ბრძანება N 28602

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 23.09.2020
№ დოკუმენტი 28602
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 28602

23/09/2020

ი/მ ------------

(მის: -------- )

2020 წლის 27 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ი/მ ------ ს № 174280/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს საბანკო ანგარიშებზე კორექტირებული საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის №011 -2020-121274 ბრძანებით ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ სახელმწიფომ ჩაურიცხა დახმარება 300 ლარის ოდენობით, რომელიც ჩამოეწერა საინკასო დავალებით. ითხოვს ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ი/მ ----------- ს 2016 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2024.91 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 02 იანვარს გამოიცა №0 11-2016-000001 ბრძანება ი/მ ----------- ს საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების შეცვლის გამო რამდენჯერმე დაკორექტირდა გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები. მათ შორის, 2020 წლის 24 ივლისის №011-2020-121274 ბრძანებით დაკორექტირდა ი/მ ----------- ს საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი კორექტირებული საინკასო დავალებები, რომლის საფუძველზე 2020 წლის 27 აგვისტოს სს ------------ ბანკიდან ბიუჯეტში გადმოირიცხა 300 ლარი.

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 მაისის №13722 ბრძანება, რომლითაც დაევალა სს ----- ბანკს ი/მ ------ ს საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები გაავრცელოს მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 57-ე მუხლის 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საინკასო დავალება გავრცელდეს, მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პანდემიის გამო შემოსავლების დაკარგვით გამოწვეული პრობლემების დაძლევისა და კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით გაცემული კომპენსაციების მიღების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული სიების საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 მაისის №13722 ბრძანება, რომლის მიხედვით დაევალა სს ----- ბანკს შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ბრძანების დანართ №1-ში მითითებული პირების (მათ შორის, ი/მ ----------- ს) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები გაავრცელოს მათ საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებულ სიებში დაფიქსირებული იყო ი/მ ----------- ს მონაცემები, აღნიშნული უნდა ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო- მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 57-ე მუხლის 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კორექტირებული საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის №011-2020-121274 ბრძანების საფუძველზე ი/მ ----------- ს საბანკო ანგარიშებიდან თანხის ჩამოწერა არამართლზომიერია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს გადამხდელისათვის საინკასო დავალებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხის დაბრუნება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ----------- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 24 ივლისის №011-2020-121274 ბრძანების საფუძველზე ი/მ ----ს საბანკო ანგარიშებიდან თანხის ჩამოწერა ჩაითვალოს არამართლზომიერად და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს გადამხდელისათვის საინკასო დავალებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხის დაბრუნება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი განმარტავს, რომ სახელმწიფომ ჩაურიცხა დახმარება 300 ლარის ოდენობით, რომელიც ჩამოეწერა საინკასო დავალებით. ითხოვს ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ი/მ-ს 2016 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ს 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოიცა ბრძანება გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ. რომლის საფუძველზე ბანკიდან ბიუჯეტში გადმოირიცხა 300 ლარი.

ამასთან, პანდემიის გამო შემოსავლების დაკარგვით გამოწვეული კრიზისის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით გაცემული კომპენსაციების მიღების მიზნით, გამოიცა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 25 მაისის №13722 ბრძანება, რომლითაც დაევალა ბანკს გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები გაავრცელოს მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ი/მ-ს საბანკო ანგარიშებიდან თანხის ჩამოწერა არამართლზომიერია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს გადამხდელისათვის საინკასო დავალებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხის დაბრუნება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1,,ე“); 243(1)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 57(21,,ბ“) მუხლი