გადაწყვეტილება №19898/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 19898/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19898/2/2023

27 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 6.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19898/2/2023).

 

დავის საგანი:

სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №187821 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10984 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2022 წლის ივლისის №21-14/62245 წერილით გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის და საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშების შესახებ ცნობის, ასევე, ამ ანგარიშებიდან ამონაწერის ელექტრონული ვერსიის, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული წარმოების შემთხვევაში პროგრამის ასლის (ელექტრონული სახით) წარმოდგენა. მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №187821 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. ამის შემდგომ, 15.11.2022 წელს N21-14/104704 წერილით გადასახადის გადამხდელისგან კვლავ იქნა გამოთხოვილი აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წერილს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ამავე დღეს, თუმცა, განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის წარუდგენლობის გამო მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №187821 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.05.2023 წლის №10984 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრულ ჯარიმას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სამართალდარღვევის ოქმის და სანქციის გაუქმებას. აღნიშნავს, რომ მიწოდებული ქონდა აუდიტის დეპარტამენტისთვის ინფორმაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის მიხედვით,1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

4. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 14.06.2023 წლის №56471-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების ბრძანების დანიშვნისთანავე მოხდა გადამხდელთან დაკავშირება და მაგრამ მითითებულ ვადაში არ იქნა ინფორმაცია სრულყოფილად მიწოდებული. გადამხდელთან კიდევ მოხდა რამდენჯერმე დაკავშირება და შეხსენება დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მოწოდებაზე. რაც არ იქნა შესრულებული.

დეკლარაციების კონტროლის №2 სამმართველოს მიერ, ინფორმაციის წარუდგენლობაზე იყო გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმი. 15.11.2022 წელს განმეორებით გაიგზავნა მოთხოვნა ინფორმაციის გამოთხოვაზე. მიეცა 5 სამუშაო დღე, რაც დარღვეულ იქნა. 23.02.2023 წელს გამოწერილ იქნა განმეორებით სამართალდარღვევის ოქმი. 2022 წლის ნოემბრის თვეში დაინიშნა, მომჩივნის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ მოხდა ისევ გადამხდელთან დაკავშირება და გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთის თვითღირებულების შესახებ შესაბამისი საქონლის დასახელებების მიხედვით, შეძენის ფასის და დამადასტურებელი დოკუმენტების მითითებით, რაც გადამხდელის მიერ ისევ არ იქნა შესრულებელი. გადამხდელს არც ინვენტარიზაციის დანიშვნის ჩატარებამდე არ ქონდა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, დარღვეული ჰქონდა ყველანაირი ვადა და გადავადებაზეც არ ქონდა მომართული საგადასახადო ორგანოსთვის. საწარმოს დღემდე არ აქვს წარმოდგენილი შემოწმების მხრიდან მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღემდე კომპანიის მხრიდან არ არის წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2023 წლის №187821 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით.

მომჩივნის მითითებას გათავისუფლდეს დარიცხული სანქციისაგან, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარუდგენლობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის წერილით გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სრული სააღრიცხვო დოკუმენტაციის, წარმოდგენა. მოთხოვნილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 17.05.2023 წლის №10984 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს გადაწყვეტილებით, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 269(7); 270(2)