გადაწყვეტილება №20868/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2024
№ დოკუმენტი 20868/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20868/2/2023

20 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 19.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20868/2/2023).

 

დავის საგანი:

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №094-43 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21252 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 9 260 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 611

დღგ - 4 142

მოგების გადასახადი - 326

საშემოსავლო გადასახადი - 7

ქონების გადასახადი - (-864)

საურავი - 5 649

 

ფაქტების აღწერა

შპს „--------სა“ და შპს „-------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ჩატარებული ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა 18.06.2013 წლის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელის მიერ იჯარით გაცემულია სატრანსპორტო საშუალება (2008-2012 წწ), რომლის მიერაც ხორციელდებოდა უსასყიდლო მომსახურების გაწევა და რის სანაცვლოდაც ხდებოდა საწვავის მიწოდება.

შემოწმების მიერ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდება, 2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის პირველი ნაწილის, 2011 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების და მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განხილულ იქნა საბაზრო ფასით მიწოდებად, რითაც გაიზარდა ერთობლივი შემოსავლები და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები;

- გადასახადის გადამხდელს 2010 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, ასახული არ ჰქონდა სრულად, კერძოდ, დაფიქსირებულია 15 651 ლარით ნაკლები, რაზეც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №1701 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული საშუალო ფასნამატით გაზრდილი იქნა 2010 წლის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი (დეკემბრის თვეში) ბრუნვა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2013 წლის №61210 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 28.11.2013 წლის №94-356 საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის სადავო საკითხის ნაწილში) ნაწილობრივ დააკმაყოფილა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელ პირს წარუდგინოს დამატებით დოკუმენტაცია, რომლის წარდგენის შემთხვევაში, ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელმა პირმა უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით სადავო საკითხების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.01.2014 წლის №5234 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 5.12.2014 წლის №7612/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში, კერძოდ, საბჭომ იმ გარემოებისის გათვალისწინებით, რომ შემოწმების მასალები გადაგზავნილია საგამოძიებო სამსახურში, მიიჩნია, რომ სადავო ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საგამოძიებო ორგანოების მოკვლევის შედეგად, სათანადოდ დადგენილი გარემოებების გათვალისიწინებით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები, მათ შორის შემოსავლების სამსახურის 30.01.2014 წლის №5234 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 5.12.2014 წლის №7612/2/14 გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №61210 ბრძანება და 2013 წლის 28 ნოემბრის №94-356 საგადასახადო მოთხოვნა. დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „--------ს“ მიმართ.

- ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 31 იანვრის №5234 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის №ბს-688(2კ-20) განჩინებით, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განჩინება, რომლის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, არ დაკმაყოფილდა შპს „-------ს“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

ამგვარად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განჩინებების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 14 070 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №094-43 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21252 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/73-15 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებს არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

მიუხედავად წლების განმავლობაში (2012-2019) წარდგენილი საფუძვლიანი მტკიცებულებებისა, აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული არცერთ ინსტანციაში, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე სასამართლოს ორ ინსტანციაში (უზენაეს სასამართლოში ვერ განახორციელა გასაჩივრება წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო). შემოსავლების სამსახურის 30.01.2014 წლის №5234 ბრძანების საფუძველზე, ალტერნატიულ აუდიტს „--------ს“ წარუდგინა ხელახლა, ორივე სადავო საკითხთან დაკავშირებით გამყარებული (დამატებითი) დოკუმენტაცია: ნაშთები 2007 წლიდან 2012 წლამდე, თვეების და პროდუქციის დასახელებით, სადაც ნათლად ჩანდა 2010 წლის სექტემბრის ნაშთები, შესყიდვები და რეალიზაცია ცხრილის სახით, დეტალურად (წარმოადგენს დანართის სახით), ასევე ცხრილის სახით რენტაბელობის ცხრილი, სადაც ნათლად იკვეთება, რომ ალტერნატიულმა აუდიტორმა განმეორებით რეალიზაციაში ასახა უკვე დღგ-ის დეკლარაციით, 2010 წლის სექტემბერში, კომპანიის მიერ გაყიდულირეალიზებული პროდუქცია.

შემოსავლების სამსახურის 30.01.2014 წლის №5234 ბრძანებაში ნათლად ჩანდა, რომ დეტალურად იყვნენ გაცნობილი მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას (1275 გვერდი) და ალტერნატიულ აუდიტორს დაევალა წარდგენილი მასალების შესწავლა. მტკიცებულებები წარედგინა ალტერნატიულ აუდიტორს, მაგრამ მიუხედავად ამისა არ იქნა მის მიერ განხილული და არ მოხდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

2010 წლის მოგების დეკლარაციაში დაფიქსირდა, 2010 წელს შეძენილი, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები 15 381.28 ლარით ნაკლები (საგადასახადო ა/ფ ბბ------), რომელიც კომპანიის მერ ჩათვლილია 2010 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში (ასახულია (ჩათვლილია)). აღნიშნული ქმედება იყო ბუღალტრის მექანიკური შეცდომა (კომპანიას მოუწია ზედმეტად მოგების გადასახადის გადახდა). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული პროდუქცია რეალიზებული იქნა და ასახულია სექტემბრის დეკლარაციით (წარმოადგენს ცხრილს 2020 წლის 31 აგვისტოს ნაშთს პროდუქციის დასახელების მიხედვით, შეძენილი პროდუქციის დასახელებების მიხედვით და სექტემბრის თვის საბოლოო ნაშთს). აუდიტორმა კი განმეორებით განახორციელა დარიცხვა, რაც ჩანს რენტაბელობის ცხრილში. პირველ ცხრილში, როცა შეძენილი პროდუქცია არ აქვს ასახული, რენტაბელობა 17.16%-ია, ხოლო ხარჯად აღიარების შემთხვევაში რენტაბელობა არის 11.78%, რაც რეალურია სხვა თვეებთან მიმართებაში. სხვაობა იკვეთება თვალნათლივ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შემოწმების პერიოდში, „--------მა“ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურიდან მათ მიერ მოთხოვნილი (რასაც კომპანია ვერ მოიპოვებდა) 2010 წელს კომპანიის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის რეესტრი, რასაც წარმოადგენს დანართის სახით. ნათლად ჩანს კომპანიის მიერ მათთან ერთად შედარებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ჩამონათვალი, გამოიკვეთა მხოლოდ ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არ არსებობა, რაზეც შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული აკლდა მოგების დეკლარაციაში ასახულ ციფრს, თუმცა ჩაწერეს სხვა ციფრი სხვაობით 269.72 ლარი, ნაცვლად 15 381.28 ლარისა დაწერა 15 651 ლარი, რაზეც მოითხოვა დოკუმენტაციით დადასტურება არაერთხელ, მათთან კომუნიკაციის დროს და სააპელაციო სასამართლოზე (წერილს წარმოადგენს დანართის სახით). სასამართლოს არცერთმა ინსტანციამ არ განიხილა დეტალურად კომპანიის მოთხოვნა. ამდენად, ითხოვს წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებას, რადგან დავა მიმდინარეობს 2007-2012 წლის პერიოდზე, კომპანია არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, სხვა შემოსავალი არ გააჩნია, გარდა შენობის საიჯარო ხელშეკრულებისა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.01.2014 წლის №5234 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა, ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 5.12.2014 წლის 7612/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი ასევე ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა. ხსენებული ადმინისტრაციული აქტები გასაჩივრდა სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა რა ნაწილობრივ, დაევალა შემოსავლების სამსახურს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „-------ს“ მიმართ.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს და ხაზგასმით მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლო 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დაფიქსირებულ გარემოებებზე, რომ „ვერ გაიზიარებს შემმოწმებლის პოზიციას და განმარტავს, იმ გარემოებაზე მითითება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დოკუმენტის სიყალბეს ვერ იქნება მიჩნეული საკმარის არგუმენტად იმისა, რომ არ მომხდარიყო 31.07.2008 წ. ცვლილებების გათვალისწინება, რამდენადაც დოკუმენტის სიყალბე დადგენილი უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით. მართალია, დადგენილია, რომ დოკუმენტის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა გამოძიებას დღემდე შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, დოკუმენტის შესაძლო გაყალბებაზე მითითება ვერ იქნება მიჩნეული ხელშეკრულების ცვლილებების გაუთვალისწინებლობის საკმარის საფუძვლად.“

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ „იმ პირობებში, როდესაც შპს „--------სა“ და ი/მ ------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2008 წლის 5 ივლისის ხელშეკრულებით, რომელიც არის სასყიდლიანი, მსჯელობა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრული დამქირავებლის ვალდებულებების უსასყიდლო მომსახურებად მიჩნევის თაობაზე, იმთავითვე საფუძველს მოკლებულია.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების 3.დ. პუნქტი არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი განმარტების შესაძლებლობას, მითითებული დავალება შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ დამქირავებელი გამქირავებელს კონკრეტული მიმართულებით ყოველთვის უწევს უსასყიდლო მომსახურებას და შესაბამისად, შპს გამქირავებელი ანაზღაურებს მხოლოდ საწვავის ხარჯს, ასევე შეიძლება წაკითხულ იქნეს იმგვარად, რომ, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან მითითებული მიმართულებით ტვირთის უსასყიდლო გადაზიდვაზე, შპს „-------“ -------ს აუნაზღაურებს საწვავის ხარჯს. მოპასუხეთა პოზიცია ამ კუთხითაც დაუსაბუთებელია, კერძოდ, არ არის დასაბუთებული ხელშეკრულების ზემოაღნიშნული არაერთმნიშვნელოვანი დებულება რატომ იქნა განმარტებული იმგვარად, რომ დამქირავებელი გამქირავებელს კონკრეტული მიმართულებით ყოველთვის უწევდა უსასყიდლო მომსახურებას.“

სასამართლო მიიჩნევს, რომ „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ოპერაციისათვის კვალიფიკაციის მისადაგება არ მომხდარა საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასების საფუძველზე, რაც ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ გარემოებების სათანადო შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №61210 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №94-356 საგადასახადო მოთხოვნა უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში და შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს აღნიშნულ ნაწილში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

რაც შეეხება შეძენილსა და დეკლარაციაში ასახულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებას შორის გამოვლენილ სხვაობას, მითითებულ საკითხთან მიმართებაში სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა პოზიციას და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ იქნა შპს „-------ს“ დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენდა 2 593 548.55 ლარს, სხვაობა 15 651 ლარს, რაც არ შეესაბამებოდა არცერთ ანგარიშფაქტურაში მითითებულ თანხას. გადამხდელი მიუთითებდა, რომ სხვაობა გამოწვეული იყო 2010 წლის სექტემბრის შეძენის გამორჩენით, თუმცა თავად გადამხდელის მიერ წარდგენილი ყოველთვიურად შეძენილი საქონლის შემმოწმებლის მიერ დადგენილ შეძენებთან შედარებით სხვაობა დაფიქსირდა ყოველ თვეში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობა დაუდგინა არა ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მექანიკურად გამორჩენის გამო, არამედ თვეების მიხედვით შეძენების გადამხდელის მიერ წარდგენილ შეძენებთან შეპირისპირებით, რამაც საბოლოო ჯამში შეადგინა 15 651 ლარი. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ვალდებულებას, რაც გამორიცხავს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №61210 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის №94-356 საგადასახადო მოთხოვნა უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნულ აქტებზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებიც - შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 31 იანვრის №5234 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში.

ამგვარად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მაისის №3/73-15 გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, დოკუმენტის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა აუდიტის დეპარტამენტიდან გაგზავნილი 2023 წლის 7 აპრილის წერილის პასუხად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან შემოსული წერილის მიხედვით, გამოგზავნილი მასალების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში გამოძიება არ დაწყებულა. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა განსახილველ თემაში აღნიშნული თანხის შემცირება.

ამდენად დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/73-15 გადაწყვეტილების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმებით დარიცხული თანხები, უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდების საბაზრო ფასით მიწოდებად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში.

მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს გარემოებაზე, თუ რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსაბამოდ და სადავო გარემოებად კვლავაც მიუთითებს გარემოებებს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/73-15 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, არ დავალებია შემოსავლების სამსახურს და შესაბამისად ვერ იქნებოდა ასახული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულება განხორციელებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის მიერ იჯარით გაცემულია სატრანსპორტო საშუალება (2008-2012 წწ), რომლის მიერაც ხორციელდებოდა უსასყიდლო მომსახურების გაწევა და რის სანაცვლოდაც ხდებოდა საწვავის მიწოდება. შემოწმების მიერ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ საწვავის მიწოდება განხილულ იქნა საბაზრო ფასით მიწოდებად, რითაც გაიზარდა ერთობლივი შემოსავლები და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები;

გადასახადის გადამხდელს 2010 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულება, ასახული არ ჰქონდა სრულად, კერძოდ, დაფიქსირებულია 15 651 ლარით ნაკლები, რაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული საშუალო ფასნამატით გაზრდილი იქნა 2010 წლის ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი (დეკემბრის თვეში) ბრუნვა.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განჩინებების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 14 070 ლარით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.08.2023 წლის №21252 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულება განხორციელებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").