ბრძანება N 3892
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3892
01.03.2023
შპს „------------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ქ. ------------------------)
2023 წლის 16 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „------------“ (ს/ნ ----------) №78076/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №006-682 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ 2020 წლის 13 ივლისს ჩაბარებული ოქმით დანაკლისის აღიარების საანგარიშო პერიოდია 2020 წლის აგვისტოს თვე, შესაბამისად, 2020 წლის აგვისტოს თვეში დღგ-ს კუთხით გადამხდელის მიერ ასახულია აღნიშნული თანხა (დეკლარირებულია 58 276 ლარი დღგ-ს გარეშე, აქედან 57 302 ლარი არის დეკლარირებული დანაკლისი, ხოლო 974 ლარი არის ივლისის თვის საკონტროლო-სალარო აპარატით განხორციელებული ოპერაცია). ასევე, აცხადებს, რომ დანაკლისს მოგების გადასახადის კუთხით (57 302 ლ. დღგ-ს გარეშე) დაარიცხეს ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფასნამატი 23,59 %, თანხა 13 525 ლარის ოდენობით აღიარეს ხელფასად და დაბეგრეს 20% განაკვეთით. ითხოვს აღნიშნული ოპერაციის სწორად შეფასებას და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ნაღიარები დანაკლისის თანხის თამდევი სანქციით შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 თებერვლის №4786 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „------------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაკისრებულ ჯარიმასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს არის თუ არა შპს „------------“ (ს/ნ ----------) მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად, გამოიყენოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.”
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 თებერვლის №4786 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 22 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხებიდან შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა სულ 4 125 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 29 დეკემბრის №006-682 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ დეკლარაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ჯარიმა გამოწვეულია პერიოდის ცვლილებით, რაც იწვევს გადამხდელის მიმართ არსებული ჯარიმის თანხის შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად, ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტისათვის დავალებული იყო გამოეკვლია არის თუ არა გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, ასევე დაევალა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დაკისრებული სანქციის განსაზღვრისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით ხელმძღვანელობა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდტის დეპარტამენტმა შეისწავლა საკითხი და სადავო საკითხზე დაკისრებული ჯარიმა განსაზღვრული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დღგ-ს ნაწილში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად. აგრეთვე, გადამხდელის მიერ სადავო გარემოებად მითითებულია ისეთი მოთხოვნა, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.