ბრძანება N 30137

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.12.2023
№ დოკუმენტი 30137
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30137

04 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 6 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 6 ნოემბრის №186603/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ოქტომბრის №024-79 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთის, საწარმოს მიერ გადაზიდვის მომსახურების გაწევად განხილვას და აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული შემოსავლის (სხვაობა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ საზღვრის კვეთა საწარმოს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით არის მხოლოდ გადაადგილების კონსტანტაცია და მხოლოდ ეს ფაქტი მომსახურების გაწევას არ ნიშნავს. საზღვრის კვეთის ფაქტს შესაძლოა ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაგრამ თუ რომელიმე ფიზიკურმა პირმა საწარმოს დავალების გარეშე მისი სატრანსპორტო საშუალებით გადაკვეთა საზღვარი, საწარმო არაფერ შუაშია და მომსახურების გაწევის ფაქტი სახეზე არ არის.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება იმ ზედნადებებში, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითებული იყო საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, საწარმოს მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვას. ამასთან მიუთითებს, რომ მომსახურების საფასური არასწორადაა განსაზღვრული. განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში რეგიონებში საქონლის ტრანსპორტირების დროს დამკვეთის მიერ დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება ტრანსპორტირების დასრულების ადგილის ცვლილება/კორექტირება, ახლო ტერიტორიაზე დამატებითი ტვირთის გადატანა. ასეთ დროს კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების მითითება ემსახურება მხოლოდ ტრანსპორტირების მიზნებს და სატრანსპორტო მომსახურების გაწევა ხდება უსასყიდლოდ, ანუ მომსახურება განიხილება ძირითადი მომსახურების შემადგენელ ნაწილად, რომელიც გადახდილია და გადაზიდვებიდან რაიმე ფულადი ნაკადების შემოსვლა კომპანიაში არ ხდება. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების საფასური განსაზღვრულია არასწორად.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობას და რეალიზებულად განხილვას. მიუთითებს, რომ 2021 წლის შემოდგომა იყო პირველი წელი, როდესაც კომპანიამ დათესა საშემოდგომოდ ხორბალი და ქერი, გამოუცდელობამ და თესვის დროს გამოყენებული ხორბლის და ქერის დაბალმა ხარისხმა გამოიწვია დაბალი მოსავლიანობა, რის გამოც კომპანია იძულებული გახდა გამოეყენებინა დათესვის ე.წ „ჯვარედინი“ მეთოდი, რაც გულისხმობს მოცდენილ ადგილას ხორბლის და ქერის ჩამატებას. ამ ფაქტმა გამოიწვია დათესვისთვის ნორმის გაზრდა. შესაბამისად, კომპანიას საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4994 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეძენილი საქონლის ღირებულების (კრედიტორული დავალიანების თანხა) საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4994 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 21 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 720 236 ლარი, მათ შორის გადასახადი 482 046 ლარი და ჯარიმა 238 190 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 ოქტომბრის №024-79 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლილ იქნა გადამხდელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთის, საწარმოს მიერ გადაზიდვის მომსახურების გაწევად განხილვისა და აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული შემოსავლის (სხვაობა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი, თუმცა საჩივარში მითითებული არგუმენტების დადასტურება ვერ მოხდა. შედეგად დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

● იმ ზედნადებებში, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითებული იყო საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, საწარმოს მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (ნაწილობრივ შემცირდა) შემოწმებით დარიცხული თანხები.

● ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობასთან და რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შესწავლილი იქნა სადავო საკითხი და დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

● იმპორტირებული საქონლის შესყიდვის ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა დავის ეტაპზე წარმოადგინა არარეზიდენტ მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები, რომლითაც დასტურდება რომ საწარმოს არარეზიდენტ მომწოდებლებთან დავალიანება არ ერიცხება. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) გათვალისწინებით, შემცირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, იმ ზედნადებებში, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითებული იყო საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, საწარმოს მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაკორექტირდა (ნაწილობრივ შემცირდა) შემოწმებით დარიცხული თანხმები. ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 8) გათვალისწინებით, შემცირდა შეძენილი საქონლის ღირებულების (კრედიტორული დავალიანების თანხა) საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები. ხოლო გადამხდელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთის, საწარმოს მიერ გადაზიდვის მომსახურების გაწევად განხილვისა და აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული შემოსავლის (სხვაობა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული არგუმენტების დადასტურება ვერ მოხდა. ასევე, ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობასთან და რეალიზებულად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შესწავლილი იქნა სადავო საკითხი და დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის კვეთის, საწარმოს მიერ გადაზიდვის მომსახურების გაწევად განხილვას და აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებული შემოსავლის (სხვაობა) დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

2. იმ ზედნადებებში, რომლებშიც სატრანსპორტო საშუალებების გრაფაში მითითებული იყო საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ნომრები, საწარმოს მიერ სატრანსპორტო მომსახურების გაწევად განხილვას.

3. ხორბლისა და ქერის დათესვის შედეგად გამოვლენილ სხვაობას და რეალიზებულად განხილვას.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4994 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორგანიზაციის საჩივარი. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)