ბრძანება N 20782
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20782
22 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ - ის “ (ს/ნ "-------")
(მის.: "-------")
2023 წლის 26 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") №82622/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის №CB1491148 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სასტუმრო მომსახურების გაწევა "-------"-ში . იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასტუმრო ასევე ეწევა მისი დამსვენებლებისთვის კვების მომსახურებას, საჭიროა მალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესყიდვაც. მიმდინარე წელს ელექტროენერგიის მიწოდება სასტუმროს შეუწყდა რამდენჯერმე, რამდენიმე დღით. 2023 წლის 23 მაისს კომპანიას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და მისი მიწოდება აღდგა 2023 წლის 8 ივნისს. ამდენად, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო კომპანიას გაუფუჭდა მალფუჭებადი პროდუქტები. ორგანიზაციის მიერ შეცდომით მოხდა აღნიშნული გაფუჭებული პროდუქციის თვითნებური განადგურება/გადაყრა. გაფუჭებული პროდუქციის დასტურად, კომპანიის მიერ განხორციელდა პროდუქციის დასურათება. ასევე, მიმდინარე წლის ივლისში, კომპანიის მიერ ატვირთულ იქნა შეტყობინება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორგანიზაციის მიერ პირველად ხორციელდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა, შეცდომით ჩამოსაწერ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში მითითებულ იქნა 2023 წლის მაისში ელექტროენერგიის გათიშვისას გაფუჭებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებიც. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივლისის №5841/1 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერისას დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, რის გამოც, შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილ იქნა სადავო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კომპანიას შეეფარდა სანქცია 6102.16 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება პირის მიერ გადასახადის გადახდისგან თავის არიდების მცდელობა და აღნიშნული წარმოადგენს კანონმდებლობის არასწორად აღქმის/განმარტების შედეგს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, 2023 წლის 17 ივლისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განცხადებით (ID: "-------") მიმართა შპს „------- - მა “ (ს/ნ "-------"), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 20 ივლისს გამოცემული იქნა №სმფ-------- ბრძანება, რომლის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა შპს „"-------"-ის “ (ს/ნ "-------") მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება.
ჩამოწერის პროცედურის განხორციელებისას დანაკლისმა სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 6102.157 ლარი, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა №CB1491148 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 6102.157 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- - ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივანის მიერ განცხადებაში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება.
ჩამოწერის პროცედურის განხორციელებისას დანაკლისმა სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 6102.157 ლარი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
145(6),269(7),270,279.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლი.