გადაწყვეტილება №26311/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26311/2/2025
05 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 12.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26311/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2829 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2025 წლის №042-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24460 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 498 232.77 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი: 1 376 609
დღგ - 521 661
საშემოსავლო გადასახადი 854 948
ჯარიმა - 688 304
საურავი - 433 319.77
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა ხე-ტყის მასალის შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31156 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.01.2024 წლის №1550 ბრძანებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, შემოწმდა 31.01.2024 წლამდე პერიოდი.
შემოწმების შედეგები აისახა 29.04.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2024 წლის №11653 ბრძანება და №042-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.07.2024 წლის №16839 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.12.2024 წლის №23805/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 17.02.2025 წლის №2829 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაავალა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2829 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 3.04.2025 წლის №24873/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2829 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2025 წლის №042-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 5.11.2025 წლის №24460 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №24460 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 17.12.2025 წლის №-21-04 წერილით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, სადავო გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 17.11.2025 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 8.12.2025 წელი (არასამუშაო დღის გათვალისწინებით), ხოლო, საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 12.12.2025 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა.
2025 წლის 22 დეკემბერს გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია და ეთხოვა წერილობით წარმოედგინა არგუმენტაცია და მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით. სატელეფონო კომუნიკაციის დროს განაცხადა, რომ ბუღალტერი იყო ცუდად და ვერ მოახერხა ვადაში საჩივრის წარდგენა, თუმცა მომჩივანს აღნიშნულთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №2829 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №31156 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1550 ბრძანებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, შემოწმდა 31.01.2024 წლამდე პერიოდი.შემოწმების შედეგები აისახა 29.04.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №11653 ბრძანება და №042-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №16839 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №23805/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც №2829 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაავალა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე , საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის №2829 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის №24873/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.შემოსავლების სამსახურის №2829 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №042-19 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და №24460 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №24460 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ე“);