გადაწყვეტილება №14254/2/17
📄 სრული ტექსტი
№14254/2/17
31.05.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------“ (ს/ნ--------------)
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 31.05.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ (ს/ნ --------) 13.03.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განაკვეთზე საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული განაკვეთის გავრცელება და შედეგად მოსაკრებელში დამატებითი თანხების დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2016 წლის №------------ საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.02.2017 წლის №------------ ბრძანება;
დარიცხული თანხა: ------------ ლარი.
ფაქტების აღწერა
საზოგადოების ძირითადი საქმიანობის სახეს წარმოადგენს პერლიტის მოპოვება, გადამუშავება და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 31 აგვისტოს №------------ ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა საზოგადოების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საწარმო შემოწმდა 2012 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდში. შემოწმების საფუძველზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არსებული ლიცენზიების საფუძველზე გარემოდან მოიპოვებს ბუნებრივ წიაღისეულს პერლიტს. პერლიტის განაკვეთად საზოგადოება უთითებს 1.8 ლარს ერთ ტონა წიაღის სამთო მასაზე, თუმცაღა აღნიშნულ პერიოდში (2014 წლის 4 აპრილის ჩათვლით) საკანონმდებლო მაცნესა და შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე პერლიტის განაკვეთი შეადგენს 8 ლარს, შესამოწმებელ პერიოდში ბუნებრივ რესურსზე-პერლიტზე მოსაკრებელი გაანგარიშებულ იქნა ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე პერიოდების შესაბამისად დადგენილი განაკვეთით. ასევე, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის დაერიცხა შესაბამისი სანქცია. აღნიშნული აქტის საფუძველზე გამოიცა 2016 წლის 16 დეკემბრის №------------ ბრძანება და №------------„საგადასახადო მოთხოვნა“.
გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა 23.02.2017 წლის №--------- ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2016 წლის №---------- „საგადასახადო მოთხოვნაში“ ასახული ჯარიმა-საურავისაგან.
დავების განხილვის საბჭო
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრით სადავოა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2016 წლის №------------ „საგადასახადო მოთხოვნით“ დარიცხული თანხა 207 169 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 აპრილის №954 განკარგულების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ დავალიანებაზე შემოსავლების სამსახურსა და შპს „-------“ (ს/ნ --------) შორის 2019 წლის 15 მაისს გაფორმდა №------------ საგადასახადო შეთანხმება.
ვინაიდან, 2018 წლის 28 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სალდირებულ საგადასახადო დავალიანებაზე შპს „-------“ (ს/ნ --------) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.