გადაწყვეტილება №19451/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19451/2/2023
25 მაისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 19.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19451/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №042-38 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №7902 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 81 141 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 43 543
დღგ - 21 987
მოგების გადასახადი - 21 556
ჯარიმა - 21 772
საურავი - 15 826
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ნოემბრის №29048 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 16 ივნისის №15679 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 144 139 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი. აღნიშნულზე მომჩივანს 2020 წლის 30 სექტემბრის №CB1107730 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოვლენილი დანაკლისის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით და გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა მოგების გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციებში ასახვას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33324 ბრძანება და №042-38 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 81 141 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 11 აპრილის №7902 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
იყო მძიმე პანდემიური პერიოდი და ფინანსური კრიზისი. მომჩივანი თვითონ ახდენდა კომპანიის დოკუმენტაციის აღრიცხვას. მას სათანადო ცოდნა და გამოცდილება არ ჰქონდა იმისთვის, რომ გარკვეულიყო სრულად საქმის ვითარებაში და დანაკლისის შედეგად დარიცხული 14 413 ლარის გადახდა ჩათვალა ბიუჯეტთან ვალდებულების სრულად შესრულებად. ვერ გაერკვია და ჩათვალა, რომ როგორც 14 413 ლარი დაარიცხეს, თუ რამე გადასახადის ვალდებულება ჰქონდა, ასევე დაერიცხებოდა სხვა გადასახდელები და არ იცოდა, რომ აღნიშნული დანაკლისი თვითონ უნდა დაედეკლარირებინა.
კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმა და საურავი. დარიცხულ გადასახადებს ეთანხმება სრულად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
მომჩივანი სრულად ეთანხმება დარიცხულ გადასახადებს და კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი ითხოვს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამოვლენილი დანაკლისის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით და გამოვლენილი დანაკლისი დაექვემდებარა მოგების გადასახადისა და დღგ-ის დეკლარაციებში ასახვას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. საბჭო განმარტავს, რომ პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:; 286(9); 269(7); 272; 275;