გადაწყვეტილება №24925/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.04.2025
№ დოკუმენტი 24925/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24925/2/2025

04 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------17.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24925/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2025 წლის №006-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 432 139.76 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 216 621

ჯარიმა - 108 310

საურავი - 107 208.76

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია 1.01.2019 დან 1.06.2022 საანგარიშო პერიოდში არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, 2021 წლის 30 ივლისს, პარტნიორთა კრების საფუძველზე, კომპანიის ერთპიროვნულმა მფლობელმა და დირექტორმა ------- გაასხვისა კომპანიის კუთვნილი წილი 51% შპს --------- 25 000 ლარად, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ---------. აღნიშნული ოპერაციის ანალიზის შედეგად და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ლიცენზირებული აუდიტორის (სერტიფიკატი --------) წილის შეფასების ანგარიშით გაირკვა წილის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გასხვისების დროისათვის, ღირებულება შეადგენდა 1608 600 ლარს, რაც გასხვისების ღირებულებაზე 1 583 600 ლარით ნაკლებია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად, მიიჩნია მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32171 ბრძანება და №006-587 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.03.2024 წლის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა მომჩივნის საჩივრები და 15.05.2024 წლის №11257 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხების, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2.07.2024 წლის №00000198 წერილში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების დამატებით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის 2024 წლის 1 ნოემბრის №006-464 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

პირველ სადავო საკითხის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი (მათ შორის საჩივარზე თანდართული) იმ მტკიცებულებების გათვალისწინება, რომლითაც დასტურდება უშუალოდ -------- მიერ შპს -------- სასარგებლოდ ხარჯის გაწევა, აუდიტის დეპარტამენტმა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას სულ 94 256 ლარით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის

2025 წლის 5 მარტის №006-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის დასკვნის (№40/3) თანახმად, კომპანიას შეუმცირდა დარიცხული თანხა, თუმცა, ამის მიუხედავად, მას გადასახდელი მაინც დარჩა ჯამში 432 139.76 ლარი.

ამრიგად, წინამდებარე საჩივრით მოგმართავთ, რათა ზემოაღნიშნული თანხებიც მოიხსნას და კომპანიას აღარ ჰქონდეს დავალიანება. აღნიშნულის მთავარი საფუძველი გახლავთ ის, რომ კომპანიის დავალიანების შედეგად, -------- მიმართ, მოხდა იმ წილის გასხვისება, რაზედაც შემოსავლების სამსახური ედავება და რაც საბჭოსთვის კარგად ცნობილია.

აღნიშნულ საქმეზე არაერთხელ ჩაინიშნა ზეპირი განხილვა, სადაც წარმოდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად ამტკიცებდა კომპანიის პოზიციას, თუმცა ამის მიუხედავად, არ ხორციელდება კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამჟამად, კი დამატებით აღნიშნავს, რომ ატარებს კომპანიის აუდიტს, რომელშიც კიდევ უფრო დეტალურად იქნება ნაჩვენები თითოეული დეტალი. შესაბამისად, მოცემულ დასკვნასაც უახლოეს მომავალში წარმოადგენს. ამრიგად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, რომ კომპანიას გადასახდელ თანხად აღარ ერიცხებოდეს 432 139.76 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და მიღებულია არაერთი ბრძანება/გადაწყვეტილება, თუმცა შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი (მათ შორის საჩივარზე თანდართული) იმ მტკიცებულებების გათვალისწინება, რომლითაც დასტურდება უშუალოდ ------- მიერ შპს -------- სასარგებლოდ ხარჯის გაწევა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას სულ 94 256 ლარით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის დასკვნის მიხედვით ირკვევა შემდეგი:

შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, კერძოდ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა პირადი საბანკო ანგარიშის ამონაწერი, საიდანაც ფიქსირდება -------- მიერ გარკვეული გადახდები შპს -------- სასარგებლოდ, ასევე ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები და ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება და ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა მიწოდებული დოკუმენტებით -------- მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინება და შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი, არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს გასაჩივრებული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას, მაგრამ, არ წარმოადგენს არგუმენტებს რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილების შეუსაბამოდ და რა საფუძველზე.

აუდიტის დეპარტამენტი 26.03.2025 წლის №-------- წერილით წარმოდგენს 2025 წლის 7 თებერვლის დასკვნაში დაფიქსირებულის ანალოგიურ ინფორმაციას, ამასთან აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები. გადაანგარიშების ეტაპზე მოხდა მოწოდებული დოკუმენტებით ---------- მიერ გაწეული ხარჯების გათვალისწინება და შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება (შემცირება). შედეგად, დარიცხვა შემცირდა (გადასახადი 62 837 ლარით და ჯარიმა 31 419 ლარით) ჯამში 94 256 ლარით.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ გათვალისწინებული იქნა გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი ყველა დოკუმენტები, რომლითაც ფიქსირდებოდა --------- მიერ კომპანიის სასარგებლოდ გარკვეული თანხების გადახდები, კერძოდ გათვალისწინებულია: დაცვის სამსახურის შპს -------- მიერ გამოწერილი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, თელასიდან წარდგენილი ინფორმაცია ელექტრო ენერგიის ხარჯების გადახდების შესახებ, --------- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და აუდიტორული კომპანია ეკონომაუდიტისათვის გადახდილი მომსახურების თანხები, --------- პირადი საბანკო ანგარიშებიდან შპს ----------სასარგებლოდ გადახდილი სხვადასხვა ხარჯები, ტრანსკავკასიის კრისტალთან გაფორმებული შეთანხმება და ანგარიშსწორების დოკუმენტები.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მიერ წარდგენილი ყველა იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომლითაც დასტურდებოდა უშუალოდ --------- მიერ შპს --------- სასარგებლოდ ხარჯის გაწევა. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია 1.01.2019 დან 1.06.2022 საანგარიშო პერიოდში არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, 2021 წლის 30 ივლისს, პარტნიორთა კრების საფუძველზე, კომპანიის ერთპიროვნულმა მფლობელმა და დირექტორმა გაასხვისა კომპანიის კუთვნილი წილი 51% შპს-ში 25 000 ლარად, ურთიერთდამოკიდებულ პირზე. გაირკვა რომ წილის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გასხვისების დროისათვის, ღირებულება გასხვისების ღირებულებაზე 1 583 600 ლარით ნაკლებია. აღნიშნული ოპერაცია, მიჩნეულ იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს 6.12.2024 წლის №24279/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;981;275