ბრძანება N 18614

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2023
№ დოკუმენტი 18614
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18614

31 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------- (ს/ნ --------)

(მის.: ---------)

2023 წლის 14 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ -------- (ს/ნ -------) №82293/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №CB1486570 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საქონელი მაღაზიაში მიუტანა ფიზიკურმა პირმა და სთხოვა შეძენა. აღნიშნულზე შედგენილ იქნა შეძენის აქტი. მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 04.07.2023 წლის Nბ-13153/2023-ის ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შემოწმდა ი/მ ------- (ს/ნ -------) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა ზეპირსიტყვიერად მოსთხოვა ------- მატერიალური ფორმით შევსებული ინფორმაციის („სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმი N4) ორ დღეში წარდგენა საგადასახადო ორგანოში, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი არ იქნა.

შესაბამისად შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ ------- მიერ ჯამში 100 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი ნამცხვრის ტოსტერი -1 ცალი -50 ლარი, წყლის მადუღარა -2 ცალი-50ლ. (ერთ. ფასი 25 ლ) არ იყო აღრიცხული და არ გააჩნდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგა №CB1486570 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად:

1. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

2. პირველადი საგადასახადო დოკუმენტი დგება არანაკლებ ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომლებიც რჩება სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეებთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ი/მ ------- (ს/ნ -------) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №CB1486570 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდოს გაფრთხილება;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საქონელი მაღაზიაში მიუტანა ფიზიკურმა პირმა და სთხოვა შეძენა. აღნიშნულზე შედგენილ იქნა შეძენის აქტი. მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შემოწმდა მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა ზეპირსიტყვიერად მოსთხოვა მომჩივანს მატერიალური ფორმით შევსებული ინფორმაციის („სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმი N4) ორ დღეში წარდგენა საგადასახადო ორგანოში, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი არ იქნა. შესაბამისად შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივნის მიერ ჯამში 100 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი არ იყო აღრიცხული და არ გააჩნდა პირველადი საგადასახადო დოკუმენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1"გ"), 70(1"ა"), 8(22), 72, 269(1)(8), 270(1)(2)(7), 286(4)(11).