გადაწყვეტილება №27815/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27815/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,31.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 17.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27815/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.05.2025 წლის №24992/2/2025 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2026 წლის №021-50 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 199 074,7 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 92 074
ჯარიმა - 27 389
საურავი - 79 611,7
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე თუნუქის სახურავის რეალიზაცია. სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ძირითადად ჩინეთიდან. საწარმო დაფუძნდა 17.07.2019 წელს. იმავდროულად რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2023 წლის №021-116 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 30.05.2024 წლის №22561/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.02.2024 წლის №3966 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 30.05.2024 წლის №22561/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 1.07.2024 წლის №15459 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის 1.07.2024 წლის №15459 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 30.12.2024 წლის №021-103 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 1.05.2025 წლის №24992/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საბჭოს 1.05.2025 წლის №24992/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის მიხედვით კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხმები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 8.06.2026 წლის №021-50 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2026 წლის №"-------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ შედგენილ აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნას, მის საფუძველზე გამოცემულ 8.06.2026 წლის №12533 ბრძანებას და 8.06.2026 წლის №021- 50 საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 8.06.2026 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2026 წლის №021-50 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 8.07.2026 წელი. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგენილია 15.07.2026 წელს (საბჭოში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი 17.07.2026 წელი №27815/2/2026).
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ ფასნამატის საკითხი დააბრუნა შემოსავლების სამსახურში გადასაანგარიშებლად. ეს საკითხი აუდიტორთან ერთად უნდა გაევლო. გადაგზავნა ცხრილები და თვითონაც იყო თბილისში ჩამოსული. გაიარა საკითხი და აშკარად მცირდებოდა გადასახადი განხილვის შემდეგ. დამატებით ცხრილი უნდა წარედგინა, რაზეც შეთანხმდნენ. ამის შემდეგ არავინ შეხმიანებია, ელოდა შემდეგ შეხვედრას განსახილველად, როგორც შეთანხმდნენ. ამიტომ არ ჰქონდა მოლოდინი, რომ მის გარეშე განიხილავდნენ. ყურადღება ჰქონდა მოდუნებული და ოპერატორს გაუხსნია შეტყობინება და მისთვის არ უცნობებია (არ მიუქცევია ყურადღება თუ ესოდენ მნიშვნელოვანი შეტყობინება იყო), ამიტომ ვერ მოახერხა დროულად გასაჩივრება. მოითხოვს გათვალისწინებულ იქნას არგუმენტი ვადის დარღვევასთან დაკავშირებით და მიღებულ იქნას განხილვაში საჩივარი. დამატებით კიდევ წარმოადგენს დოკუმენტაციას. ოპერტატორი 8.06.2026 წელს 13:40:38 სთ-ზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის მიზნით შევიდა პორტალზე და გახსნა აუცილებელი შეტყობინება (აქტივობების რეესტრი და სასაქონლო ზედნადების გაწერის დრო) ისე, რომ არ წაუკითხავს რა იყო. გამომდინარე მომჩივნის და აუდიტორის შეხვედრიდან არ ჰქონდა მოლოდინი, რომ დასკვნა უკვე იყო გამოგზავნლი. აღნიშნული შეიტყო, როცა უკვე ბარათზე გადავიდა დარიცხვა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივნის არგუმენტს, რომ სადავო აქტი შპს „--------“-ის უფლებამოსილ პირს არ გაუხსნია პირადად, საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტის ჩაბარება და გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების რისკის მატარებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
ამგვარად, ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით და ამასთან, არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული იმპორტის გარდა ასევე გააჩნია ადგილობრივი შეძენა საერთო შეძენის 4,8%-ის ოდენობით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა-რეალიზაცია ხორციელდება კილოგრამებში.
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაციები 25%. შესაბამისად,გაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი,ასევე დეკლარირებული ბრუნვიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება, შესაბამისი პერიოდების დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის შესაბამისად.აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ შეძენილი, რეალიზებული და ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ანალიზით დგინდება, რომ ინვენტარიზაციამდე პერიოდზე გადამხდელის მიერ შემცირებულია დეკლარირებული ბრუნვები, ხოლო ინვენტარიზაციის შემდგომ პერიოდზე, დეკლარირებული ბრუნვები კორექტირებას არ საჭიროებს.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციამდე პერიოდზე, გადამხდელის მიერ წინა საანგარიშო პერიოდების დაუდეკლარირებელ რეალიზებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე გავრცელდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი.გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301.