ბრძანება N 19130

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 19130
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 19130

04 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 14 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ------- (ს/ნ -------) №82327/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივნისის №184154 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4132 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ ------- (ს/ნ -------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ი/მ ------- საქმიანობის სფეროა პარფიუმერიითა და კოსმეტიკით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

ინვენტარიზაციის დაწყებისას გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი მასზედ, რომ შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტაცია ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ასევე, გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მას არ ჩაუტარებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ, რომელსაც ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწვდიდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

ი/მ ------- საინვენტარიზაციო კომისიას წარმოუდგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ბუღალტრული ნაშთი 2023 წლის 6 მარტის მდგომარეობით, რომლის თვითღირებულებამ შეადგინა 1 819 986 ლარი.

ი/მ ------- ჩამოერთვა განმარტებითი ბარათი მასზედ, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ, რომლის წევრებიც თვითონ არიან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია, აღწერილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

საბაზრო ფასები განსაზღვრულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გამოცხადებული ფასების მიხედვით.

გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე კონტროლის განხორციელების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწვეტილების პროექტი და ეცნობა, რომ საწინააღმდეგო პოზიციის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს პროექტის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარმოადგინოს წერილობითი პოზიცია და მონაწილეობა მიიღოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს მიერ საკითხის განხილვაში პირადად ან წარმომადგელის მეშვეობით. წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით ი/მ ------- მიერ საწინააღმდეგო პოზიცია არ დაფიქსირებულა.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 1 938 170 ლარი. აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით 193 817 ლარით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 14 ივნისს შედგენილ იქნა №184154 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის ოდენობას და ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 1 938 170 ლარი. აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა სანქცირებას საბაზრო ღირებულების 10% ოდენობით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9)