გადაწყვეტილება №21930/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21930/2/2024
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------------ი“ (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 11.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21930/2/2024).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 2.12.2016 წლის №011-5930 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №32549 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 150 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 100
ჯარიმა - 50
პროცედურული გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის 2.12.2016 წლის №011-5930 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მომჩივანი დაჯარიმდა 150 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.12.2023 წლის №32549 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4, შესაბამის პერიოდში მოქმედ მე-10 და მე-11 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-10 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საჯაროდ გავრცელდა 26.09.2017 წელს ჩაბარებულად ჩაითვალა 16.10.2017 წელს (ელექტრონულად გაეცნო 16.11.2023 წელს), საჩივარი კი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 16.11.2023 წელს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ დაუმტკიცებია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
პორტალით არ სარგებლობს 2016 წლის ბოლოდან. 16.11.2023 წელს გახსნა და გაეცნო 2.12.2016 წლის სამართალდარღვევის ოქმს, რომლის შესახებ არ იყო ინფორმირებული, როგორც პორტალზე მისი გაცნობით ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ მისი ფოსტის მეშვეობით წერილობითი ფორმით გამოგზავნის გზით.
ხსენებულ სანქციას და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ოქმი არ ჩაბარებია სათანადო წესით და მას გაეცნო, როგორც შემოსავლების სამსახურიც აღნიშნავს 16.11.2023 წელს, როდესაც ხანდაზმულობის ვადა, 3 წელი, გასული იყო.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ხსენებული ოქმი საჯაროდ გავრცელდა კანონმდებლობის გათვალისწინებით, კერძოდ:
„შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.“
პირობა: „ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;“ - მისი ინფორმაციით არ შესრულებულა, მისთვის არ არის ცნობილი და არც ხსენებულ სამსახურ წარუდგენია მტკიცებულება, რომ პირობა შესრულდა, შესაბამისად მისი რეალობის დამადასტურებელი საბუთი არ არის დართული გადაწყვეტილებაზე. ამავე დროს არის/იყო სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და ამავე გვერდზე გაცნობა მოხდა 2023 წელს.
შესაბამისად ოქმის საჯაროდ გავრცელების საფუძველი არ იკვეთება. ითხოვს ხსენებული ოქმი ძალადაკარგულად იქნას ცნობილი და არსებული სანქცია გაუქმდეს. წინა პერიოდებში არ დაჯარიმებულა და გადასახადებს იხდის კანონმდებლობის შესაბამისად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომსახურების დეპარტამენტის სადავო საგადასახდო სამართალდარვევის ოქმის გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 15.01.2024 წლის №2580-21-11 წერილზე, რომლის მიხედვითაც მომჩივანს მომსახურების დეპარტამენტის 2.12.2016 წლის №011-5930 საგადასახდო სამართალდარვევის ოქმი გაეგზავნა ელექტრონულად გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც მომჩივანი გაგზავნიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომსახურების დეპარტამენტის 2.12.2016 წლის №011-5930 საგადასახდო სამართალდარვევის ოქმი ადრესატს გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით, თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, 26.09.2017 წელს განხორციელდა აღნიშნული საგადასახდო სამართალდარვევის ოქმის საჯაროდ გავრცელება.
მომსახურების დეპარტამენტის 2.12.2016 წლის №011-5930 საგადასახდო სამართალდარვევის ოქმი მომჩივანს პირველად გაეგზავნა 29.06.2017 წელს მისამართზე - თბილისი, -----ის ქ. №-- გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს, („არავინ დახვდა მისამართზე, დატოვა შეტყობინება, ------ი“), ხოლო მეორედ გაეგზავნა 28.07.2017 წელს მისამართზე - თბილისი, -----ის ქ. №----, გზავნილი დაუბრუნდა გამგზავნს („შენახვის ვადის გასვლის გამო, მოუკითხავობის გამო“) საფუძვლით.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით დადგენილი წინაპირობები და შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი მომჩივანს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (საჯაროდ გავრცელებით).
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
ამგვარად, სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტების ჩაბარებულად ჩათვლის დღიდან (16.10.2017 წელი). შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 15.11.2017 წელი.
მომჩივანი სადავო აქტებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 16.11.2023 წელს.
საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 16.11.2023 წელს გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი განმარტავს, რომ პორტალით არ სარგებლობს 2016 წლის ბოლოდან. 16.11.2023 წელს გახსნა და გაეცნო 2.12.2016 წლის სამართალდარღვევათა ოქმს, რომლის შესახებ არ იყო ინფორმირებული, როგორც პორტალზე მისი გაცნობით ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ მისი ფოსტის მეშვეობით წერილობითი ფორმით გამოგზავნის გზით, ოქმის საჯაროდ გავრცელების საფუძველი არ იკვეთება. ითხოვს ხსენებული ოქმი ძალადაკარგულად იქნას ცნობილი და არსებული სანქცია გაუქმდეს.
საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.
ამგვარად, ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით და ამასთან, არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №32549 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის №011-5930 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მომჩივანი დაჯარიმდა 150 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №32549 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით და ამასთან, არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №32549 ბრძანება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( ,,ე”);