ბრძანება N 19314

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.08.2024
№ დოკუმენტი 19314
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19314

26 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 5 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 5 აგვისტოს №91217/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №006-357 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის გაზრდას. მიიჩნევს, რომ შემოწმების აქტში დაფიქსირებული ინფორმაცია შეიცავს უზუსტობებს და არასწორ შეფასებას. კერძოდ, შემოწმებით დამატებით დღგ-ით დაიბეგრა ის საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების დასაბეგრ პროდუქტს (შაქარი, ბრინჯი, ზეთი და ა.შ), თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიერ დაიბეგრა ყველი, თაფლი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა საქონელი, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან. შედეგად, გადამხდელი ითხოვს არასწორად დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირებას.

2. გადამხდელი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა დარიცხვა, არ არის სრულყოფილი და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას კომპანიის ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ, კერძოდ არ არის გათვალისწინებული დებიტორების და კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბანკიდან განხორციელებული ისეთი გადახდები, რომლებზეც არ არის მიღებული ანგარიშ-ფაქტურები, ასევე არ არის გათვალისწინებული სესხისთვის გადახდილი თანხები. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებისას დაშვებულია შეცდომები და ხარჯებში გათვალისწინებული არ არის შემოსავლების 75%. შესაბამისად, ითხოვს ისეთ საქონელზე, რომელზეც არ არის წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, ხარჯები გათვალისწინებულ იქნას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, ხოლო გამოვლენილი სხვაობის თანხა დაიბეგროს მოგების გადასახადით. აღნიშნულ ნაწილში ასევე ითხოვს გათვალისწინებულ იქნას „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად სალაროში არსებული თანხები, ვინაიდან, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საწარმო შესყიდვებს ძირითადად ახორციელებდა სალაროდან. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, როცა საწარმოს აღარ უფიქსირდება შემოსავლები ბანკში, სალაროდან შეტანილია თანხები ბანკის სესხების და სხვა ვალდებულებების დასაფარად. გადამხდელი ასევე მიჩნევს, რომ შემოწმების მიერ არ უნდა განხორციელებულიყო ე.წ. თანხის „აგროსვა“, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადში დამატებითი დარიცხვა. შედეგად, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას და დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27856 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს ადგილობრივი წარმოების საქონლის დღგ-ით დაბეგვრი საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, ინფორმაცია სესხის დასაფარად გადახდილი თანხების შესახებ (მათ შორის, საბანკო ამონაწერი);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები მიიჩნიოს საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27856 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 4 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 55 732 ლარი, მათ შორის, გადასახადი 40 718 ლარი, ჯარიმა 15 014 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 8 ივლისის №006-357 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ადგილობრივი წარმოების საქონლის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით. გამოვლინდა დამატებითი გარემოება და ინფორმაცია, რაც შემოწმებისათვის არ იყო ცნობილი, კერძოდ, რიგი მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური მარაგები, რომელიც წარმოადგენდა ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტს და შემოწმების მიერ ვერ ხდებოდა მისი იდენტიფიცირება, გადამხდელის მიერ იქნა გამიჯნული, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ იქნა გათვალისწინებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

2. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტები და დოკუმენტაცია (საბანკო ანგარიშის ამონაწერი). გამოვლინდა დამატებითი გარემოება და ინფორმაცია, რაც შემოწმებისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რადგან შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არის თანხები საბანკო ანგარიშზე შეტანილი. გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ იქნა გათვალისწინებული. შემოწმებამ, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ საბანკო ანგარიშზე სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები (204 228 ლარი) მიიჩნია საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, კერძოდ, შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და პირს დაერიცხა მოგების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ასევე, შემოწმებამ, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ საბანკო ანგარიშზე სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები (204 228 ლარი) მიიჩნია საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და დაერიცხა მოგების გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვის გაზრდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ასევე, შემოწმებამ, შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ საბანკო ანგარიშზე სესხის/ვალდებულებების დასაფარად გადახდილი თანხები (204 228 ლარი) მიიჩნია საწარმოს მიერ ანგარიშვალდებულ პირზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაცემულ სესხად და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და დაერიცხა მოგების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).