გადაწყვეტილება N 5819/2/2018

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2018
№ დოკუმენტი 5819/2/2018
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საჩივარი №5819/2/2018

30/07/2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი.მ. ----------

შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 30/07/2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი.მ. ----------ს 2018 წლის 07 მაისს რეგისტრირებულ საჩივარზე.

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხედტყოს (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება (286.12);

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №9663 ბრძანება;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მარტის №CB865602 სამართალდარღვევის ოქმი;

დარიცხული თანხა: 5000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა

 

ფაქტების აღწერა

№ CB865602 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით ---------- ახორციელებდა ----------ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1566 ლარის ღირებულების ხე-ტყის პირველადი გადამუშავებით მიღებული პროდუქტების (აკაციის სარები 552 ცალი) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

აღნიშნულზე წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის №9663 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

საქმეზე წარმოდგენილი მასალებით ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, 2018 წლის 27 მარტს გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით: ----------, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ---------- ახორციელებდა ი/მ ----------ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირებას 2015 წლის 15 აგვისტოდან მოქმედი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დაბატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტირების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად „სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის: (10.08.2015 257 ამოქმედდეს 2015 წლის 15 აგვისტოდან) ა)ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; ბ)მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 27 მარტს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ მიმართა ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს. შემოწმებით დადგინდა, რომ ავტომობილზე სახ.ნომრით ----------, განთავსებული 522 ცალი აკაციის სარის საერთო საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1566 ლარია დღგ-ის ჩათვლით.

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე 2018 28 მარტს ი/მ ---------- ის მიმართ შედგენილი იქნა № CB865602 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდამრღვევ პირს სსკ-ის 286-ე მუხლის 12 ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12-ე ნაწილზე, რომლის თანახმად სამეწარმეო საქმიანობისათვისმრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაწონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მჯათი პირველადი გადამუშავების პროცუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადსახადო დავალიანების გადახდევინმების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის შესაბამისად: „1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საწონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლოს შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანხმლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანხმლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

21. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საგდასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისა, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლების მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალებას გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქონლის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამხიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის თამახმად: სამეწარმეო საქმიანოისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღნიშნავს, რომ თავისი ----------დან ----------ის მიმართულებით გადაჰქონდა 522 ცალი „აკაციის სარი“. სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული იყო 300 ცალზე და ზედნადების კატეგორიაში არჩეული მქონდა „ჩვეულებრივი“, რაც გამოწვეული იყო იმით რომ მისი ინფორმაციით „ხე-ტყის“ კატეგორიის ზედნადები გამოიწერებოდა იმ შემთხვევაში თუ მორის დიამეტრი წვრილი თავიდან არ აღემატებოდა 12 სმ. ვინაიდან აღნიშნული სარები გამოიყენება ვენახის ბოძებად მათი დიამეტრი 12 სმ გაცილებით პატარაა. ამასთან 2017 წლიდან მონიჭებული ჰქონდა მცირე მეწარმის სტატუსი და კანონმდებლობის შესაბამისად ზედნადების გამოწერის ვალდებულება არ გააჩნდა (მე ასე ვიყავი ინფორმირებული). რაც შეეხება დანარჩენ 222 ცალ სარს, რომელიც არ იყო ზედნადებში ასახული წარმოადგენს ე.წ. „ნაპობ“ სარს, რომლის სასარგებლო გამოყენება მცირეა და მისი ფასიც დაბალია (სადღაც 1 ლარამდე) შესაბამისად წინასწარ უცნობი იყო დაიტოვებდა თუ არა მას კლიენტი და არ მომხდარა აღნიშნულის გაწერა. ანუ მიჰქონდა სასინჯად.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი № CB865602. ასევე ითხოვს იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ აღნიშნული არის პირველი შემთხვევა. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ 1990 წლიდან იყო ინვალიდი რამოდენიმე წლის უკან გაიარა რეაბილიტაციის კურსი და უკვე გამოუკიდებლად ეწევა საქმიანობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო დამატებული ღირებულების გადასაახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს), სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12-ე ნაწილის, თანახმად სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორიტრება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 24-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით:

2. სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალი, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.

ამავე ბრძანების 252-ე მუხლის მიხედვით:

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისათვის შემდეგში-ზედნადები) არის №II-01 3 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) - ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმენტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ:

ბ.ა) ფიცარზე - სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;

ბ.ბ) ძელზე- სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;

ბ.გ) ძელაკზე - მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;

ბ.დ.) შპალზე - დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძილისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი და გაუჟღენთავი;

ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე - მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი;

ბ.ვ.) შავად ნამზად დეტალზე - გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზდი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი;

ბ.ზ) ფანერზე (შპონი) - სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი;

ბ.თ) დაპობილ - დაჩეხილ სათბობ შეშაზე;

გ) ხე-მცენარეებზე - თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლის და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა);

დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმენტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: „საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.“

დადგენილია, რომ მომჩივანი ახორციელებდა ----------ის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 1566 ლარის ღირებულების ხე-ტყის პირველადი გადამუშავებით მიღებული პროდუქტების (აკაციის სარები 552 ცალი) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად შეეფარდება ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

საჩივარში მითითებული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ზედნადებში დაუფიქსირებელი ხე-ტყის პირველადი პროდუქტები (აკაციის 222 ცალი „ნაპობი“ სარი), ვინაიდან მიჰქონდათ „სასინჯად“ არ საჭიროებდა ზდნადების გამოწერას, საბჭომ არ მიიჩნია მართლზომიერად.

ამასთან საბჭომ არ გაიაზრა მომჩივნის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მის მიერ ტრანსპორტირებული მასალისათვის ჩვეულებრივი ზედნადების გამოწერის ფაქტი შემოსავლების სამსახურს უნდა მიეჩნია მართლზომიერ ქმედებად მასალის მოცულობებიდან გამომდინარე, ვინაიდან ფინანსთა მინისტრის 2010 წლის N996 ბრძანების 252 -ე მუხლის მიხედვით დადგენილ შემთხვევებისგან განსხვავებულ მოცულობებზე, არც ჩვეულებრივი და არც ხე-ტყის ზედნადების, შედგენის ვალდებულება საერთოდ არ არსებობს.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის N9663 ბრძანების ძალაში დატოვების თაობაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისათვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.