გადაწყვეტილება №25218/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2025
№ დოკუმენტი 25218/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25218/2/2025

16 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 06.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 27.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N -----/2/2025).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის შეფარდებული გაფრთხილების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის N 180186 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 06.05.2025 წლის N 8774 ბრძანება.

 

გამოყენებული სანქცია:

გაფრთხილება.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის N 180186 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი ----- მძღოლი -----) გადამოწმების დროს (17.03.2025 წ. 11:42 სთ) გამოვლინდა 1 270 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (50 კგ კარაქი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით გათვალიწინებული გაფრთხილება.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 06.05.2025 წლის N 8774 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 ნაწილებზე და 286-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

17.03.2025 წელს ახდენდა კომპანიისთვის განკუთვნილი რძის ფხვნილის ტრანსპორტირებას, რაზეც ჰქონდა ატვირთული შესაბამისი სასაქონლო ზედნადები. ავტომანქანის მძღოლმა კომპანიასთან შეთანხმების გარეშე პირადი მოხმარებისთვის ავტომობილის ბორტზე განათავსა 2 ყუთი კარაქი, რომელიც შეიძინა თვითონ, გააჩნდა ჩეკი და მიჰქონდა სახლში პირადი მოხმარებისთვის. როცა გააჩერეს ოფიცრებმა, მან აუხსნა, რომ კარაქი მიჰქონდა პირადი მოხმარებისთვის და არაფერი საერთო არ გააჩნდა კომპანიასთან, გარდა იმისა, რომ უნებართვოდ დაუდო მანქანაზე და ხელთ გამოაყოლა. ოფიცრებმა არ გაიზიარეს და შეადგინეს ოქმი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირელი ნაწილით, რომელსაც არ ეთანხმება და ითხოვს გაუქმდეს აღნიშნული ოქმი და შემოსავლების სამსახურის 06.05.2025 წლის N 8774 ბრძანება.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში ფაქტების აღწერაში მითითებულია, რომ განთავსებული იყო საწარმოსთვის განკუთვნილი კარაქი და აინტერესებს რით დაუმტკიცეს. კარაქი არ იყოს კომპანიისთვის განკუთვნილი, რძის ფხვნილზე ატვირთა სასაქონლო ზედნადები და კარაქს რატომ გამოაკლებდა. ლოგიკა სადაა, რომ აუხსნან, ეს ხომ წარმოების პროდუქციაა რძის ფხვნილი, კარაქი, შაქარი და ა.შ. თუ შეიძენს იმიტომ, რომ შექმნას პროდუქტი, რატომ არ შეიტანს სასაქონლო ზედნადებში.

გარდა ამისა, მძღოლმა გამოაგზავნა ახსნა-განმარტება, რომ კარაქი იყო მისი და არ გაითვალისწინეს. ანუ ამბობს, რომ კარაქი არ არის კომპანიის და პირი აცხადებს, რომ არის მისი და წერს ახსნა განმარტებას. საიდან ამტკიცებენ ან რით მტკიცდება, რომ კარაქი არ არის მძღოლის. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია კოდექსის მუხლები და მინისტრის ბრძანების განმარტებები, რომელიც როგორც მეწარმემ ისედაც იცის. რატომ არ არის არგუმენტირებულად პასუხი გაცემული საჩივარზე ან მძღოლის ახსნა-განმარტებაზე. ყველა მატყუარაა? და რადგან დაადგინა ოფიცერმა, რომ სასაქონლო ზედნადები არ იყო, ესეიგი არ იყო და მორჩა! ურთავს განცხადებას, რაც წარადგინა შემოსავლების სამსახურში და ითხოვს გულისხმიერად განხილვას. „გაფრთხილება“ დიდი შეღავათია იმისთვის ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა, კომპანიამ არ ჩაიდინა სამართალდარღვევა და არ შეეგუება უსამართლოდ გამოწერილ ოქმს.

მე-2 ოქმიც შედგა ვინაიდან მძღოლის სახელი და გვარი იყო შეცდომით. გაუგებარია ის გარემოება, რომ გამომწერს შეაქვს მონაცემები ანუ გამყიდველს და არა მყიდველს!!! მომჩივანს რატომ გამოუწერეს? ანუ შპს „-----“-ს შეეშალა? რომ გამოწერილი იყო სხვა კომპანია, თუმცა არ ასაჩივრებს იმიტომ, რომ ვერ გამოეკიდება სხვა კომპანიას, ვინაიდან აქვს საქმიანი ურთიერთობა და არ უნდა დაადანაშაულოს. უბრალოდ აღნიშნავს დამოკიდებულებას. აჩერებს ოფიცერი, გამომწერის ნაცვლად მყიდველს უწერს ოქმს, მძღოლი ეუბნება, რომ საქონელი მისია და კომპანიას აჯარიმებს. აქვს გულისხმიერების იმედი და საქმის სწორად განხილვის და დეტალურად შესწავლის.

ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 06.05.2025 წლის N 8774 ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის N ----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, − იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.05.2025 წლის N -----21-12 წერილით ირკვევა, რომ 17.03.2025 წელს 11:42 სთ-ზე, მცხეთის რაიონი, სოფ. წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით: ----- მძღოლი ----- (პ/ნ -----), რომლის ძარაზე განთავსებული იყო შპს „-----“-ის (ს/ნ -----) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1 270 ლარის ღირებულების 50კგ. 2 ყუთი კარაქი. ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე. აგრეთვე ძარაზე განთავსებული იყო 22 000 ლარის ღირებულების რძის ფხვნილი გამოწერილი ზედნადებით N -----.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტი, კერძოდ, გადამოწმებულ სატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლენილი ერთგვაროვანი სახეობის და მოცემული რაოდენობის საქონელის ფიზიკური პირის პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილად განხილვა, არ დასტურდება, რამდენადაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2025 წლის N ----- საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმში არ არის აღნიშნული მძღოლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოვლენილი 1 270 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელი (50 კგ კარაქი) პირადი მოხამრებისთვის ჰქონდა შეძენილი. ამასთან, მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ზედანდების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი მძღოლს შეძენილი ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სასაქონლო ზედნადების გარეშე გამოვლენილი საქონელის მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილად განხილვა და მისთვის შესაბამისი სანქციის (გაფრთხილება) დაკისრება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის შეფარდებული გაფრთხილების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს გამოვლინდა 1 270 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (50 კგ კარაქი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულზე მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით გათვალიწინებული გაფრთხილება. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ სასაქონლო ზედნადების გარეშე გამოვლენილი საქონელის მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილად განხილვა და მისთვის შესაბამისი სანქციის (გაფრთხილება) დაკისრება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 270; 286; 269;.