 წლის №16466 ბრძანებით საჩივარები 31.10.2022 წლის №001-200 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16466 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით).

ამგვარად, სადავო აქტების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტების ჩაბარებულად ჩათვლის დღიდან (22.12.2022 წელი). შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 11.01.2023 წელი.საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2023 წელის 18 მაისს და 14 ივნისს გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

რაც შეეხება საკითხს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების მართლზომიერებასთან დაკავშირებით,იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44(10 ,11); 299(4); 301( „ე“);