გადაწყვეტილება №25110/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25110/2/2025
21 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 24.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25110/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 24.10.2024 წლის №22803 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2025 წლის №022-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2025 წლის №6679 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 244 098.16 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 115 696
მოგების გადასახადი - 676
საშემოსავლო გადასახადი - 115 020
ჯარიმა - 57 795
საურავი - 70 607.16
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდის, გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი მომსახურებას იღებს ინდივიდუალური მეწარმეებისგან და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან. ორ პირთან მიმართებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები მიჩნეული იქნა დაქირავებით მუშაობად, ხოლო გადახდილი თანხები ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.09.2024 წლის №19979 ბრძანება და №022-19 საგადასახადო მოთხოვნა რაც, მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციის საფუძველზე დარიცხული თანხების ნაწილში და დაკისრებული სანქციისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლების მოთხოვნით, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.10.2024 წლის №22803 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ბრძანება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.
შემოსავლების სამსახურის 24.10.2024 წლის №22803 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 32 357 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის №022-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც დაკისრებული სანქციისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლების მოთხოვნით, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2025 წლის №6679 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცი/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას. ხოლო, რაც შეეხება დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნას, 2024 წლის 24 ოქტომბრის №22803 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 26 სექტემბრის საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას შეგნებულად არ დაუმალია გადასახადი. აღნიშნული გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით. ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე, 2025 წლის 24 თებერვლის №022-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლებას, ხოლო კუთვნილ გადასახადს, რომელსაც აღიარებს, გადაიხდის უმოკლეს ვადაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 24.10.2024 წლის №22803 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 32 357 ლარით. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი, მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესწავლით დადგინდა ფიზიკური პირების მიერ გაწეული სამუშაოების (ერთი ერთეული) ღირებულება, სრული მოცულობა და პროექტი რომლის ფარგლებშიც გაიწია შესაბამისი მომსახურება, შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები, რამაც გამოიწვია დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირება.
მომჩივანი, სადავოდ არ ხდის გადაანგარიშების ზემოაღნიშნულ შედეგს, მაგრამ ითხოვს შემოსავლების სამსახურის 24.10.2024 წლის №22803 ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის №022-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული/დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №22803 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 26 სექტემბრის საჩივარი, შემოწმების საფუძველზე დაკისრებული სანქციისგან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და იგი ასახვას ვერ ჰპოვებდა შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოცემული გადაანგარიშების დასკვნაში. ასევე აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №22803 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელს არ გაუსაჩივრებია.
ამგვარად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №22803 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის №022-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან (ჯარიმა-საურავი), საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლების თაობაზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №22803 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 24.10.2024 წლის №22803 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი მომსახურებას იღებს ინდივიდუალური მეწარმეებისგან და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან. ორ პირთან მიმართებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებული კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნულ პირებთან განხორციელებული ოპერაციები მიჩნეული იქნა დაქირავებით მუშაობად, ხოლო გადახდილი თანხები ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 304(21)