ბრძანება N 21445
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21445
31 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ს (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 21 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) №83177/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივლისის №CB1493511 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2023 წლის 19 ივლისს RS პორტალის საშუალებით აიტვირთა 2 განაცხადი ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით. ერთი განაცხადი დადასტურდა ავტომატურად, ადგილზე გაუსვლელად (ID:-------), მეორე განაცხადის (ID:-------) თაობაზე კი მონიტორინგის სამსახურმა მოითხოვა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასახელების ველში მითითებული ბარკოდების ნაცვლად ჩაეწერათ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დეტალური აღწერილობა. სამსახურთან კომუნიკაციის შემდეგ აღნიშნული განაცხადი დახარვეზდა. 2023 წლის 20 ივლისს თავიდან ატვირთეს განაცხადი, რომელშიც გაითვალისწინეს შენიშვნები და მიუთითეს მოთხოვნილი დეტალები - განაცხადის ID:-------. აღნიშნულ განაცხადში განადგურების ადგილის მისამართში მითითებული იყო საწყობის ფაქტიური მისამართი, რაზეც მიიღეს რეკომენდაცია, რომ თუ აღნიშნულ მისამართზე ვერ ხერხდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განადგურება, უნდა შეიცვალოს ნაგავსაყრელის ადგილის მისამართი. არ დაელოდა განაცხადის დახარვეზებას, არ გადაამოწმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ უკვე გამოცემული ბრძანება №5895 (24.07.20 23) და 2023 წლის 26 ივლისს ატვირთეს იდენტური განაცხადი ID:-------, სადაც განადგურების ველში მიუთითეს ნაგავსაყრელი. შედეგად კომპანიამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოსაწერად წარადგინა ორი იდენტური განაცხადი, ხოლო მონიტორინგის სამსახურმა გამოსცა მეორე ბრძანება №5908 (26.07.2023) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მათ მიზანი არ ყოფილა ხარჯების გაზრდის მიზნით საგადასახადო ორგანოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. მონიტორინგის სამსახურთან კომუნიკაციის შედეგად შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ განაცხადში სავალდებულოდ და სწორად უნდა წარედგინათ სასაქონლომატერიალური ფასეულობების განადგურების ადგილი, რის შედეგადაც შეცდომით და გადაუმოწმებლად ატვირთეს მეორე განაცხადი. მოგვიანებით, სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე მიმართეს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს განცხადებით და მოითხოვეს ID:-------ში განადგურების ადგილის შეცვლა ნაგავსაყრელის მისამართით.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, 2023 წლის 26 ივლისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ID:------- ელექტრონული განაცხადით (157070,47 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე) მიმართა შპს “-------“-მ (ს/ნ -------), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 26 ივლისს გამოცემული იქნა ბრძანება №სმფ -5908, რომლის მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს დაევალათ შპს “-------“-ს ( ს/ნ -------) მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 2023 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.
2023 წლის 27 ივლისს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადდნენ შპს „-------“-ში სადაც კომპანიის მინდობილ პირს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები.
გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი, რომელმაც სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 157 070.47 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა №CB1493511 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 157070.47 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე, იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე) მიმართა მომჩივანმა, რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას.
გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი.
აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 145(6); 279(3); 269(7);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 33(1)