გადაწყვეტილება №20411/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20411/2/2023
18 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 26.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20411/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №006-199 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16360 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 832 729 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 359 935
დღგ - 139 445
მოგების გადასახადი - (-259)
საშემოსავლო გადასახადი - 230 097
ქონების გადასახადი - (-9 348)
ჯარიმა - 165 490
საურავი - 307 304
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულის, სხვადასხვა ტკბილეულის, მათ შორის ტორტების, ასევე მზა კერძების წარმოება და რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.07.2020 წლამდე, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 17.09.2020 წლამდე საანგარიშო კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2020 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
1. საწარმო ბუღალტრული აღრიცხვისთვის იყენებს 2 საბუღალტრო პროგრამას. კერძოდ, საგადასახადო ანგარიშგებისთვის იყენებს „ინფოს“, ხოლო წარმოების ხაზისთვის პროგრამა „ფინას". გადამხდელს წარმოებულ პროდუქციაზე საშუალო ფასნამატი უფიქსირდება 538%. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამების ანალიზის შედეგად გამოვლინდა დამატებით შემოსავლები. შემოწმებით, 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დამატებით დადგენილი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით. ასევე აღნიშნული შემოსავალი ჩაითვალა ფულად სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით. დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 16 სექტემბრის №27891 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის (2020 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით) შედეგების გამოყვანა დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. შემოწმებით, გადამხდელის საბუღალტრო პროგრამების ანალიზის მიხედვით დადგინდა კომპანიის ყოველი წლის საწყის/საბოლოო ნაშთები და ასევე ინვენტარიზაციის თარიღისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთები. კომპანიას ასევე აქვს ნახევარფაბრიკატები, რომელსაც ნაშთად ასახავს, როგორც ნედლეულს. ვინაიდან ინვენტარიზაციის ფაქტიურ ნაშთში იყო მსგავსი ნახევარფაბრიკატები, შემოწმებით, კალკულაციების მიხედვით, განხორციელდა მათი ჩაშლა საჭირო რაოდენობის ნედლეულებამდე და საბოლოო შედეგი შეუდარდა ბუღალტრულ ნაშთს. შემოწმებისას ფაქტობრივი და ბუღალტრული ნაშთების შედარების შედეგად გამოვლენილ აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე კომპანია დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 30.12.2022 წლის №39875 ბრძანება და №006-883 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 17.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 153 630 ლარით, მათ შორის გადასახადი 91 881 ლარით და ჯარიმა 61 749 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.05.2023 წლის №11244 ბრძანება და №009-199 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებამ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები გარკვეული პროდუქციის დანაკარგების შესახებ, ასევე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განცხადების საფუძველზე გაფუჭებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტები. აღნიშნულის შედეგად გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, დაკორექტირდა (შემცირდა) გადასახადი და ასევე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ მის მიერ განხორციელდა დამატებითი მტკიცებულებების, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული 8 დასკვნის წარდგენა, რომელთა მეშვეობითაც დგინდება, რომ გადაანგარიშებისას არ მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინება, როგორიცაა გარკვეული კატეგორიის იმპორტირებული პროდუქციის (კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, სალათის ფოთოლი, ფორთოხალი, მწვანე ვაშლი) ბრუტო და ნეტო წონის სხვაობა, რასაც შესაფუთი ტარა იძლევა, კონკრეტული ხილისა და ბოსტნეულის (ალუბალი, პომიდორი) ნახევარფაბრიკატების მიღებისას ფაქტიური დანაკარგების გათვალისწინება, ასევე გაყინული ხორცპროდუქტების, განსაკუთრებით გაყინული ქათმის ფილეს და ზღვის პროდუქტების დანაკარგები, რაც რიგ შემთხვევაში წონის 30-40%-ს აღწევს. ასევე, შემოსავლების სამსახურს გადაეცა ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული 100 (ასი)-ზე მეტი ტორტის კალკულაცია, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა სერიული ტორტების კალკულაციისაგან. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირებს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც ზეპირსიტყვიერად მოხდა გარკვეული სახის ინფორმაციის მიწოდება, რასაც ზეგავლენა უნდა მოეხდინა გადაანგარიშების შედეგებზე.
2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანების შესაბამისად, 2 წელზე მეტი ხნის გამავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი გადაანგარიშება და 2023 წლის 19 მაისს ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე (სააღრიცხვო ნომერი 653) (დანართი 4), ასევე 2023 წლის 19 მაისის №006-199 საგადასახადო მოთხოვნა (დანართი 5) და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №11244 ბრძანება (დანართი6). აღნიშნული დოკუმენტაციის თანახმად, შემმოწმებელმა ნაწილობრივ გაითვალისწინა წარდგენილი მტკიცებულებები და დაკორექტირდა (შემცირდა) ნედლეულის, როგორც აღურიცხველი, ისე დანაკლისის ოდენობები, რაც შესაბამისად ახდენს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებას. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა აქტით დარიცხული თანხები, სულ 153 631 ლარით, ასევე დაკორექტირდა (შემცირდა) აღურიცხველი საქონლის ოდენობაც, რამაც გამოიწვია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის შემცირება. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ გადაანგარიშება გაგრძელდა 2 წელზე მეტი ხანი და 2023 წლის 19 მაისის №006-199 საგადასახადო მოთხოვნით საურავი განისაზღვრა 307 304.93 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც 2020 წლის 30 დეკემბრის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა დარიცხული საურავი შეადგენდა 187 876.8 ლარს - გადაანგარიშების შედეგად დარიცხული თანხების 153 631 ლარით შემცირების მიუხედავად, 120 000 ლარით გაიზარდა საურავი. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების დასაბუთება, არც 2023 წლის 17 მაისის დასკვნაში და არც 19 მაისის №11244 ბრძანებაში ვერ ამოიკითხა, თუ რა საფუძვლით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 2023 წლის 17 მაისის დასკვნა (სააღრიცხვო ნომერი 653), ასევე 2023 წლის 19 მაისის №006-199 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №11244 ბრძანება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, საიდანაც, ისე რომ არ მისცემია პოზიციის დაფიქსირების და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება, 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანებით უარი ეთქვა 2023 წლის 25 მაისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც, იძულებული გახდა მოემართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსათვის.
კომპანია დაფუძნდა 2009 წელს და განიხილებოდა, როგორც საოჯახო ბიზნესი, რომელსაც ------ს ბრენდის ქვეშ უნდა განეხორციელებინა თავისი საქმიანობა. კომპანიის დამფუძნებელი, -------, იმ პერიოდისათვის მეორე კომპანიის, შპს „------ს“ (ს/ნ -----) საწესდებო კაპიტალში ფლობდა 100%-ს, რომელიც ფუნქციონირებდა 2007 წლიდან. აღნიშნულ კომპანიაში საგადასახადო შემოწმებამ მოიცვა 5 წლის საქმიანობა და დასრულდა 2014 წელს. შემოწმების შედეგად დაიდო ე.წ. ნულოვანი აქტი, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დამფუძნებლისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და საგადასახადო ვალდებულებების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება. ორივე კომპანიას თავიანთი არსებობის განმავლობაში 20 (ოც) მილიონ ლარზე მეტი აქვს შეტანილი ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების სახით. დამფუძნებელს არასოდეს გამოუყენებია გადასახადების შემცირების მიზნით კომპანიის საქმიანობის ხელოვნური გახლეჩის გზა და საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მიზნით ახალი კომპანიების დაფუძნება და მათი მეშვეობით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.
შპს „------ს“ წილის გაყიდვის შემდეგ, დამფუძნებელი გადაერთო შპს „------ს“ (------ს ბრენდის) განვითარებაზე, რის ფარგლებშიც დიდი ოდენობის თანხების შეტანა ხდებოდა კომპანიის საწესდებო კაპიტალში, რათა მოცემულ სფეროში არსებულ კონკურენტულ გარემოში კომპანიას თავისი ნიშა დაეკავებინა და შეეძინა ერთგული მომხმარებლები. დღევანდელ დღეს „-----“ ჩამოყალიბებულია პრემიუმ ხარისხის ბრენდად და ------ში წარმოდგენილია ოთხი ფილიალით. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დამფუძნებელს არ გააჩნდა მოცემულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება, კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას სხვადასხვა პერიოდში ახორციელებდნენ მოწვეული მენეჯერები. კოვიდპანდემიისას კომპანიას მძიმე პერიოდი დაუდგა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა კრიზის მენეჯერის მოწვევის საკითხი, რომელსაც არსებული სირთულეები უნდა გადაელახა. აღნიშნული მიზნით 2020 წლის 30 ივნისს კომპანიის დირექტორად დაინიშნა ------- (პ/ნ -----), რომელსაც იმ პერიოდისათვის დირექტორის თანამდებობა ეკავა ------ს რამდენიმე ცნობილ რესტორანში. ახალი დირექტორის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში შემოსავლების სამსახურმა დაიწყო ყველა იმ სამეწარმეო კომპანიის საგადასახადო შემოწმება, სადაც მოღვაწეობდა -------. საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან მალევე კომპანიის ახალმა დირექტორმა სრულად შეცვალა მენეჯმენტი და ფინანსური გუნდი. დირექტორსა და დამფუძნებელს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, დამფუძნებელი ვერ ერეოდა კომპანიის საქმიანობაში. ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიუღებელი იყო დამფუძნებლისათვის, მაგალითად, ახალი მენეჯმენტის პირობებში წარმოიქმნა კომუნიკაციის პრობლემა გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შორის, კერძოდ, არ მოხდა შესაბამისი სამუშაო სივრცის გამოყოფა. ამან გააჩინა კითხვები და უნდობლობის მომენტი შემმოწმებელთა მხრიდან. აღიარებს, რომ დამფუძნებლის მხრიდან ნაჩქარევი და აუწონავი იყო აღნიშნული პიროვნების მოწვევის გადაწყვეტილება, რომელმაც საერთოდ გადაატრიალა კომპანიაში მიღებული წესები, შეცვალა მუშაობის სტილი და დარტყმის ქვეშ დააყენა კომპანიის იმიჯი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამფუძნებლის მიერ აღნიშნული შემოწმების პერიოდში მოწვეული მენეჯმენტის არაკომპეტენტურობისა და დაშვებული უხეში შეცდომების გამო კომპანიის იმდროინდელი დირექტორი, მმართველი და მთავარი ბუღალტერი განთავისუფლებულ იქნენ თანამდებობიდან. ------ს წინააღმდეგ კომპანიას შეტანილი ჰქონდა სასამართლოში სარჩელი კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდა.
რაც შეეხება ძირითად არგუმენტებსა და მტკიცებულებებს, პირველ რიგში სურს ყურადღება მიექცეს ინვენტარიზაციის საკითხს, რომლის ჩატარებისა და შედეგების გამოყვანისას დაშვებული იქნა არაერთი ტექნიკური თუ არსებითი შეცდომა, კერძოდ:
1) ინვენტარიზაციის აქტში არ არის გათვალისწინებული 39 253.58 ლარის ოდენობის საქონლის დანაკლისი, რომელსაც აღიარებდა საქონლის უსასყიდლო მიწოდებად და ბეგრავდა კანონის შესაბამისად დღგ-ით და მოგების გადასახადით.
2) 2020 წლის ივლისის თვეში შეძენილი პროდუქცია იყო დუბლირებული, რის გამოც მითითებულ თვეში ხელოვნურად 59496 ლარით გაიზარდა შეძენილი პროდუქციის ოდენობა. საბოლოო ჯამში, 5 აღნიშნული ქმედების საფუძველზე მხოლოდ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის ჯამურმა თანხამ ჯარიმისა და საურავის გარეშე 109532 ლარი შეადგინა. ივლისის თვის დუბლირებამ განაპირობა არარსებულ დანაკლისზე 4229,10 ლარის დღგ-ის და 6931 ლარის საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა, ჯამურად 11160 ლარი მხოლოდ გადასახადების თანხა;
3) კომპანიის მიერ იმპორტირებული ძალზედ სპეციფიკური პროდუქტი ვისკის კრემი, რომელიც შეძენილი ჰქონდა სულ რაღაც 14 ერთეული, ინვენტარიზაციის აქტის მიხედვით ფიქსირდება, როგორც 73 ერთეულის შეძენა და სხვაობა აღირიცხა დანაკლისში და მოცემული ვირტუალური დანაკლისის საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა 43978 ლარის ოდენობით;
4) ინვენტარიზაციის აქტში არ არის გათვალისწინებული არაერთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა მაგალითად 1479 კოდით აღრიცხული ხილი კომპოტისთვის - 622 კგ ხარჯვა, სადაც ინვენტარიზაციის აქტში ხარჯვის, 622 კგ ნაცვლად გათვალისწინებულია ნაშთი 46 კგ. ინვენტარიზაციის დროს არ მომხდარა თითოეული პროდუქტის ინდივიდუალური ანალიზი: მაგალითად ავოკადო შეიცავს 50% კურკას, გოგრა შეიცავს 27% გოგრის კანს, რომელთა ბრუტო წონიდან წარმოქმნილი დარიცხული გადასახადები ჩართულია ასევე აქტით დარიცხულ თანხებში. ინვენტარიზაციის შედეგებში კანონით დადგენილი წესით რეალიზებული ქიშმიში, რომლის ელექტრონული ზედნადებიც იძებნებოდა შემოსავლების სამსახურის პორტალზე, აღრიცხული იყო დანაკლისში და ა.შ.
5) ინვენტარიზაციისას არ მოხდა ინდივიდუალურად შეკვეთილი ტორტების კალკულაციების გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ტორტის კალკულაცია დამატებითი მტკიცებულების სახით წარადგინეთ 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანების შესაბამისად.
6) ინვენტარიზაციისას არ მოხდა პროდუქტების ბუნებრივი ნორმატიული დანაკარგების გათვალისწინება ტემპერატურის ცვლილებასთან მიმართებით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების დანაკლისთან მიმართებაში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს უნდა ეხელმძღვანელა სმფ-ების დანაკლისის დაბეგვრის შესახებ №2611, №1728 და №1729 მეთოდური სახელმძღვანელოთი (ე.წ. მანუალით), ხოლო ინვენტარიზაციის დროს აღმოჩენილი დანაკლისის დაბეგვრის პერიოდის განსაზღვრა უნდა განხორციელებულიყო №1727 სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომლის თანახმადაც მოცემულ შემთხვევაში დანაკლისის დაბეგვრის პერიოდი განისაზღვრებოდა 2020 წლის სექტემბრით, ნაცვლად შემოწმებული 42 თვისა და უნდა დარიცხვოდა გამოვლენილი დანაკლისიდან 33334.32 ლარიდან დღგ და მოგების გადასახადი 6000 და 5882 ლარი, ასევე დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, უნდა დაჯარიმებულიყო საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული წესით უნდა შეფარდებოდა ჯარიმა 3333,43 ლარის ოდენობით. მასალის (ნედლეულის) დანაკარგის თაობაზე №1718 სიტუაციური სახელმძღვანელოს თანახმად, ვინაიდან წინა პერიოდებში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებით სამართალდარღვევა (პირველადი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – მოხმარება, ჩეკის ამოურტყმელობა, პირადი მოხმარებისათვის გამოყენება) გამოვლენილი არ ყოფილა, უნდა დაჯარიმებულიყო დანაკლისის საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე )- 19667 ლარით.
საბოლოო ჯამში, ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით, იმ ყველა ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისა და გადაანგარიშებისას დაშვებული შეცდომების გასწორების შედეგად ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დარიცხვოდა არაუმეტეს 19667 ლარისა. აღნიშნულის საპირისპიროდ, არასრულყოფილად ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების თანახმად, მიღებულ დანაკლისზე შემმოწმებელმა გაავრცელა 538%-იანი ფასნამატი და გადაანაწილა შემოწმებულ 42 თვიან პერიოდზე. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო დოკუმენტაციაში არსადაა დასაბუთებული, თუ როგორ მოხდა ფასნამატის დაანგარიშება - ამასთან, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძოდ, პურფუნთუშეულის, სხვადასხვა ტკბილეულის, მათ შორის ტორტებისა და მზა კერძების წარმოებარეალიზაციის სფეროში 538%-იანი ფასნამატი შეუსაბამოდ მაღალია და არ შეესაბამება რეალობას.
2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის 21-ე გვერდზე, დასკვნითი დებულებებისა და რეკომენდაციების ნაწილში მითითებულია, რომ საგადასახადო ვალდებულებების ანალიზი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, აუდიტორმა საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებისას იხელმძღვანელა ან საგადსახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ან 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით), რაც წინააღმდეგობაში მოდის თავად ამ პუნქტების შინაარსთან. ხაზგასმით სურს აღნიშნოს, რომ მოცემული პუნქტების საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა სრულიად დაუსაბუთებელია და ის ფაქტი, რომ 2021 წლის 22 აპრილის №12197 ბრძანებით მიღებული დავალების მიუხედავად, შემმოწმებელმა ვერ შეძლო საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების დასაბუთება, სწორედაც რომ ამაზე მიუთითებს.
ხაზი უნდა გაუსვას იმ გარემოებას, რომ ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების თანახმად კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია კონკურენტებთან მიმართებაში. დღეისათვის დასაქმებული ჰყავს 100-ზე მეტი თანამშრომელი. ბოლო წლების საშუალო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კომპანია ყოველთვიურად ბიუჯეტში საშუალოდ 100 000 ლარს იხდის, რაც ჯამში წლიურად ბიუჯეტში შეტანილ მილიონ ლარზე მეტ გადასახადს გულისხმობს. დღეისათვის კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება, ყველა ფილიალი და წარმოება ფუნქციონირებს იჯარით აღებულ ფართებში. ბანკების მიმართ გააჩნია დიდი მოცულობის საკრედიტო ვალდებულებები. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო არ შეცვლის მიდგომას კომპანიის მიმართ, არ გაიზიარებს სამართლიან და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით მოყვანილ არგუმენტებს და არ გადახედავს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდს, ეს გამოიწვევს კომპანიის ლიკვიდაციას თანმდევი ნეგატიური შედეგებით, კერძოდ, უმუშევარი დარჩება 100-ზე მეტი დასაქმებული, რომელთა უკანაც ოჯახებია, მინიმუმ 400 ადამიანი, მოუსპობს კომპანიას გაფართოების პერსპექტივას, რაც შედის კომპანიის უახლოეს გეგმებში, ბიუჯეტი დაკარგავს გადასახადების კეთილსინდისიერ გადამხდელს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ბიუჯეტს ათობით მილიონობით ლარს დააკარგვინებს, ვერ მოხერხდება უახლოეს მომავალში დაგეგმილი ახალი ფილიალის გახსნა, რომელიც დამატებით 50 (ორმოცდაათ) სამუშაო ადგილს გააჩენს და გაზრდის ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების ოდენობას. აღნიშნულ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით არ ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას იმ გაუაზრებელ ქმედებებზე, რაც ------ს დირექტორობის პერიოდში იქნა ჩადენილი და მზად არის, კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი თანხა გადავიხადოთ ბიუჯეტში. ვერანაირად ვერ დაეთანხმება დადგენილი საგადასახადო, ისე სამართლებრივი კუთხით სრულიად დაუსაბუთებელ დარიცხვას, რომლის საფუძველზედაც ბიუჯეტის სასარგებლოდ მილიონ ლარამდე საგადასახადო ვალდებულება წარმოექმნა. მისი გაანგარიშებით ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და ისე იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2020 წლის 30 დეკემბრის №006-883 საგადასახადო მოთხოვნა, 2020 წლის 30 დეკემბრის №39875 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, 2023 წლის 19 მაისის №006-199 საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №11244 ბრძანება, 2023 წლის 7 ივლისის №16360 ბრძანება და განხორციელდეს ხელახალი გადაანგარიშება.
ასევე, დიდი თხოვნა აქვს, აღნიშნული საკითხის განხილვისას მიეცეს საშუალება დაესწროს სხდომას, რათა წარადგინოს მისი არგუმენტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების საფუძვლები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 17.05.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ: გაფუჭებული სასაქონლომატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტები; ასევე, წარადგინა (გაშიფრა) კომპანიაში ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციების შედეგად გამოვლენილი და დაბეგრილი დანაკლისები; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები გარკვეული პროდუქციის (ალუბალი, ფორთოხალი, ვაშლი, კიტრი, პომიდორი) დანაკარგების შესახებ. ზემოაღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელმა წარადგინა გადაანგარიშების ფარგლებში. შემოწმებამ გაითვალისწინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები გარკვეული პროდუქციის დანაკარგების შესახებ, ასევე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განცხადების საფუძველზე გაფუჭებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტები. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) ნედლეულის, როგორც აღურიცხველი, ისე დანაკლისის ოდენობები, რაც შესაბამისად ახდენდა შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებას. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები ასევე, დაკორექტირდა (შემცირდა) აღურიცხველი საქონლის ოდენობაც, რამაც გამოიწვია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის შემცირება. დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 153 630 ლარით, მათ შორის გადასახადი 91 881 ლარით და ჯარიმა 61 749 ლარით.
მომჩივანი გასაჩივრებული დოკუმენტების ჩამონათვალში ასევე მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2022 წლის №006-883 საგადასახადო მოთხოვნას, რომლის გასაჩივრების საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანება, ვინაიდან მას აღნიშნული გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია, საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მიერ დასახელებულ აქტზე.
მომჩივანი სადავოდ ხდის 17.05.2023 წლის დასკვნით დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს, საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებების, მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდის გამოყენების საფუძვლების დამატებით შესწავლა/გამოკვლევა, საგადასახადო ორგანო აპელირებს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით არ მომხდარა, თუმცა რეალურად დაბეგვრის მიზნებისათვის გამოყენებულია აღნიშნული მეთოდი, მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები სუბიექტური და დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს. ასევე, სურვილის მიუხედავად, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას არ მიეცა სხდომაზე დასწრების და არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა და არ მიეცა სხდომაზე დასწრების და არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16360 ბრძანება;
3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა პურ-ფუნთუშეულის, სხვადასხვა ტკბილეულის, მათ შორის ტორტების, ასევე მზა კერძების წარმოება და რეალიზაცია. შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის, საბუღალტრო პროგრამების ანალიზის შედეგად გამოვლინდა დამატებით შემოსავლები, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. ასევე აღნიშნული შემოსავალი ჩაითვალა ფულად სარგებლად და დაიბეგრა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით. დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმებით, გადამხდელის საბუღალტრო პროგრამების ანალიზის მიხედვით დადგინდა კომპანიის ყოველი წლის საწყის/საბოლოო ნაშთები და ასევე ინვენტარიზაციის თარიღისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთები. კომპანიას ასევე აქვს ნახევარფაბრიკატები, რომელსაც ნაშთად ასახავს, როგორც ნედლეულს. ვინაიდან ინვენტარიზაციის ფაქტიურ ნაშთში იყო მსგავსი ნახევარფაბრიკატები, შემოწმებით, კალკულაციების მიხედვით, განხორციელდა მათი ჩაშლა საჭირო რაოდენობის ნედლეულებამდე და საბოლოო შედეგი შეუდარდა ბუღალტრულ ნაშთს. შემოწმებისას ფაქტობრივი და ბუღალტრული ნაშთების შედარების შედეგად გამოვლენილ აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე კომპანია დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.04.2021 წლის №12197 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 17.05.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 153 630 ლარით, მათ შორის გადასახადი 91 881 ლარით და ჯარიმა 61 749 ლარით. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.07.2023 წლის №16360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6), 304(1"ბ").