ბრძანება N 13294

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.06.2023
№ დოკუმენტი 13294
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13294

13.06.2023

ფ/პ ----------- (პ/ნ ---------)

(მის.: --------------)

2023 წლის 10 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №79014/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №999-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმებას წარუდგინდა მტკიცებულებები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ,1. აცხადებს, რომ რეალიზებული ქონების ღირებულების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტს უნდა ეხელმძღვანელა მხარეებს შორის გაფორმებული კორექტირებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასით, რაც არ წარმოადგენს მხარეებს შორის სადავო გარემოებას.

2. ითხოვს რემონტის ხარჯების განსაზღვრის მიზნით საკითხი შესწავლილ იქნას გადამხდელის მონაწილეობით.

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

გადამხდელი ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19260 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №999-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ფ/პ -------- (პ/ნ ---------) 2022 წლის 21 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ფ/პ --------- (პ/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დასაბეგრი შემოსავლის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ გადამხდელის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების განსაზღვრის თაობაზე), რომლითაც დადასტურდება ფ/პ --------- (პ/ნ ---------) მიერ უძრავი ქონების გაუმჯობესებაზე შესამოწმებელ პერიოდში ხარჯის გაწევის ფაქტი;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც განსაზღვრული იქნება მომჩივნის მიერ უძრავ ქონებაზე გაწეული დანახარჯების ოდენობა და აღნიშნულის გათვალისწინებით იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19260 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 16 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 20 დეკემბრის №999-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

1. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19260 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საჯარო რეესტრში გატარებული კორექტირებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელიც გაფორმებულია შემოწმების მიმდინარეობისას. აღნიშნული მასალა შემოწმების პროცესშიც იყო გამოგზავნილი და შესწავლილი. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ 2020 წლის 6 თებერვალს რეალიზებულია ორი კომერციული ფართი (ს/კ --------- და ს/კ ---------), რომლიც შეძენილია --------- მიერ იპოთეკური სესხის საშუალებით და გამოყენებულია სესხის უზრუნველსაყოფად. სესხის გაცემამდე, აღნიშნული ქონების საბაზრო ფასი შეფასებულია ბანკის მიერ. საბაზრო ფასის დასადგენად, „-------“ ბანკი დაეყრდნო აღნიშნული ქონების 2019 წლის 8 ოქტომბრის თავისივე შეფასებას, როცა ფართი, პირველი მყიდველის მიერ 2019 წელს შეძენილ იქნა სესხის საშუალებით. ცნობა ------- ბანკიდან უძრავი ქონების შეფასების შესახებ --------- მიერ წარმოდგენილ იქნა, როგორც დავების ეტაპის შემდგომი მტკიცებულება. წარმოდგენილი შეფასების დასკვნით, ქონება (კომერციული ფართი ს/კ -----------) შეფასებულია 2019 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით 67 503 ლარად (22 746 აშშ დოლარი), მეორე კომერციული ფართი (ს/კ -------------) ბანკის მიერ შეფასებულ იქნა 106 955 ლარად (36 040 აშშ დოლარი). შემოწმებით დადგინდა, რომ ----------- პირველი ფართი შეძენილი ქონდა 74 661 ლარად (25 170 აშშ დოლარად), რომელიც აღემატება როგორც ბანკის მიერ შეფასებულ საბაზრო ღირებულებას (67 503 ლარს), ისე მის მიერ სარეალიზაციოდ დაკორექტირებულ ღირებულებას (40 000 ლარს). შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული არგუმენტაცია ხელშეკრულების ცვლილების და ფასის კორექტირების (ვალუტის ცვლილება) შესახებ გათვალისწინებულ არ იქნა შემოწმების მიერ, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირება/შემცირებას.

2. 2022 წლის 20 ივლისის №19260 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შემფასებლის შპს ,,---------“ დასკვნა სარემონტო სამუშაოების დანახარჯების შესახებ, რომლის მიხედვით 2022 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შესაფასებელი ქონების მშენებლობის დანახარჯები გაანგარიშებულ იქნა 35 000 აშშ დოლარად. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელის მიერ აღნიშნული ფართები რეალიზებულია 2019 და 2020 წლებში და შემოწმების ან გადაანგარიშების ეტაპზე (შეფასების დასკვნის გათვალისწინებით) ვერ დადგინდა რეალიზაციის მომენტში ფართის ფაქტობრივი მდგომარეობა, რემონტის დანახარჯების ოდენობა ან ხარჯების გამწევის ვინაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია აღნიშნული ფართების მყიდველებისგან და იჯარით მოსარგებლე შპს „-----------გან“, თუ რა მდგომარეობაში იყო კომერციული ფართები მათი შეძენის პერიოდში და ვის მიერ იყო რემონტის ხარჯი გაწეული. მიღებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფართში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა შპს „---------“. წარმოდგენილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითიც დგინდება ხარჯის გაწევის პერიოდი და ღირებულება. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის შეფასებით ვერ დგინდება, რომ გაწეული ხარჯების (35 000 აშშ დოლარი) გამწევს წარმოადგენს ფიზიკური პირი ---------- ან რემონტის ხარჯები გაწეულია რეალიზაციამდე არსებულ პერიოდში. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დაკორექტირებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული სარეალიზაციო ფასი ნაკლებია ქონების შეძენის ღირებულებაზე, ასევე ბანკის მიერ შეფასებულ საბაზრო ღირებულებაზე. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის შეფასებით ვერ დგინდება, რომ გაწეული ხარჯების (35 000 აშშ დოლარი) გამწევ პირს წარმოადგენს თავად ---------, ასევე ვერ დადგინდა რემონტის ხარჯების ქონების რეალიზაციამდე პერიოდში გაწევის ფაქტი. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები შემოწმების ეტაპზეც წარდგენილი და ცნობილი იყო აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში, გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ ყოფილა დაკმაყოფილებული და შესაბამისად, დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ -------- (პ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმებას წარუდგინდა მტკიცებულებები, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19260 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 აპრილის №999-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მომჩივანის 2022 წლის 21 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19260 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 16 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).