გადაწყვეტილება №20351/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 20351/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20351/2/2023

16 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ "-----")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-----"-ის 21.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20351/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.04.2021 წლის №10646 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.04.2023 წლის №066-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13630 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 47 917 875 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 19 619 276

აქციზის გადასახადი - 6 224 739

დღგ - 10 404 646

საშემოსავლო გადასახადი - 2 989 891

ჯარიმა - 17 263 441

საურავი - 11 035 158

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 30.05.2019 წლის წერილის (№ "-----" ) და დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.05.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით, ხოლო 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას, ქალაქ "-----"- ში, საკუთრებაში უფიქსირდება 4 586 კვ.მ. კომერციული ფართი, რომელიც აღრიცხული აქვს როგორც დაუმთავრებელი წარმოება. მისი ფასი, ქონების გადასახადის მიზნებისთვის, განსაზღვრულია 897 355 ლარად, თუმცა ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის.

შემოწმების პროცესში განხორციელდა აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა. გამომდინარე იქედან, რომ ქონების საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი საბაზრო ღირებულებისაგან კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 3 ივნისის №17758 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი იქნა მხოლოდ ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, ხოლო შემოწმების მიერ მოხდა რეალური ბუღალტრული ნაშთის დადგენა და შედეგების გამოყვანა. შემოწმების მიერ გამოვლინდა დანაკლისი საბაზრო ფასით 839 780 ლარი, შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, განესაზღვრა ჯარიმა გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ფასის 10%-ის ოდენობით;

- საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის არასრულად წარდგენისთვის გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა სულ 2 200 ლარის ოდენობით.

შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 31.12.2020 წლის №39993 ბრძანება და №066-26 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის №10646 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილული იქნა ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებული იქნა გაფრთხილება;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის №10646 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომლის 19.11.2021 წლის №12977/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის №10646 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 236 301 ლარით (გადასახადი 156 134 ლარი და ჯარიმა 80 167 ლარი).

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №066-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13630 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოწმებით შემცირდა დარიცხული ქონების გადასახადი გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით, ხოლო ინვენტარიზაციით გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობასთან დაკავშირებით, ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებულია კომპანიის მხრიდან ყველა ის მისამართი, სადაც ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტისათვის ინახებოდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლომატერიალური ფასეულობები, შესაბამისად, დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ დარღვეულია ხსენებული მუხლის მოთხოვნები. მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლენილი სხვაობა არ შეესაბამება რეალობას და აღნიშნავს შემდეგს:

საკითხი არ არის სათანადოდ შესწავლილი, ინვენტარიზაციის შედეგები სრულად გამოკვლეული და შეფასებული, არ მომხდარა დაინტერესებული მხარეების მოსმენა. კერძოდ, 2019 წლის 4 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია ინვენტარიზაცია მხოლოდ "-----"-ის , "-----"-ის და "-----"-ის საბითუმო ბაზებში, მაგრამ არ ჩატარებულა აზომვები "-----" -ის საწყობში (იჯარით აქვს აღებული 2018 წლის 30 ივლისიდან, რაზეც ხელშეკრულებას წარმოადგენს), სადაც 2019 წლის 3 ივნისს საბაჟო სატვირთო დეკლარაციით (C "-----" ) განხორციელდა 200 000 კგ ბენზინის მიღება და არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია "-----"-ის საწყობში (იჯარით აღებულია 2019 წლის 22 იანვრიდან, ხელშეკრულებას წარმოადგენს დანართის სახით), სადაც 2020 წლის 3 ივნისს საბაჟო სატვირთო დეკლარაციით (C ----) მიღებულია 100 000 კგ დიზელის საწვავი იმპორტის რეჟიმით, თუმცა ამ ფაქტების და ამ საწყობების შესახებ შემმოწმებლისათვის ცნობილი იყო როგორც მათგან, ისე შემოსავლების სამსახურის rs.ge პორტალიდან. კომპანიის მიერ 2019 წლის 3 ივნისს განბაჟებული ბენზინიდან 27 257 კგ ბენზინი 2020 წლის 4 ივნისს, შიდა გადაზიდვის დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, გადატანილია "-----"-ის ბაზაში, 2020 წლის 5 ივნისს აგრეთვე, შიდა გადაზიდვის დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, 27 257 კგ გადატანილია "-----"-ის ბაზაში, ხოლო დარჩენილი 145 486 კგ ბენზინი 2020 წლის 4-დან 9 ივნისის ჩათვლით, დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რეალიზებულია სხვადასხვა კომპანიებზე. რაც შეეხება "-----"-ის საწყობში განბაჟებულ 100 000 კგ დიზელის საწვავს, 2020 წლის 4 ივნისს 28 561 კგ, შიდა გადაზიდვის დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, გადატანილია "-----"-ის ბაზაში, ხოლო 71 439 კგ შიდა გადაზიდვის დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, 4 და 5 ივნისს გადატანილია "-----"-ის ბაზაში (საბაჟო და შიდა გადაზიდვის დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საჩივარს თან ერთვის).

2020 წლის 3 ივნისს განბაჟებული ბენზინი და დიზელის საწვავი, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად, არის სრულად და დროულად აღრიცხული და დამატებული იყო ბუღალტრულ ნაშთებზე. ასევე, დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერით გარანტირებულია კონტროლო სამეურნეო ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამისად, დანაკლისად აღიარება საწვავის, რომელიც "-----"-ის და "-----"-ის საბაჟო საწყობებში აღრიცხული იყო სრულად და დროულად და რომელიც აქტის შედგენის მომენტში, 2020 წლის 29 დეკემბერს რეალიზებულია სრულად დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ეს რეალიზაციები ასახულია 2019 წლის ივნისის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში, მიღებული შემოსავლები დაფიქსირებულია 2019 წლის ერთობლივ შემოსავალში, არ მიაჩნია მართებულად.

შემოწმების აქტზე დათანხმების შემთხვევაში, 2020 წლის დეკემბრის თვის ყოველთვიური დეკლარაციით დამატებით უნდა დაარიცხოს დღგ 128 090 ლარი ხელმეორედ, როგორც დანაკლისის აღიარება აღმოჩენის მომენტში რეალიზაციად და დაერიცხოს მოგების გადასახადი 2020 წლის დეკემბრის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციით 148 196 ლარი. აგრეთვე, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შემთხვევაში, 2020 წლის 4 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, მოქმედი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაეკისრება ფინანსური სანქცია აღურიცხველი საქონლის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით, რომელიც მინიმუმ შეადგენს 4 198 900 ლარს. შედეგად მიიღებს, რომ მათ მიერ არ ჩადენილ სამართალდარღვევაზე დაჯარიმდება 4 559 164 ლარით და ბრალი დაედება 300 000 კგ საწვავის კონტრაბანდული გზით შემოტანაში.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია ინვენტარიზაციის შედეგებით თანხის დარიცხვაზე ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩამორთმეული ახსნა-განმარტებაში არ აქვს ჩაწერილი "-----"-ში და "-----"-ში იჯარით აღებული საწყობების მისამართები, რაც არის ტექნიკური ხარვეზი და არა შეგნებულად გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობა, რადგან ორივე საწყობი არის საბაჟო ზონის საწყობი, რომლებიც კონტროლდებიან შემოსავლების სამსახურის საბაჟო თანამშრომლების მიერ და მათი ძირითადი ფუნქცია იყო მხოლოდ იმპორტირებული საქონლის დროებითი შენახვა, დასაწყობება ძირითად სავაჭრო ბაზებში გადატანამდე. ამ საწყობებზე მუდმივი კონტროლის მექანიზმები გააჩნდა, როგორც კომპანიას, აგრეთვე საბაჟო ორგანოებს და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახსნა-განმარტებაში მექანიკურად, უნებლიედ არ მოხდა "-----"-ში და "-----"-ში იჯარით აღებული საწყობების მისამართების ჩაწერა, რადგან ამ საწყობებში შემოსავლების სამსახური ახსნა-განმარტების გარეშეც ახორციელებდა უწყვეტ კონტროლს, მიაჩნია, რომ ეს მარტივი და უნებლიე გარემოება არ უნდა გახდეს რამდენიმე მილიონიანი სანქციის დაკისრების საფუძველი.

წარმოდგენილი არგუმენტები იძლევა საკმარის და კანონიერ საფუძველს, რათა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად განხორციელდეს შესაბამისი ზოგადი ანალიტიკური პროცედურები და არ განხორციელდეს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით გადასახადების და შესაბამისი ჯარიმის დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის №10646 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 236 301 ლარით, ხოლო აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის დასკვნის მიხედვით ირკვევა შემდეგი:

- შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან უძრავი ქონების გაქირავებამდე (2019 წლის მარტი), გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შპს „N1 -ის მიერ სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების დოკუმენტური მტკიცებულებები. ამასთან, დამატებით წარდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების საფუძველზეც დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ქონება იჯარით გაცემამდე არ იყო „დასრულებული“ და მის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებისათვის საჭირო იყო არსებითი ხარჯების გაწევა. წარდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ უძრავი ქონება წარმოადგენს „დაუმთავრებელ მშენებლობას“, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, „დაუმთავრებელი მშენებლობა“ არ ექვემდებარება აფასებას. შედეგად, კომპანიას შეუმცირდა დარიცხული ქონების გადასახადი;

- ინვენტარიზაციით შედეგად გამოვლენილ სხვაობასთან მიმართებით, შემოწმების მიერ ანალიზი ჩაუტარდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტაციას/დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია არ იყო ჩატარებული სრულყოფილად, კერძოდ ინვენტარიზაციით კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დათვლა არ განხორციელდა რამდენიმე მისამართზე. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმება მიუთითებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალებზე, სადაც დაფიქსირებულია კომპანიის მხრიდან ყველა ის მისამართი, სადაც ინვენტარიზაციის ჩატარების მომენტისათვის ინახებოდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლომატერიალური ფასეულობები. შესაბამისად, დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება გადაანგარიშებს შედგებს, რადგან ინვენტარიზაციის შედეგები სრულად გამოკვლეული და შეფასებული არ არის, არ მომხდარა დაინტერესებული მხარეების მოსმენა. 2019 წლის 4 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია ინვენტარიზაცია მხოლოდ "-----"-ის , "-----"-ის და "-----"-ის საბითუმო ბაზებში, მაგრამ არ ჩატარებულა აზომვები "-----"-ის საწყობში, სადაც 2019 წლის 3 ივნისს საბაჟო სატვირთო დეკლარაციით (C "-----" ) განხორციელდა 200 000 კგ ბენზინის მიღება და არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია "-----"-ის საწყობში, სადაც 2020 წლის 3 ივნისს საბაჟო სატვირთო დეკლარაციით (C ----) მიღებულია 100 000 კგ დიზელის საწვავი იმპორტის რეჟიმით, თუმცა ამ ფაქტების და ამ საწყობების შესახებ შემმოწმებლისათვის ცნობილი იყო როგორც მათგან, ისე შემოსავლების სამსახურის rs.ge პორტალიდან. ამასთან, შიდა გადაზიდვის დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, 2019 წლის 3 ივნისს განბაჟებული ბენზინიდან 27 257 კგ ბენზინი 2020 წლის 4 ივნისს გადატანილია "-----"-ის ბაზაში, 2020 წლის 5 ივნისს 27 257 კგ გადატანილია "-----"-ის ბაზაში, ხოლო დარჩენილი 145 486 კგ ბენზინი 2020 წლის 4-დან 9 ივნისის ჩათვლით, რეალიზებულია სხვადასხვა კომპანიებზე. ხოლო, "-----"-ის საწყობში განბაჟებული 100 000 კგ დიზელის საწვავიდან შიდა გადაზიდვის დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით 2020 წლის 4 ივნისს 28 561 კგ გადატანილია "-----"-ის ბაზაში, ხოლო 71 439 კგ 4 და 5 ივნისს გადატანილია "-----"-ის ბაზაში. 3 ივნისს განბაჟებული ბენზინი და დიზელის საწვავი, არის სრულად და დროულად აღრიცხული და დამატებული ბუღალტრულ ნაშთებზე. შესაბამისად, დანაკლისად აღიარება საწვავის, რომელიც "-----"-ის და "-----"-ის საბაჟო საწყობებში აღრიცხული იყო სრულად, დროულად და რომელიც აქტის შედგენის მომენტში, 2020 წლის 29 დეკემბერს რეალიზებულია სრულად დღგ-ის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ხოლო რეალიზაციები ასახულია 2019 წლის ივნისის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში, მიღებული შემოსავლები დაფიქსირებულია 2019 წლის ერთობლივ შემოსავალში, არ მიაჩნია მართებულად. ის რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩამორთმეული ახსნა-განმარტებაში არ აქვს ჩაწერილი "-----"-ში და "-----"-ში იჯარით აღებული საწყობების მისამართები, არის ტექნიკური ხარვეზი და არა შეგნებულად გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობა. რადგან ორივე საწყობი არის საბაჟო ზონის საწყობი, კონტროლდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო თანამშრომლების მიერ, ამ საწყობებზე მუდმივი კონტროლის მექანიზმები გააჩნდა, როგორც კომპანიას, აგრეთვე საბაჟო ორგანოებს და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახსნა-განმარტებაში მექანიკურად, უნებლიედ არ მოხდა "-----"-ში და "-----"-ში იჯარით აღებული საწყობების მისამართების ჩაწერა, მიაჩნია, რომ ეს უნებლიე გარემოება არ უნდა გახდეს რამდენიმე მილიონიანი სანქციის დაკისრების საფუძველი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ კომპანია არის ნავთობპროდუქტების მხოლოდ ბითუმად მოვაჭრე, ინვენტარიზაციის ჩატარებისას მოთხოვნილი იქნა ახსნა-განმარტება თუ სად გააჩნდა კომპანიას საბითუმო-სარეალიზაციო ბაზები, ბუღალტერმა მიუთითა მხოლოდ იმ ბაზებზე სადაც ხდებოდა ნავთობპროდუქტების გაცემა, მაგრამ გამორჩა იჯარით აღებული საწყობების მითითება "-----"-სა და "-----"-ში , სადაც განთავსებული იყო განუბაჟებელი ნავთობროდუქტები, მაგრამ ბუღლტრულ აღრიცხვაში იყო აღრიცხული, ამდენად შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დანაკლისად. ამასთან, აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა მათი მიწვევა საჩივრის განხილვაზე.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ ინვერტაზიციის მასალებში არსებობს გადასახადის გადამხდელის წერილობითი დოკუმენტი სადაც ფიქსირდება ნავთობპროდუქტების ბაზები, მაგრამ არ იყო მითითებული ის ბაზები, სადაც როგორც მომჩივანი საჩივარშიც აღნიშნავს შესაძლებელია რეალურად არსებულიყო ნავთობპროდუქტები. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც მომჩივანი აღნიშნავს განბაჟება მოხდა 3 რიცხვში, ხოლო ინვენტარიზაცია ჩატარებულია 4 ივნისს, ამდენად აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია სხვაობა.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, მომჩივნის არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა, არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13630 ბრძანება;

3. საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა, არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ დარღვეულია ხსენებული მუხლის მოთხოვნები. მიაჩნია, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით გამოვლენილი სხვაობა არ შეესაბამება რეალობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში განხორციელდა საწარმოს საკუთრებაში არსებული კომერციული ფართის საბაზრო ღირებულების დადგენა. გამომდინარე იქედან, რომ ქონების საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი საბაზრო ღირებულებისაგან კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

ასევე,განხორციელდა კომპანიის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი იქნა მხოლოდ ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, ხოლო შემოწმების მიერ მოხდა რეალური ბუღალტრული ნაშთის დადგენა და შედეგების გამოყვანა. შემოწმების მიერ გამოვლინდა დანაკლისი .მომჩივანს განესაზღვრა ჯარიმა გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ფასის 10%-ის ოდენობით;საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის არასრულად წარდგენისთვის გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა, არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

275,291,286(9).