გადაწყვეტილება №23121/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23121/2/2024
05 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 22.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23109/2/2024).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №CB1601140 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10940 ბრძანება.
დაკისრებული სანქცია:
ჯარიმა - 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს 11.03.2024 წელს, შემდგომი რეაგირების მიზნით, დაეწერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ---------- რეგიონული სამმართველოს ---------- წერილი, საიდანაც გაირკვა რომ 10.03.2024 წელს 21:10 სთ-ზე, გადამოწმდა ---------- მარკის ავტომობილი (სახ. ნომრით ----------) რა დროსაც აღმოჩნდა რომ ---------- (პ/ნ ----------) ახორციელებდა, დაახლოებით 15 მ3 ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას ---------- რაიონის ---------- მიმდებარედ შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, ხოლო ავტომანქანაზე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების №---------- ატვირთვა მოხდა 10.03.2024 წელს 21:13 სთ-ზე, ავტომობილის გადამოწმების შემდეგ, ზედნადების თანახმად ---------- ახდენდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) კუთვნილი ტვირთის ტრანსპორტირებას (შიდა გადაზიდვა).
15.03.2024 წლის №---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის (ფიცარი და ძელაკი) საერთო მოცულობა შეადგენს 13.98 მ3 , რომლის ჯამური საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენს 11 184 ლარს დღგ-ის ჩათვლით, მათ შორის: 1) ფიცარი 12.9 მ3 საბაზრო ღირებულება შეადგენს 10 320 ლარს და 2) ძელაკი 1.08 მ3 საბაზრო ღირებულება შეადგენს 864 ლარს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №CB1601140 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №10940 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
საზოგადოების საქმიანობის პერიოდში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შიდა გადაზიდვისას დაგვიანდა პორტალზე მანქანის გააქტიურება და შესაბამისი ზედნადების გამოწერა. აღნიშნული შესრულდა 3 წუთის დაგვიანებით. ანუ აღმოფხვრილი იქნა ავტომანქანების გაჩერებისას. უბრალოდ პორტალზე ვერ მოხერხდა ზედნადებების ატვირთვა (ფიზიკურად ვერ მოესწრო პორტალზე შესვლა და ატვირთვა). ტვირთი რომელიც შიდა გადაზიდვით გადაჰქონდა საზოგადოებას იყო მაქსიმუმ 13,0 მ3 . აღნიშნულზე ექსპერტთანაც დაფიქსირდა პოზიცია და მიეთითა მის მიერ არასწორად აზომვის მეთოდზე. აღნიშნულზე შემოსავლების სამსახური არ მიუთითებს არგუმენტებს ბრძანებაში და მხოლოდ შემოიფარგლა სტატისტიკური მონაცემებით. ანუ რა სახის ტვირთი გადაჰქონდათ, რა რაოდენობის და რა ღირებულების. თუმცა საჩივარში ზუსტად რაოდენობის აზომვით არასწორ მეთოდზე აპელირებდნენ. აღნიშნულის გასაბათილებლად ვერავითარი არგუმენტი შემოსავლების სამსახურმა ვერ მიუთითა, მიუხედავად ამისა ექსპერტმაც და შემოსავლების სამსახურმაც მოახდინა საზოგადოების წარმომადგენელთა იგნორირება, ტვირთის აზომვის ოქმი შედგენილია მეორე დღეს ისე რომ თვითონ არ დასწრებიან პროცესს. აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არ არის გასაბათილებელი არგუმენტები მითითებული. მომჩივნის აზრით ხელახლა აზომვით დაადასტურებდა მათი პოზიციის სისწორე. აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებისა და პროცედურების განმარტება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ოქმის ასევე ბრძანების მომზადების წესის დარღვევას.
მომჩივნის განმარტებით მასალის ღირებულება არასწორადაა მითითებული. აღნიშნული მასალა იყო საბითუმო ფასად გასაყიდი და არა საბაზრო ღირებულების მქონე, რადგან მასალა მყიდველის მიერ კიდევ მუშავდება და იღებს საბაზრო ღირებულებას მხოლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადამუშავების შემდგომ. ანუ მათ მიერ აღნიშნული მასა ყოველთვის იყიდებოდა საბითუმო ფასებში. საზოგადოების საქმიანობის პერიოდში ნებისმიერ ზედნადებში მასალის ფასი მერყეობს მაქსიმუმ 680 ლარამდე.
შესაბამისად უნდა გათვალისწინებულიყო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ რეალურად საბითუმო ფასები და არა საბოლოო პროდუქტის მიღების შემდგომი საბაზრო ფასები საერთოდ ხის მასალის საბითუმო და საბაზრო ფასებს ადგენს ბაზარი. ნახევრად გადამუშავებული ხის მასალის ფასი და გასაყიდად საბოლოოდ გადამუშავებული ხის მასალის ფასი ვერ იქნებოდა იდენტური. რაზეც ასევე არ არის არგუმენტი შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მათი საქონლის ღირებულება ვერ იქნებოდა 10 000 ლარზე მეტი და შესაბამისად სანქციაც იქნებოდა განსხვავებული. მომჩივანი თვლის, რომ მის მიმართ გამოცემული აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და ითხოვს საჩივრის განხილვაში მონაწილეობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.მომჩივანი არ უარყოფს ფაქტს იმის თაობაზე, რომ 10.03.2024 წელს ავტომობილის (სახ. ნომრით ----------) გადამოწმების დროს (21:10 სთ-ზე) ამ ავტომობილით ტრანსპორტირებული ფიცრის და ძელაკის ტრანსპორტირებისთვის არ იყო გააქტიურებული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. მიუთითებს ექსპერტიზის 15.03.2024 წლის №---------- დასკვნის არამართლზომიერებაზე და თვლის, რომ ტრანსპორტირებული მასალის ოდენობის და ღირებულების შეფასება მოხდა ცდომილებით.
ვინაიდან მომჩივანი, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხემასალის ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, ხოლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ოდენობასა და ღირებულებასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს 11.03.2024 წელს, შემდგომი რეაგირების მიზნით, დაეწერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს წერილი, საიდანაც გაირკვა რომ 10.03.2024 წელს 21:10 სთ-ზე, გადამოწმდა ავტომობილი რა დროსაც აღმოჩნდა რომ ფიზიკური პირი ახორციელებდა, დაახლოებით 15 მ3 ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირებას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, ხოლო ავტომანქანაზე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ატვირთვა მოხდა 10.03.2024 წელს 21:13 სთ-ზე, ავტომობილის გადამოწმების შემდეგ, ზედნადების თანახმად ფიზიკური პირი ახდენდა მომჩივანის კუთვნილი ტვირთის ტრანსპორტირებას (შიდა გადაზიდვა). ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის (ფიცარი და ძელაკი) საერთო მოცულობა შეადგენს 13.98მ3, რომლის ჯამური საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის შეადგენს 11 184 ლარს დღგ-ის ჩათვლით, მათ შორის: 1) ფიცარი 12.9 მ3 საბაზრო ღირებულება შეადგენს 10 320 ლარს და 2) ძელაკი 1.08 მ3 საბაზრო ღირებულება შეადგენს 864 ლარს. ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხემასალის ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, ხოლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის ოდენობასა და ღირებულებასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, მომჩივნისთვის საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(32).