გადაწყვეტილება №19565/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.07.2023
№ დოკუმენტი 19565/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19565/2/2023

06.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19565/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 სექტემბრის №24242 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №006-72 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8740 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 450 474 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 289 745

დღგ - 57 982

საშემოსავლო გადასახადი - 231 763

ჯარიმა - 144 873

საურავი - 15 856

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 22.03.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2019 წლის №34654; 8.11.2019 წლის №38833 და 16.01.2020 წლის №674 ბრძანებებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებიდან შეძენილი აქვს ბინები როგორც მშენებარე, ასევე, დასრულებულ პროექტებში, ხოლო ბინების ნაწილი რეალიზებული აქვს არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე. შემოწმების მიმდინარეობისას პირის მიერ გადაგზავნილი ბუღალტრული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას 2021 წლის მაისის თვეში შეძენილი აქვს ბინები იურიდიული კომპანიისგან, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით აღნიშნული ბინები ჯამური ღირებულებით 380 097 ლარი, რეალიზებულია იმავე საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტ პირზე (--------). აღნიშნული ბინების რეალიზაცია კომპანიის მიერ არ იქნა დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, ამავე არარეზიდენტ პირზე კომპანიას 2021 წლის ივნისის თვეშიც აქვს გაყიდული 3 ბინა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენს 546 957 ლარს.

საგადასახადო შემოწმების მიერ შესწავლილია კომპანიის მიერ 2021 წლის მაისის თვეში რეალიზებული ბინების შესაბამისი ხელშეკრულებები, სადაც აღნიშნულია, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დადასტურდა, რომ მყიდველმა მიიღო ნასყიდობის საგანი იმ მდგომარეობაში, რაც შეთანხმებულია ხელშეკრულებით და ხელმოწერის შემდეგ მყიდველს არ აქვს გამყიდველისთვის ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე პრეტენზიის წაყენების უფლება, დაკავშირებული ნასყიდობის საგნის ხარისხთან. გაფორმებული ხელშეკრულებების და საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით, რეალიზებული ბინები შემოწმების მიერ ჩათვლილია საბოლოო მიწოდებად, ვინაიდან გამყიდველს არ გააჩნია დამატებითი ვალდებულება მყიდველის მიმართ და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, რეალიზებული ბინების ღირებულება შემოწმების მიერ ჩათვლილია კომპანიის მიერ მიღებულად (ვინაიდან მყიდველი არის არარეზიდენტი ფიზიკური პირი, შემოწმების მიერ ვერ მოხდა გადახდილი/გადასახდელი თანხების დადასტურება საბანკო ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი ურთიერთშედარების აქტი).

აღნიშნული თანხა შესაბამის საანგარიშო პერიოდში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერების შესაბამისად) განხილულია დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 8.04.2022 წლის №8875 ბრძანება და ამავე თარიღის №006-124 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 2022 წლის 3 მაისს და 8 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24242 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია), ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24242 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 6.02.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა 23.02.2023 წლის №3461 ბრძანება და ამავე თარიღის №006-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 18.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომლის 21.04.2023 წლის №8740 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვინაიდან აღნიშნული საკითხი (კაპიტალში შეტანილი თანხის ნაწილი რომ წარმოადგენდა რეალიზებული ბინის ღირებულებას) გადამხდელს არ გაუხდია სადავოდ 2022 წლის 3 მაისის და 8 ივნისის საჩივრებით, შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი 2022 წლის 3 მაისის და 8 ივნისის საჩივრებით არ გამხდარა სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას ყავს პარტნიორი ორგანიზაციები ოთხ ქვეყანაში: --------, --------, -------- და --------. კომპანიის დამფუძნებელი კაპიტალის შევსებას უმეტესად ახორციელებს პარტნიორი კომპანიების მეშვეობით. თანხები ირიცხება პირდაპირ საბანკო ანგარიშზე. კომპანიის კლიენტების უმეტესობას წარმოადგენენ არარეზიდენტი ფიზიკური პირები. არარეზიდენტი ფიზიკური პირები რიგ შემთხვევაში ახერხებენ თვითონ გადმორიცხონ თანხები კომპანიის ანგარიშზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი თანხის გადმოსარიცხად იყენებენ კომპანიის პარტნიორ კომპანიებს. უცხოეთიდან თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში დანიშნულებაში ეთითება იმ უძრავი ქონების დასახელება, რომელის ღირებულებაც იფარება, თუმცა --------დან გადმორიცხულ თანხებთან დაკავშირებით დანიშნულებას ვერ უთითებენ. კომპანიის საგადასახადო შემოწმების პროცესში, აუდიტორის მიერ მოთხოვნილი იყო დებიტორებთან და კრედიტორებთან შედარების აქტები. ვინაიდან დებიტორების ნაწილი არიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში, მათთან შედარების აქტების გაკეთება აუდიტის დასრულებამდე ვერ მოხერხდა.

გასაჩივრების ეტაპზე წარდგენილი იყო იმ კონკრეტულ მყიდველთან შედარების აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი, რომლის მიერ შეძენილი ბინების ღირებულებაც აუდიტორმა ჩათვალა მიღებულად და გაცემულად. შედარების პროცესში აღმოჩნდა, რომ მყიდველს გადახდილი ჰქონდა თანხის ნაწილი პარტნიორ კომპანიაში ------ და აღნიშნული თანხა გადმორიცხული იყო კომპანიის ანგარიშზე „ინვესტიციების“ დანიშნულებით, ხოლო საბუღალტრო ჩანაწერებში აღრიცხული იყო როგორც კაპიტალი. საკითხის ღრმად გარკვევის შედეგად აღმოჩნდა, რომ დანარჩენი პარტნიორი ქვეყნებისგან განსხვავებით, -------- არ არის ჩართული გადარიცხვების IBAN სისტემაში და გადმორიცხვის შემთხვევაში დანიშნულებაში ვერ უთითებს სასურველ ტექსტს. დანართის სახით წარმოადგენს სრულ ამონაწერს, სადაც ჩანს რომ თანხები მუდმივად ირიცხება ერთი დანიშნულებით.

შემოწმების პერიოდის შემდგომ, ასევე ჰქონდა უძრავი ქონების გასხვისების ფაქტი ისევ ------- მოქალაქეზე, აღნიშნულმა მყიდველმაც დაფარა დავალიანება, მაგრამ თანხა კვლავ გადმორიცხულია იგივე დანიშნულებით. ამ საკითხების გამორკვევის შემდეგ კომპანიის საბუღალტრო და იურიდიული სამსახურები ყოველთვიურად ადარებენ თვის ჩარიცხვებს, გაუგებრობების თავიდან ასარიდებლად და შესაბამისი თანხები გადააქვთ დებიტორების შესაბამის ანგარიშებზე. დანართის სახით წარმოადგენს დამატებით მეორე რეალიზაციის დოკუმენტსაც.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და საგადასახადო ორგანოებში არსებულ პრაქტიკას. ასევე, მიიჩნევს რომ დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აღსრულდა დაუსაბუთებელი მიზეზების გამო. არგუმენტაციის გასამყარებლად წარმოადგენს გადმორიცხული თანხების ცხრილს. აგრეთვე, მყიდველთან გაფორმებულ შედარების აქტებს, რომლშიც მითითებული დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია.

საწარმოს მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა, დავების განხილვის საბჭოში მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად ითხოვს გათავისუფლდეს დარიცხული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №ბს-222-219 გადაწყვეტილებაში აღნიშნავს რომ, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა საპატიებელი არ არის (მაგალითად, მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით) პირი არ შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან ვინაიდან კომპანიის ქმედება გამომდინარეობდა საპატიებელი შეცდომის ფარგლებში და მიზნად არ ჰქონია გადასახადების შემცირება. ამასთან, შუალედური აქტით დარიცხული თანხები გადახდილია კომპანიის მიერ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24242 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია), ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით:

გადამხდელის მიერ წარდგენილია არარეზიდენტ პირსა (--------) და -------ში რეგისტრირებულ კომპანიას („---------“) შორის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვით აღნიშნულ ფიზიკურ პირს არარეზიდენტი კომპანიის მიმართ 30.06.2021 წლის მდგომარეობით (აქტით მოცული პერიოდი) დავალიანება ჰქონდა 33 712 დოლარი (დანარჩენი გადახდილია აღნიშნულ პერიოდამდე არარეზიდენტი კომპანიისათვის). კომპანიის წარმომადგენლის განმარტების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ არარეზიდენტმა კომპანიამ ქართულ კომპანიას აღნიშნული თანხები გადმოურიცხა ბანკით, რომლის დანიშნულება იყო ინვესტიცია (დანიშნულებაში არ იყო მითითებული არარეზიდენტი ფიზიკური პირი და რეალიზებული უძრავი ქონება), ხოლო ხსენებული დანიშნულებით გადმორიცხული თანხები შემოწმების მიერ განხილულია კაპიტალად. ვინაიდან, აღნიშნული საკითხი (კაპიტალში შეტანილი თანხის ნაწილი, რომ წარმოადგენდა რეალიზებული ბინის ღირებულებას) გადამხდელს არ გაუხდია სადავოდ 2022 წლის 3 მაისის და 8 ივნისის საჩივრებით, ამასთან, თანხები არ ედრება სრულად, შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

საჩივრის მიხედვით კომპანიას ყავს პარტნიორი ორგანიზაციები ოთხ ქვეყანაში: -------, --------, -------- და -------. კომპანიის დამფუძნებელი კაპიტალის შევსებას უმეტესად ახორციელებს პარტნიორი კომპანიების მეშვეობით. თანხები ირიცხება პირდაპირ საბანკო ანგარიშზე. კომპანიის კლიენტების უმეტესობას წარმოადგენენ არარეზიდენტი ფიზიკური პირები. არარეზიდენტი ფიზიკური პირები რიგ შემთხვევაში ახერხებენ თვითონ გადმორიცხონ თანხები კომპანიის ანგარიშზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი თანხის გადმოსარიცხად იყენებენ კომპანიის პარტნიორ კომპანიებს. უცხოეთიდან თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში დანიშნულებაში ეთითება იმ უძრავი ქონების დასახელება, რომელის ღირებულებაც იფარება, თუმცა --------დან გადმორიცხულ თანხებთან დაკავშირებით დანიშნულებას ვერ უთითებენ. აუდიტორის მიერ მოთხოვნილი იყო დებიტორებთან და კრედიტორებთან შედარების აქტები. ვინაიდან დებიტორების ნაწილი არიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში, მათთან შედარების აქტების მომზადება შემოწმების დასრულებამდე ვერ მოხერხდა. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და საგადასახადო ორგანოებში არსებულ პრაქტიკას. ასევე, მიიჩნევს რომ დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ აღსრულდა დაუსაბუთებელი მიზეზების გამო.

მომჩივანი წარმოადგენს განმარტებით წერილებს, რომლის მიხედვით:

ა) ------- 30.06.2021 წლის მდგომარეობით დავალიანება ჰქონდა საქართველოში მეორე მხარის მიმართ 33 712 აშშ დოლარი. აღნიშნულმა პირმა ეს თანხა დაფარა --------ში რეგისტრირებული კომპანიის („--------“) ანგარიშზე, რადგან ვერ შეძლო მისი დავალიანების გადარიცხვა საქართველოში არსებულ მხარესთან;

ბ) აღნიშნულმა პირმა საქართველოში შეიძინა უძრავი ქონება, მის დეპოზიტი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში შეადგენდა 288 797 აშშ დოლარს, რამდენადაც კლიენტმა არ იცის პირდაპირ როგორ გადარიცხოს თანხა მეორე მხარის საბანკო ანგარიშზე საქართველოში, მისგან მიიღო ყველა წილი და თანხა და მის ნაცვლად გადარიცხა მთელი ეს თანხა მეორე მხარის ანგარიშზე საქართველოში, მაგრამ ვერ გაუწერეს დეტალური ქვითარი თანხის დაფარვის დეტალებით მეორე მხარისთვის გადმორიცხვების შესახებ. ყველა გადმორიცხვა საქართველოში ინვესტიციის კვალიფიკაციით განხორციელდა, აღნიშნული პირისგან მიღებული თანხა სრულად გადმორიცხულია საქართველოში.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ კომპანია საქმიანობს სამშენებლო სფეროში, კერძოდ ყიდულობს ბინებს და შემდგომ რეალიზებას ახდენს არარეზიდენტ პირებზე. ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის მონაცემით სამი ბინა გაფორმებულია არარეზიდენტ პირზე, თუმცა ბინის ღირებულების გადახდა არ ფიქსირდება. საგადასახადო შემოწმების მიერ რეალიზებული ბინები ჩათვლილია საბოლოო მიწოდებად, ვინაიდან გამყიდველს არ გააჩნია დამატებითი ვალდებულება მყიდველის მიმართ და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, რეალიზებული ბინების ღირებულება შემოწმების მიერ ჩათვლილია კომპანიის მიერ მიღებულად (ვინაიდან მყიდველი არის არარეზიდენტი ფიზიკური პირი, შემოწმების მიერ ვერ მოხდა გადახდილი/გადასახდელი თანხების დადასტურება საბანკო ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი ურთიერთშედარების აქტი). გადამხდელმა თავდაპირველად განმარტა, რომ აღნიშნული მისაღები თანხა დებიტორად აქვს დაფიქსირებული ბუღალტრულად. დავის ეტაპზე კი განმარტა, რომ სათავო ოფისი აქვს დუბაიში და აღნიშნულმა პირმა იქ გადაიხადა რეალიზებული ბინების ღირებულება. კომპანიის წარმომადგენლის განმარტების და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ არარეზიდენტმა კომპანიამ ქართულ კომპანიას აღნიშნული თანხები გადმოურიცხა ბანკით, რომლის დანიშნულება იყო ინვესტიცია (დანიშნულებაში არ იყო მითითებული არარეზიდენტი ფიზიკური პირი და რეალიზებული უძრავი ქონება), ხოლო ხსენებული დანიშნულებით გადმორიცხული თანხები შემოწმების მიერ განხილულია კაპიტალად. ასევე, აღნიშნული საკითხის შესწავლით დადგინა, რომ თანხობრივი თანხვედრა არ ხდება, ვინაიდან მომჩივნისვე განმარტებით ინვესტიციის შინაარსით გადმორიცხული თანხის ნაწილი ინვესტიცია და ნაწილი კი არარეზიდენტის მიერ ბინის შესაძენად გადახდილი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

მომჩივანი მსჯელობს და არასწორად მიაჩნია სანქციის დაკისრება რასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24242 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან, მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24242 ბრძანება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 სექტემბრის №24242 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24242 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 6.02.2023 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით, შემოწმების მიერ შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა 23.02.2023 წლის №3461 ბრძანება და ამავე თარიღის №006-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 18.03.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომლის 21.04.2023 წლის №8740 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24242 ბრძანება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").