ბრძანება N 3106
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3106
20.02.2023
შპს „--------“ (ს/ნ------)
(მის.: ქ. -----------------)
2023 წლის 9 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ-----) 2023 წლის 9 იანვრის №18607/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 დეკემბრის №021-116 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი ითხოვს დარიცხული ქონების გადასახადის შემცირებას. აცხადებს, რომ საწარმო არ ფლობს ქონებას და ყოველწლიურად წარდგენილი აქვს ნულოვანი დეკლარაციები.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივნისის №15176 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“ (ს/ნ-----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----“ (ს/ნ-----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უძრავი ფულადი ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია), ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ივნისის №15176 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 7 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 55 702 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 331 ლარი და ჯარიმა 45 371 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 5 დეკემბრის №021-116 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის სალაროში არსებული ფულადი სახსრები და გამოვლენილ იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 9) შესაბამისად. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადამხდელის სალაროში გამოვლენილი ფულადი სახსრების არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამფუძნებელზე, გაცემულ დივიდენდად და კორექტირებას დაექვემდებარა აღნიშნულ საკითხში შემოწმებით დარიცხული თანხა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია. კერძოდ, ხელშეკრულებები სხვადასხვა სახის მომსახურების შეძენის შესახებ და შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის შედეგად დაკორექტირდა მოგების გადასახადში დარიცხული თანხები. გადასახადის გადამხდელს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, გადამხდელის სალაროში გამოვლენილი ფულადი სახსრების არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და კორექტირებას დაექვემდებარა შემოწმებით დარიცხული თანხები, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული ხელშეკრულებები სხვადასხვა სახის მომსახურების შეძენის შესახებ და შესრულებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის შესწავლის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც პირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება, ასევე რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ-----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.