გადაწვეტილება №20886/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.12.2023
№ დოკუმენტი 20886/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20886/2/2023

06 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 22.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20886/2/2023).

 

დავის საგანი:

ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №011-3806 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21456 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

2023 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (გადასახადი - 343 168 ლარი, ჯარიმა - 104 173 ლარი და საურავი - 44 744 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №011-3806 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

აღნიშნული ბრძანება 2023 წლის 22 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 31 აგვისტოს №21456 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 238-ე, 241-ე მუხლებზე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „------ -ს “ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2023 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით, ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ვალის მართვის დეპარტამენტის 3.08.2023 წლის №011-3806 ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან კომპანიის აღიარებული დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მაისის №006-57 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი დანაკლისით. შესაბამისად, საწარმოს ამ ეტაპზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება ფაქტობრივად სასამართლოში არის გასაჩივრებული და სასამართლო პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბუნებრივია, კომპანიას არ ექნება არანაირი დავალიანება.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21456 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს, 2023 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით, ერიცხებოდა და დღესაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივნის ქონებას მართლზომიერად დაედო ყადაღა.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიის აღიარებული დავალიანება წარმოშობილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მაისის №006-57 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი დანაკლისით. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ამ ეტაპზე გასაჩივრებულია სასამართლოში და სასამართლო პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომპანიას არ ექნება არანაირი დავალიანება.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 1 მაისის №006-57 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე საწარმოს დაკისრებული აქვს მხოლოდ ჯარიმა, რომელიც ამ ეტაპზე ბარათზე ირიცხება როგორც არაღიარებული საგადასახადო დავალიანება. ამასთან, მომჩივანს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის და საურავის სახით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №21456 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აგვისტოს №011-3806 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 31 აგვისტოს №21456 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

238,241.