გადაწყვეტილება №24710/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2025
№ დოკუმენტი 24710/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24710/2/2025

27 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "--------" -ის 7.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24710/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2654 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის №077-15 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 იანვრის №278 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 138 287.80 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 67 953

დღგ - 20 905

საშემოსავლო გადასახადი - 46 508

ქონების გადასახადი - 540

ჯარიმა - 33 751

საურავი - 36 583.80

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ხორცით, ყველით და სხვა სურსათით ვაჭრობა ქ. "--------"-ში, "-------" ქ. №-ში, იჯარით აღებულ ფართში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6715 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ და დღგ-ის დეკლარაციებში არ ჰქონდა სრულად ასახული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები) დამუშავების შედეგად გაანგარიშდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება მოხდა დღგ-ით დასაბეგრი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს არასრულად/არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე, შემცირდა 2021 წელს გაწეული ხარჯები (სმფ, ელ. ენერგია, სხვა ხარჯები) 34 555 ლარით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №17113 ბრძანება და №077-15 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 122 989.09 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 27.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.12.2023 წლის №21424/2/2023 გადაწყვეტილებით (რეგ. 9.01.2024 წელი; №03/936) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 12.02.2024 წლის №2654 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2654 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2024 წლის დასკვნა, 28.11.2024 წლის №25077 ბრძანება და №077-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 1 128 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 138 287.80 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 30 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 17 იანვრის №278 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც გაირკვა, რომ ფიზიკური პირების ("-------","-------") მიერ ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა შპს „------ -ზე “ (ს/ნ "-------") რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას, ვინაიდან ხსენებულ პერიოდში შპს „------- -ს “ საბანკო ანგარიშებზე ედო ყადაღა და მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ანგარიშიდან დაეფარა დებიტორული მოთხოვნა. გადაანგარიშების შედეგად, აღნიშნული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შემოწმების მიერ, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ელექტრო ენერგიის ხარჯები არასრულად იყო ასახული. გადაანგარიშების შედეგად, გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ელექტრო ენერგიის ხარჯი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირდა 2021 წლის საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის დასკვნაში მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივ არის გაზიარებული გადასახადის გადამხდელის საჩივრით საგადასახადო დავის პროცესში დაყენებული საკითხები, არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, გადაანგარიშების განმახორციელებელი პირის მიერ საერთოდ გვერდი აქვს ავლილი და არაფერია ნათქვამი იმ არსებით გარემოებებზე, რომლებსაც არ ეთანხმებოდა. კერძოდ, პრაქტიკულად არ ეთანხმებოდა და არ იზიარებდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანებაში დაფიქსირებულ პოზიციას: „ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/ დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.“, რამდენადაც ამის შესაძლებლობა თავის დროზე არც შემოწმებას და არც შემოსავლების სამსახურს პირველ სხდომაზე საჩივრის მომჩივნის დაუსწრებლად განხილვის პირობებში პრაქტიკულად არ მიუცა და შემმოწმებლის მიდგომა ე.წ. გაუგებარი გამორიცხვების მეთოდებითა და გაურკვეველი ვარაუდების საფუძველზე საგადასახადო შემოწმებით ბიუჯეტის სასარგებლოდ განხორციელებული დამატებითი დარიცხვები, მომჩივნისთვის მხოლოდ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანების გაცნობის შემდგომ გახდა ცნობილი და მასზე თავისი მოსაზრება, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნა, შემოწმებას არც შემოწმების პროცესში და არც საგადასახადო შემოწმების აქტთან ერთად თავის დროზე არ მიუწოდებია და ყოველივე აღნიშნული გადასახადის გადამხდელისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საგადასახადო დავის დაწყების შემდეგ, მომჩივნის დაჟინებული მოთხოვნის შემდგომ, შესაბამისი გაანგარიშების ცხრილები შემმოწმებელთა მიერ როგორც იქნა გადაეგზავნა.

აღნიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშების ცხრილის საფუძვლიანი შესწავლისა და ანალიზით დაადგინა სრულიად არალოგიკური, ისეთი სრულიად არამართლზომიერი და არაკანონზომიერი გარკვეული შეუსაბამობები, როგორიც არის ის, რომ მომჩივნის 2022 წლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში შემმოწმებელთა მიერ შედგენილ ცხრილში, შემმოწმებლებს გაანგარიშების შესაბამის სვეტში (სულ შემოსავალი) 2022 წლის შემოსავლად დაფიქსირებული აქვთ 2 131 348,16 ლარი. მაშინ როცა, გადასახადის გადამხდელის 2022 წლის შემოსავლები ფაქტიურად შეადგენს 1 299 963,8 ლარს (საბანკო ჩარიცხვებს 25 825 ლარს + ტერმინალით მიღებული შემოსავლები 925 530,7 ლარი + სალარო აპარატის მიხედვით მიღებული შემოსავლები 348 608,1 ლარი), ანუ ფაქტობრივად მიღებულ შემოსავალზე 831 384,36 ლარით მეტი (2 131 348 – 1 299 963,8), რაც არაკანონზომიერი და არამართლზომიერია იქედან გამომდინარე, რომ მათში არ უნდა იყოს შეყვანილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებული 830 209,33 ლარი (რომელიც შემმოწმებლებს შემოსავლების ცხრილში შემოსავლებში აქვთ შეყვანილი), რამდენადაც ისინი მომჩივნის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ფაქტობრივად ასახულია მთლიან შემოსავლებში 1 299 963,8 ლარში (საბანკო ჩარიცხვებს 25 825 ლარს + ტერმინალით მიღებული შემოსავლები 925 530,7 ლარი + სალარო აპარატის მიხედვით მიღებული შემოსავლები 348 608,1 ლარი), რამდენადაც სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებულ საქონლის ღირებულების გადახდას მყიდველები, როგორც წესი, ან საბანკო გადარიცხვებით ან პლასტიკური ბარათების მეშვეობით ტერმინალებით ან კიდევ ნაღდი ანგარიშსწორებით ახდენენ. ამასთან, მნიშვნელოვანი და არსებითია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში, შემოწმებით დაფიქსირებული შემოსავლები 1 175.03 ლარით მეტია, ვიდრე ის ფაქტობრივად არის. ეს უკანასკნელი არანაირ ლოგიკას აღარ არ ექვემდებარება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრაქტიკულად, ლოგიკური, სწორი და შესაბამისად, ფაქტობრივ მდგომარეობას შეესაბამება, აღნიშნული გაანგარიშების ცხრილში შემმოწმებლების მიერ შესამოწმებელი პერიოდის - 2023 წლის ორი თვის მიხედვით დაფიქსირებული მონაცემები, რომელთა შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის 2023 წლის ორი თვის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პრაქტიკულად შეადგენს 181 426 ლარს (საბანკო ჩარიცხვებს 3 600 ლარს + ტერმინალით მიღებული შემოსავლები 122 314,2 ლარი + სალარო აპარატის მიხედვით მიღებული შემოსავლები 55 511,55 ლარი). შემმოწმებელთა მიერ ამავე გაანგარიშების შესაბამის სვეტში (სულ შემოსავალი) 2023 წლის ორი თვის მონაცემებში დაფიქსირებული აქვთ ზუსტად აღნიშნული თანხა - 181 426 ლარი და პრაქტიკულად აქ - 2023 წლის ორი თვის ერთობლივ შემოსავლებში უკვე ფაქტობრივად შეყვანილი არა აქვთ ამ პერიოდში - 2023 წლის ორ თვეში სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციის სვეტში დაფიქსირებული თანხა - 89 928,11ლარი, რაც ცხადია სრულიად ლოგიკურია და იგი ფაქტობრივ რეალობას შეესაბამება!

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია არ ეთანხმებოდა შემმოწმებლების მიერ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტისა და აქტის დანართების მიხედვით დაფიქსირებულ გაზრდილ მონაცემებს და აღნიშნულ უსაფუძვლოდ და არაკანონზომიერად გაზრდილი შემოსავლების კვალობაზე საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №1- ის მიხედვით არასამართლებრივად და არაკანონზომიერად 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით 39 810 ლარის დარიცხვას. აგრეთვე, აღნიშნულ არასწორად დაფიქსირებულ (გაზრდილ) შემოსავლებზე შესაბამისი პროპორციებით (დღგ-ის დასაბეგრი და განთავისუფლებული ბრუნვების გათვალისწინებით) შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დღგ-ის ნაწილში დამატებით 21 449 ლარის და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების დარიცხვებს და ითხოვდა მათ კორექტირებას (შემცირებას).

ასევე, არ ეთანხმება და არ იზიარებს საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №2-ის შესაბამისად შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ ,,შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს არასრულად/არასწორად აქვს დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმებით, 2021 წელს შემცირდა ხარჯების (სმფ, ელ. ენერგია, სხვა ხარჯები) თანხა სულ 34 555 ლარით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა“, რამდენადაც, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის შესწავლითა და ანალიზით დგინდება, რომ: წლის დასაწყისში სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა (რამდენადაც გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2020 წლის 31 დეკემბერს და ეკონომიკურ საქმიანობას ფაქტობრივად ახორციელებს 2021 წლიდან), ხოლო 2021 წლის ბოლოს სმფ-ების ნაშთებმა შეადგინა 30 331 ლარი. შემოწმების აქტის დანართის შესაბამისად, დეკლარირებული აღნიშნული მონაცემები შეესაბამება შემოწმების მონაცემებს და მასში შემოწმებას რაიმე კორექტირება არ შეუტანია.

ამასთან, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები შეადგენს 958 356 ლარს. შემოწმების მონაცემების შესაბამისად, იგი შემცირებულია 923 801 ლარამდე, ანუ გამოქვითვები ამ გზით შემოწმების მიერ შემცირებულია 34 555 ლარით, რასაც ფაქტობრივად არ დაეთანხმა და არ გაიზიარა იმ გარემოებათა გამო, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად, მომჩივნის მიერ 2021 წლის განმავლობაში ელექტრონულად დოკუმენტალურად დადასტურებული შეძენები ფაქტობრივად შეადგენს 117 267ლარს, ხოლო ფიზიკური პირებისაგან ე.წ. „შესყიდვის აქტებით“ შეძენილი საქონელი შეადგენს 787 492 ლარს. შესაბამისად აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის განმავლობაში შეძენილი სმფ ფაქტობრივად ჯამში შეადგენს 904 759 ლარს (117 267 + 787 492), ნაცვლად საგადასახადო შემოწმების აქტის ზემოთ აღნიშნულ დანართში შემმოწმებელთა მიერ დაფიქსირებული 923 801 ლარისა.

შემოწმების შედეგების გადაანგარიშების აღნიშნულ სადავო ნაწილში მოხდა მხოლოდ ელ. ენერგიის მოხმარების ხარჯების გათვალისწინება (შემცირება), რამდენადაც, როგორც შემოწმების მიერ არის დაფიქსირებული, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, შესაბამისად, ელ. ენერგიის მომხმარებელ აბონენტს წარმოადგენდა შენობის მესაკუთრე, რომლის სახელზე დაფიქსირებული აბონენტის ნომრის მიხედვითაც ახდენდა მომჩივანთან წარდგენილი მონაცემების მიხედვით მოხმარებული ელ. ენერგიის ხარჯის გადახდას, რაზეც გააჩნია შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ქვითრები, ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები), ხოლო დანარჩენი არგუმენტები გადაანგარიშების განმახორციელებელი პირის მიერ არის იგნორირებული და არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულისა, არ ეთანხმება გადაანგარიშებას და ითხოვს მათ სრულყოფილად გათვალისწინებასა და დამატებით კორექტირებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნული არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 იანვრის №278 ბრძანების გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 28 ნოემბრის №077-15 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად დარიცხული თანხების სრულყოფილ კორექტირებას (შემცირებას).

საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დავას გააგრძელებს საგადასახადო კოდექსის მე-14 კარით დადგენილი წესის მიხედვით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2654 ბრძანებით, პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:

- გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე 2022 წლის ივნისის, აგვისტოს, სექტემბრის და 2023 წლის იანვრის თვეებში ფიზიკური პირების მიერ ("-------","-------") ჩარიცხული იყო 29 425 ლარი. იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხსენებულ პირებზე არ იყო გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, შემოწმების მიერ 29 425 ლარი ჩაითვალა დამატებით შემოსავლად. გადაანგარიშების პროცესში, მეწარმის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლითაც გაირკვა, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხები წარმოადგენდა შპს „------ -ზე “ (ს/ნ "-------") რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას, ვინაიდან ხსენებულ პერიოდში შპს „------ -ს “ საბანკო ანგარიშებზე ედო ყადაღა და მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ანგარიშიდან დაეფარა დებიტორული მოთხოვნა. გადაანგარიშების შედეგად, აღნიშნული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა, რომ შემოწმების მიერ, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ელექტრო ენერგიის ხარჯები არასრულად იყო ასახული. გადაანგარიშების შედეგად, ელ. ენერგიის ხარჯები გაიზარდა 12 973 ლარიდან 14 038 ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა (შემცირდა) 2021 წლის საშემოსავლო გადასახადი.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 1 128 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 757 ლარი და ჯარიმა - 371 ლარი.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეიძლება გამხდარიყო გადაანგარიშების შედეგების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2654 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმებოდა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 ნოემბრის №27451 ბრძანებაში დაფიქსირებულ პოზიციას.

არ ეთანხმებოდა შემმოწმებლების მიერ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტისა და აქტის დანართების მიხედვით დაფიქსირებულ გაზრდილ მონაცემებს და აღნიშნულ უსაფუძვლოდ და არაკანონზომიერად გაზრდილი შემოსავლების კვალობაზე საგადასახადო შემოწმების აქტის საკითხი №1- ის მიხედვით არასამართლებრივად და არაკანონზომიერად 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით 39 810 ლარის დარიცხვას.

აგრეთვე, აღნიშნულ არასწორად დაფიქსირებულ შემოსავლებზე შესაბამისი პროპორციებით შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დღგ-ის ნაწილში დამატებით 21 449 ლარის და სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების დარიცხვებს და ითხოვდა მათ კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ და დღგ-ის დეკლარაციებში არ ჰქონდა სრულად ასახული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გაანგარიშდა მეწარმის ერთობლივი შემოსავალი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადამხდელს უფიქსირდებოდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება მოხდა დღგ-ით დასაბეგრი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს არასრულად/არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე, შემცირდა 2021 წელს გაწეული ხარჯები.შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2654 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

275.