ბრძანება N 14613
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14613
02 ივლისი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.:„-------“ )
2025 წლის 6 და 10 ივნისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“ ) 2025 წლის 6 ივნისის №25275/2/2025 და 10 ივნისის №96148/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 აპრილის №007-28 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ აღსრულებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანება, კერძოდ, არ განხორციელდა კომპანიის მიერ წარდგენილი ელექტრონული საფულეებისა და საბანკო ამონაწერების დეტალური ანალიზი და გათვალისწინება. მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8480 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------- -ის “ (ს/ნ „-------“) 2022 წლის 26 დეკემბრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, მონაცემები/ამონაწერები შპს „-------- -ის “ და „-------“-ის მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელმა);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8480 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 17 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 3 აპრილის №007-28 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციების შესწავლა თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, თუმცა შესწავლის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა, ვინაიდან გადამხდელის მიერ სრულად არ იქნა წარმოდგენილი ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები და ასევე, არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის ივნისის თვეში კომპანიის დამფუძნებელმა შპს „------ -მა “ განახორციელა შპს „-------- -ის “ კაპიტალში 1 024 073 ლარის კომპიუტერული ტექნიკის, კერძოდ, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილ აპარატურის შეტანა. ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის და დათვალიერების პროცედურით დადგინდა, რომ აპარატურა, რომელიც მდებარეობს ქ. „-------“, „-------“ქ. №1-ში (ს/კ: „-------“), განთავსებული იყო თაროებზე კრიპტოაქტივის გამოსამუშავლებლად საჭირო საექსპლოატაციო მდგომარეობაში. ამასთან, გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ამ მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი შემოწმებით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივნისის №12989 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლებზეც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება ან ფიქსირდება მცირე/უმნიშვნელო ოდენობით, განეხორციელებინა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 326 115 ლარით, მათ შორის, გადასახადი 217 410 ლარით და ჯარიმა 108 705 ლარით. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8480 ბრძანება, რომლითაც გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა მონაცემები/ამონაწერები შპს „-------- -ის “ და „-------“-ის მიერ გამოყენებული ელექტრონული საფულეებიდან (რომელთა იდენტიფიცირება უნდა მოეხდინა გადასახადის გადამხდელს).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამასთან, გადამხდელმა ვერ უზრუნველყო თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ „-------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციების შესწავლა თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად, თუმცა შესწავლის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა, ვინაიდან გადამხდელის მიერ სრულად არ იქნა წარმოდგენილი ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად წარსადგენი მტკიცებულებები და ასევე, არ იქნა უზრუნველყოფილი თუნდაც არასრულად წარდგენილი მონაცემების იდენტიფიცირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).