ბრძანება N 13732

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.06.2024
№ დოკუმენტი 13732
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13732

11 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 4 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივნისის სხდომაზე (ოქმი №62) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) №90013/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ივნისის №065-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ 2023 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოიწვია ანგარიშ-ფაქტურის დაგვიანებით გამოწერამ. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის მომდევნო დღეს შეიქმნა დაზუსტებული დეკლარაცია, თუმცა იმის გამო, რომ კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი გადასახადის გადასახდელი თანხა, დაზუსტებული დეკლარაცია არ იქნა გადაგზავნილი. აღნიშნულსა და იმ გარემოებებზე მითითებით, რომ გადასახადის და საურავის თანხა გადახდილია, ამასთან, კომპანიას მძიმე ტვირთად დააწვება ჯარიმის გადახდა, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მაისის №10321 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“-ის (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 3 ივნისის №13011 ბრძანება და №065-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 19 029 ლარი, მათ შორის, გადასახადი 12 203 ლარი, ჯარიმა 6202 ლარი, საურავი 624 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „---------“-ს (ს/ნ ---------) 2023 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი აქვს მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (----------), ღირებულებით 137 870 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა არ ჰქონდა დაბეგრილი და ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

გადასახადის გადამხდელმა ანგარიშ-ფაქტურა (-----------) ასახა შემოწმების დანიშვნის შემდგომ 2024 წლის 13 მაისს წარმოდგენილ 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში, რაც გადამხდელის ბარათზე არ ასახულა.

ასევე, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მაისის და აპრილის თვეებში გამოწერილი აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები ჯამური ღირებულებით

137 870 ლარი. აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურები ინაშთება 2023 წლის დეკემბრისა და სექტემბრის თვეებში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გადამხდელი ვალდებული იყო დღგ-ის დეკლარაციის დანართში შეეტანა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები. გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს-ს 2023 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი აქვს მომსახურების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა არ ჰქონდა დაბეგრილი და ასახული შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

გადასახადის გადამხდელმა ანგარიშ-ფაქტურა ასახა შემოწმების დანიშვნის შემდგომ 2024 წლის 13 მაისს წარმოდგენილ 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში, რაც გადამხდელის ბარათზე არ ასახულა. ასევე, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის მაისის და აპრილის თვეებში გამოწერილი აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურები ინაშთება 2023 წლის დეკემბრისა და სექტემბრის თვეებში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1,7);270(1);275(2);291;