გადაწყვეტილება №27426/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.07.2026
№ დოკუმენტი 27426/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27426/2/2026

15 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ბარათაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), 18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 27.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27426/2/2026).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2026 წლის №068-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11400 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 208 904,38 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 119 269

ჯარიმა - 59 838

საურავი - 29 797,38

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის რეალიზაცია, -------.

აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმდა საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2026 წლის №068-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11400 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ, საწარმომ 2025 წლის აპრილის თვეში დაიწყო დამატებითი ეკონომიკური საქმიანობა, კერძოდ, საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საწარმოს უფიქსირდებოდა 3 პოსტერმინალი და 5 საკონტროლო-სალარო აპარატი. თითოეულ მოწყობილობაზე ფიქსირდებოდა ოპერაციები შემოწმების მთელი პერიოდის განმავლობაში. გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები ნაკლები იყო პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებში განხორციელებული ოპერაციების ჯამზე. აღნიშნული სხვაობა გადასახადის გადამხდელის განმარტებით, გამოწვეულია პოსტერმინალზე საქონლის ღირებულების გატარების შემდგომ, იგივე ოდენობის თანხის დამატებით საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით გატარებით. აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ განმარტებული გატარებები, ხვდებოდა მხოლოდ იმ პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე, რომლებიც ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის რეალიზაციის დროს გამოიყენებოდა. დრაივის შემთხვევაში, სალარო აპარატი და პოსტერმინალი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა. შემოწმების პროცესში, მოხდა გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების შესწავლა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებთან შედარება. შედეგად ვერ მოხერხდა პოსტერმინალსა და საკონტროლოსალარო აპარატზე გატარებული თანხების ერთმანეთთან შედარება, გადამხდელის მიერ განმარტებული პრინციპის შესაბამისად. გადამხდელს მიეცა დამატებით დრო და რეკომენდაცია წარმოედგინა ასეთი ტიპის შედარებები დღეების მიხედვით, თუმცა მათგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და შედარება ვერ მოხერხდა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლებით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა პირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოს-ტერმინალებზე დაფიქსირებული იყო ჯამში 5 841 454 ლარის გატარება. გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენდა 4 287 731 ლარს. შემოწმებით, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე დაფიქსირებული თანხების დუბლირების ფაქტთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლებმა მოახდინეს კომპანიის სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალების მაჩვენებლების დაჯამება, რის შედეგადაც გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, რადგანაც გაზის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი ოპერატორი პოს-ტერმინალებზე შესრულებულ ოპერაციებზე (გადახდებზე), არასწორად დამატებით ახორციელებდა ნაღდი ანგარიშსწორების სალარო აპარატზე ოპერაციის დაფიქსირებას (ჩეკის ამობეჭვდას) აღნიშნულმა გამოიწვია კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის არამართებული ზრდა. ტერმინალის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების დუბლირებას მოწმობს კომპანიის ფასნამატი, ვინაიდან შემოწმების მიერ განსაზღვრული ბრუნვის (ტერმინალს პლუს სალარო) რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებასთან შედარების შედეგად მიღებული ფასნამატი ორჯერ აღემატება მსგავს სფეროში არსებულ ფასნამატს, ხოლო კომპანიის მიერ შეძენილ საქონელზე აღნიშნული ფასნამატის გავრცელების შედეგად მიღებული ბუნებრივი აირის სარეალიზაციო ფასი ალოგიკურად ბევრად აღემატება მსგავს სფეროში არსებული კომპანიების მიერ საჯაროდ გაცხადებულ ფასებს (იხ. თანდართული მტკიცებულებები, ------- ფასების არქივი).

გარდა ზემოაღნიშნულისა, ტერმინალის საშუალებით შესრულებულ გადახდებზე შეცდომით სალარო აპარატით ორჯერ შეცდომით ასახვაზე მეტყველებს, ბუნებრივი აირის რეალიზაციის აღმრიცხველი ორი ტერმინალისა და სალარო აპარატის ურთიერთშედარების ცხრილი (იხ. თანდართული ცხრილი). შეცდომით რეალიზაციის ორჯერ ასახვაზე განსაკუთრებით მეტყველებს ის გარემოება, რომ ემთხვევა არა მარტო მთელი რიცხვები, არამედ წუთებისა და მეათედების სიზუსტით არამთელი გატარებები, მაგალითად 40,94; 21,12; 53,18 და ა.შ.

ზოგიერთ შემთხვევაში, ოპერატორი ტერმინალზე შესრულებულ რამდენიმე გატარებას სალარო აპარატზე აფიქსირებდა ჯამურად, აღნიშნულის დასადასტურებლად კი განხორციელდა სხვა მსგავსი კომპანიების ფასებისა და ფასნამატის ანალიზი და აუდიტის მონაცემებთან შედარება.

გაზგასამართი სადგურის რეალიზაციების 97,8% მოდის ბუნებრივი აირის რეალიზაციაზე და კომპანიის საერთო რეალიზაციებში „დრაივის“ წილი შეადგენს დაახლოებით 2,2%-ს. კომპანია საქონლის შეძენას ახორციელებს შპს -------, საწარმოს მიერ დეკლარირებული ფასნამატი კი შეადგენს 15%-ს. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ტერმინალისა და სალარო აპარატის მონაცემების დაჯამებით დადგენილი ფასნამატი შეადგენს 33%-ს, 33%-იანი ფასნამატის პირობებში კი 1მ3 ბუნებრივი აირის საშუალო სარეალიზაციო ფასი შეადგენს 1,73 ლარს.

მოძიებულ იქნა როგორც იდენტური საქონლის მოვაჭრე კომპანიების ცალკეული პერიოდების მიხედვით საჯაროდ გაცხადებული ფასები, ასევე, ფინანსურ ანგარიშგებებში დაფიქსირებული ფასნამატები. (იხ. თანდართული ფასების არქივი და მსგავსი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები). ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიის მიერ დეკლარირებული ფასნამატი სავსებით ლოგიკურია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ სალარო აპარატებისა და პოს-ტერმინალების მონაცემების დაჯამებით მიღებული მონაცემებით დადგენილი როგორც ფასნამატი, ასევე სარეალიზაციო ფასი კი პირიქით სავსებით ალოგიკური. ამრიგად, წარმოუდგენელია ერთი და იმავე საქონელი არაბრენდირებულ გაზგასამართ სადგურზე იყიდებოდეს 20 თეთრით ძვირად, ვიდრე ამავე საქონლის რეალიზატორ ცნობილ ბრენდირებულ გაზგასამართ სადგურზე. გაანალიზდა, ------- სარეალიზაციო ფასები და აღნიშნული ბრენდების ფასები მნიშვნელოვნად ჩამორჩება აუდიტის მიერ განსაზღვრული კომპანიის საშუალო ფასისგან. შესაბამისად, აღნიშნული მსჯელობა ნათლად ასახავს შემოსავლების დუბლირებას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ვინაიდან კომპანიის სარეალიზაციო საქონელი, ბუნებრივი აირი, წარმოადგენს ფართო მოხმარების საქონელს, რომლის რეალიზაციაც დაკავშირებულია მაღალ კონკურენციასთან და გაცხადებული სარეალიზაციო ფასები ექვემდებარება მარტივ გადამოწმებას, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებისა და დეკლარირებული ბრუნვის ურთიერთშედარებისას მარტივად განესაზღვრა კომპანიის დეკლარირებული ფასნამატი და საშუალო სარეალიზაციო ფასი, შედეგად შესაძლებელი იყო მარტივად მომხდარიყო კომპანიის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების სისწორის შემოწმება, ვინაიდან ტერმინალისა და სალარო აპარატის მონაცემების დაჯამება იძლევა არალოგიკურად მაღალ ფასნამატსა და სარეალიზაციო ფასს. შესაბამისად, კომპანია ვერ შევიდოდა კონკურენციაში ბაზარზე არსებულ სხვა გაზგასამართ სადგურებთან, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა შპს ------- არ წარმოადგენს ბრენდირებულ გაზგასამართი სადგურების ქსელს. კომპანია გაზის შეძენას ახორციელებს უშუალოდ შპს ------- და არა ცენტრალური მილსადენით საქართველოს გაზის ტრასპორტირების კომპანიიდან, შესაბამისად, კონკურენციაში შესვლის მიზნით კომპანიას უწევს ოპერირება მოახდინოს დაბალი ფასნამატის პირობებში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, გაზის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი ოპერატორი პოსტერმინალებზე შესრულებულ გადახდებზე, არასწორად დამატებით ახორციელებდა ნაღდი ანგარიშსწორების საკონტროლო-სალარო აპარატზე ჩეკის ამობეჭდვას. დაზუსტებული საჩივრით, პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე დაფიქსირებული თანხების დუბლირებასთან დაკავშირებით, მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა მტკიცებულება, სადაც გაანალიზებულია პოსტერმინალზე შესრულებული გადახდები და საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი ქვითრების დუბლირება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული ბრუნვები ნაკლები იყო პოსტერმინალებსა და საკონტროლოსალარო აპარატებში განხორციელებული ოპერაციების ჯამზე. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული იყო დუბლირებით. გადასახადის გადამხდელის მიერ განმარტებული გატარებები ხვდებოდა მხოლოდ იმ პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე, რომლებიც ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის რეალიზაციის დროს გამოიყენებოდა. დრაივის შემთხვევაში, საკონტროლოსალარო აპარატი და პოსტერმინალი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა. შემოწმების მიერ, მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესწავლა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებთან შედარება. შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატზე გატარებული თანხების ერთმანეთთან შედარება, გადამხდელის მიერ განმარტებული პრინციპის შესაბამისად. მომჩივანს მიეცა დამატებით დრო და რეკომენდაცია წარმოედგინა ასეთი ტიპის შედარებები დღეების მიხედვით, თუმცა, შემოწმების ეტაპზე მათგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და შედარება ვერ მოხერხდა.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე დაფიქსირებული თანხების დუბლირების ფაქტთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმის გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ფასნამატის ოდენობის საკითხი. კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა უნდა შეაფასოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის და ანალოგიური, არაბრენდირებული გაზგასამართი სადგურების აუდირებული ფასნამატის გამოყენების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2026 წლის №068-14 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაეკისრა: ჯარიმა - 59 838 ლარი და დაერიცხა საურავი 29 797,38 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11400 ბრძანება;

3. საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ დეკლარირებული ბრუნვები ნაკლები იყო პოსტერმინალებსა და საკონტროლოსალარო აპარატებში განხორციელებული ოპერაციების ჯამზე. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული იყო დუბლირებით. გადასახადის გადამხდელის მიერ განმარტებული გატარებები ხვდებოდა მხოლოდ იმ პოსტერმინალებსა და საკონტროლო-სალარო აპარატებზე, რომლებიც ბუნებრივი აირისა და თხევადი გაზის რეალიზაციის დროს გამოიყენებოდა. დრაივის შემთხვევაში, საკონტროლო-სალარო აპარატი და პოსტერმინალი დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა და თანხები არ მეორდებოდა. შემოწმების მიერ, მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების შესწავლა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციებთან შედარება. შემოწმების მიერ ვერ მოხერხდა პოსტერმინალსა და საკონტროლო-სალარო აპარატზე გატარებული თანხების ერთმანეთთან შედარება, გადამხდელის მიერ განმარტებული პრინციპის შესაბამისად. მომჩივანს მიეცა დამატებით დრო და რეკომენდაცია წარმოედგინა ასეთი ტიპის შედარებები დღეების მიხედვით, თუმცა, შემოწმების ეტაპზე მათგან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და შედარება ვერ მოხერხდა.

შემოწმებით, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საქმის გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული ფასნამატის ოდენობის საკითხი. კერძოდ, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა უნდა შეაფასოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის და ანალოგიური, არაბრენდირებული გაზგასამართი სადგურების აუდირებული ფასნამატის გამოყენების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269(7)